ასე კარგად ნაცნობი ჩაის კულტურა, რომლითაც აყვავებული ეკონომიკა ადრეულ წლებში ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას უკავშირდებოდა, მერე ერთბაშად უკუსვლის გზას დაადგა და დღეს ისევ აღორძინებაზე საუბრობენ.
ჩაის რეაბილიტაციის ამბავი სარწმუნო კი უნდა იყოს, თუმცა, ძველ დიდებას დაიბრუნებს თუ არა, ეს არავინ იცის.
ასე პოპულარული ჩაის უნიკალური მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობამ მაინც არ იცის ყველაფერი _ იგი ლამის ყავამ ჩაანაცვლა და ასევე საკითხავია, უმეტესად როცა ჩაის ვსვამთ, არის კი ხარისხიანი და ნამდვილი ფერის და არომატის მქონე, უნიკალური სამკურნალო თვისებებით?
ადამიანის პირველი ნაცნობობა ამ მცენარესთან საუკუნეთა წყვდიადში იკარგება და ჩვენამდე მხოლოდ თქმულებებსა და ლეგენდების სახელით მოვიდა.
ჩაის კულტურის სამშობლო ჩინეთია და არ არსებობს სახოტბო სიტყვა, რომელიც ჩინელს არ გამოეყენებინოს ამ მცენარის შესამკობად. ისინი ამბობდნენ, რომ ჩაი ამხნევებს, ჩაი აფხიზლებს გონებას, ახალისებს გულს, ხსნის დაღლილობას და ა. შ.
აფასებდა რა ჩინელი ჩაის, როგორც გამამხნევებელ და გამახალისებელ სასმელს, როგორც სამკურნალო საშუალებას და საკვებ პროდუქტს, საიდუმლოდ ინახავდა ამ კულტურის მოშენების და მოვლის ცოდნას და გამოცდილებას, ჩაის დამზადებისა და ნაყენის დაყენების წესს.
ჩაის თესლის ან თვით ჩაის მცენარის სახელმწიფო საზღვრებს გარეთ გატანა სასტიკად აკრძალული იყო და კანონით ისჯებოდა. მიუხედავად ამისა, მაინც მოხერხდა მისი ჩინეთიდან გატანა იაპონიაში, მე-17 და მე-18 საუკუნის ბოლოს კი _ ინდონეზიასა და ჰოლანდიაში. ევროპაში ჩაის კულტურა ინგლისელებმა შეიტანეს _ მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან ინგლისის გემები დიდი რაოდენობით ჩაის ეზიდებოდნენ ჩინეთიდან. ამ პერიოდში ინგლისში ჩაის სვამდა მოსახლეობის ყველა ფენა, მიუხედავად სიძვირისა. მისმა სიძვირემ და სიმცირემ მე-17 საუკუნეში “ჩაის აჯანყებაც” კი გამოიწვია, რომელიც ბოსტონში მოხდა. მიზეზი ამისა იყო ინგლისის მიერ ამერიკაში შეტანილი ჩაის სიძვირე, რაც დიდმა საბაჟო გადასახადმა გამოიწვია.
ჩაის ნაწარმი რუსეთში 1638 წელს გამოჩნდა, ჩაის კულტურა კი 1833 წელს გავრცელდა. საქართველოში 1847 წელს ასახელებენ, როცა ჩაის რამდენიმე მცენარე ოზურგეთის სააკლიმატიზაციო სანერგეში ჩამოიტანეს. ოზურგეთიდან ჩაის ბუჩქის ნერგები, 1857 წელს, მიხეილ ერისთავმა გადაიტანა ჩოხატაურში _ გორაბერეჟოულის ბაღში. მან პირველმა გააშენა საქართველოში ჩაის სამრეწველო პლანტაცია და მოკრეფილი ჩაისგან, კუსტარული წესით, პირველად დაამზადა ბაიხის ჩაი.
მეჩაიეობის განვითარებას საქართველოში დიდად შეუწყო ხელი 1925 წელს სააქციო საზოგადოების _ “საქართველოს ჩაი” დაარსებამ, რომელსაც ევალებოდა სუბტროპიკული რაიონების ტერიტორიული, გეობოტანიკური, კლიმატური და სხვა ნიშნით შესწავლა.
ჩაის მცენარეზე პირველი სამეცნიერო კვლევითი მუშაობა 1901 წელს ოზურგეთში ზვანის ტერიტორიაზე დაიწყო, თამბაქოს საცდელ პუნქტში. 1930 წელს კი, ოზურგეთში, ანასეულში დაარსდა ჩაის მეურნეობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.
ადამიანის ორგანიზმზე ჩაის სასარგებლო გავლენა უხსოვარი დროიდან იყო მიჩნეული და თაობებს გადაეცემოდა. იგი ემყარებოდა ხალხის უშუალო დაკვირვებას, რომელიც მოკლებული იყო ელემენტარულ მეცნიერულ ანალიზს. ამჟამად კი დადგენილია, რომ ჩაის მცენარე გამოიმუშავებს მრავალ ძალზე სასარგებლო ბიოაქტიურ ნივთიერებას, რომლის ნაწილი ჩაის ნაყენში გადადის და ხდის მას ადამიანის ორგანიზმისთვის უაღრესად სასარგებლო სასმელად.
ჩაის უმნიშვნელოვანესი თვისება არის მასში კოფეინის და ვიტამინების შემცველობა, რომელიც აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას; ხშირად ხსნის თავის ტკივილს, რაც კოფეინის ტკივილგამაყუჩებელი უნარით უნდა აიხსნას; უდიდეს დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე; იწვევს კუჭის ლორწოვანი სეკრეციული ჯირკვლების აგზნებას და კუჭის წვენის გამოყოფის გაძლიერებას, რითაც აღიძვრება მადა და ადამიანი დილით ფინჯან ჩაისთან სიამოვნებას იღებს.
ხალხური მედიცინა ჩაის ნაყენის ანტისეფსისურ და ბაქტერიოციდულ თვისებას აღიარებს _ ხალხში მიღებულია თვალის ლორწოვანი ანთების დროს, თვალის ჩაის გრილი ნაყენით ამორეცხვა.
უდიდესია ჩაის, როგორც წყურვილის მომკვლელი და გამაგრილებელი სასმელის როლი ადამიანისთვის; მას გააჩნია რადიაციის საწინააღმდეგო თვისებებიც.
მართალია, ჩაის მომხმარებელი ჰყავს და ეყოლება, მაგრამ ადამიანი მაინც თავიდან უნდა მიუბრუნდეს მას, როგორც სიცოცხლისა და სიხალისის ელექსირს, რომელსაც მსოფლიოს მეცნიერები “მსოფლიო საუნჯეს” უწოდებენ.
ცისანა ქაშაკაშვილი,სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი