სოფელი ძეგვი, მცხეთის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ძირში მდებარეობს. როგორც ცნობილია, ძეგვზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები, რომლებიც, ერთი მხრივ, შიდა ქართლს ქვემო და ზემო ქართლთან, ხოლო, მეორე მხრივ, ბარს მთასთან აკავშირებდა. სოფელში არაერთი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა, რომელთაგან, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერი, იგივე, ძეგვის დედათა მონასტერი გამოირჩევა.
როგორც მონასტრის წინამძღვარი დედა მარიამი „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, მონასტერი დამოუკიდებელი სახით 2008 წლიდან არსებობს, მანამდე კი, მას და მონასტერთან არსებულ თავშესაფარს თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტერი მფარველობდა.
„წმინდა გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტერი დამოუკიდებელი სახით 2008 წლიდან არსებობს. მანამდე კი, ჩვენ და ეს ბავშვთა სახლი, თავშესაფარი, ფერისცვალების დედათა მონასტრის მფარველობის ქვეშ იყო და მეც ამ მონასტრის წევრი ვიყავი“, _ამბობს დედა მარიამი.
მისი თქმით, მონასტრის მფარველობის ქვეშ მყოფი თავშესაფარი 1995 წელს დაარსდა, თუმცა, მონასტრის სივრცის გაფართოება წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა.
„აქ ბავშვთა სახლი, თავშესაფარი, 1995 წლიდან ფუნქციონირებს. თუმცა, საშუალება იმისა, რომ აგვეშენებინა ტაძარი, სამონასტრო სივრცე, მონასტრის შენობა, ამის საშუალება წლების განმავლობაში არ მოგვცემია“, _ ამბობს მონასტრის წინამძღვარი.
მისი თქმით, ვიდრე მონასტერს საკუთარი შენობა ექნებოდა, ის და კიდევ 1 მორჩილი თავშესაფრის ტერიტორიაზე შერეულად ცხოვრობდნენ.
„დიდი ხანია, რაც აქ ვიმყოფები. ვიდრე მონასტერს საკუთარი შენობა ექნებოდა, თავშესაფრის ტერიტორიაზე, მე და კიდევ 1 მორჩილი, იმ ადამიანებთან ერთად ვცხოვრობდით, ვისაც დახმარება ესაჭიროებოდათ. ახლა მონასტერში 4 დედაო ვართ. როგორც ყველგან, ჩვენთანაც ისეთივე ტიპიკონი სრულდება“,_ამბობს დედა მარიამი.
წმინდა გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტრის წინამძღვრის თქმით, მონასტერს საკუთარი შენობა 3 წელია აქვს, თუმცა, უსახსრობის გამო გაზის შეყვანას დღემდე ვერ ახერხებენ.
„მონასტერში, რა თქმა უნდა, გვაქვს პრობლემები. მაგალითად, გაზი არ გვაქვს შემოყვანილი, რადგან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ალბათ, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ შემოვიყვანთ“, _ ამბობს დედა მარიამი.
ამავე თემაზე: „თავშესაფრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქველმოქმედების სახით დახმარებას“