თითქოს ჩვეულებრივი და მაინც ყველასგან განსხვავებული ქალბატონია ნაზი რუსიეშვილი. თითქოს ჩვეულებრივი და მაინც ყველასგან განსხვავებულია მისი ეზო-კარი, რომელიც უმეტესად შემოდგომის ყვავილებითაა სავსე _ ქრიზანთემების საუცხოო ჯიშები, უმეტესად თეთრად, ყვითლად და შინდისფრად ანათებენ.
ნაზი რუსიეშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ცხოვრობს და საკუთარი ეზო-კარის მოქარგვის საკუთარი ხელწერა აქვს:
_ მიმოიხედეთ ირგვლივ და რამდენ კარმიდამოს ნახავთ, გაზაფხულზე და ზაფხულში რომ ყვავილებშია ჩაძირული. ვარდების ზეიმი ხომ თითქმის ყველგან არის, თუმცა, დააკვირდით, შემოდგომასა და ზამთრის დასაწყისში როგორ “გაპუტულია” ეზოები. რატომ? იმიტომ, რომ შემოდგომის ყვავილები ნაკლებად აქვთ. ქრიზანთემების ნათებას ნაკლებად დაინახავთ. არადა, რომ იცოდეთ, როგორი მზის ენერგია შემოაქვთ სულში, სახლში. მე ასე ვუდგები ამ საკითხს _ ზამთარი როცა ახლოვდება და დღე ძალიან იკლებს, მზის ნათება მცირდება, ასე მგონია, რომ ეს სასწაული ყვავილები ბუნებას ეხმარება, იგივე მზეს ეხმარება სითბოსა და შუქის გამოსხივებაში. მავსებს მეც და ჩემს სახლსაც, შეხედეთ და დარწმუნდებით, თუ ამინდმა ხელი შეუწყო, დეკემბერსა და იანვარშიც ასე უშურველად კაშკაშებენ. უმეტესადაც ასეა, რადგან აქ ნაკლებად ცივა, ზღვა ახლოა… მოკლედ, შემოდგომის ყვავილებს ჩემში მზე შემოყავს, _ გვეუბნება ის და კალათებად შეკრული ნაირფერი თაიგულების მწკრივს მიუყვება. სურს, დავუჯეროთ, რომ ქრიზანთემა არა მარტო შემოდგომის, არამედ მისი სიმბოლოცაა. უფრო თეთრი და ყვითელი ფერები უყვარს. სინათლესთან და მზესთან რაც ასოცირდება, სიცოცხლეს მმატებსო, ამბობს.
ნაზი რუსეიშვილი გვიამბობს, რომ ქრიზანთემების ორასამდე ჯიში არსებობს და შეუძლებელია, ყველა სახეობა ოჯახში ჰქონდეს. მით უფრო, რომ ის მხოლოდ მოყვარულია. თუმცა, არც ისე დადებითი დამოკიდებულება აქვს ქრიზანთემების სელექციონერების მიმართ.
_ არ მიყვარს ჯუჯა და ოთახის ჯიშები. სითბოსა და ოთახში მოყვავილე მცენარეების მეტი რა არის?! აი, ამათ ვეტრფი _ ნაკვთებიანი კიდეებით, სიმაღლითა და ფერებით გამორჩეულ ეზოს ჯიშებს, დილაუთენია რომ შემომანათებენ კარში გამოსვლისთანავე და დაზამთრებამდე რომ ერთგულად მიმყვებიან. მიყვარს ეს სასწაული მეგობრები და მინდა, ყველამ იზრუნოს, ზამთრისპირს ჰქონდეს კარმიდამოში ასეთი ფერების სიუხვე. მოვლაც არ სჭირდება განსაკუთრებული, _ გვიხსნის ქალბატონი ნაზი ქრიზანთემების ბუნებას და ერთ თავისებურებაზეც ამახვილებს ყურადღებას, _ ვარდივით ამასაც უყვარს გასხვლა და როგორც ზედმეტ სიცივეს, ისე ზედმეტ სითბოს ვერ იტანს.
ქრიზანთემების მოვლის ხელოვნებას ჩვენი მასპინძელი უმეტესად ტენიანი გრუნტით ახერხებს, რომელიც ზომიერი უნდა იყოს. ხმელი ფოთლების და ზედმეტი კოკრები ამოცლა ხშირად სჭირდება, თუმცა კოკრების დატოვება თუ მოშორება მაინც სურვილზეა დამოკიდებული, რადგან ქრიზანთემა მცირე ზომის ბურთებს მაინც იკეთებს და ყვავილობას არ წყვეტს. მთავარია, ფხვიერი და ნოტიო მიწა ჰქონდეს.
_ შეგიძლიათ, შტამბური ფორმაც მისცეთ, ღეროებს სათითაოდ თუ ავუყვებით და გვერდებზე ყველა კოკორს შემოვაცლით, წვეროზე კი ერთს დავტოვებთ. ის ზომით გაცილებით დიდი გაიზრდება. ეს სურვილზეა დამოკიდებული. მე ასეც ვაკეთებ და პირიქით, გარკვეულ ნაწილს საერთოდ არ ვაცლი კოკრებს. მერე ეს სხვადასხვა ჯიშისა ჰგონიათ, მაგრამ ასე არ არის, _ გვაჩვენებს ქალბატონი ნაზი ასეთი მიდგომით “შექმნილ” დიდი და მცირე ზომის ქრიზანთემების თავთავებს.
ზამთარში, მოგვიანებით, როცა ქრიზანთემები ყვავილობას დაასრულებენ, ძირამდე ჭრის, შემოუბარავს, ცოტა აზოტოვან სასუქსაც აძლევს და ასე ელოდება გაზაფხულს. მოყვარულებს ურჩევს, გადარგვა ადრე გაზაფხულზე, ფესურას ჩაჭრით მოახდინონ. ასე უფრო მრავლდება და გაყოფაც არ ეტყობა. ისე კი ღეროებით _ დაკალმებითაც ახარებს სილანარევ ნიადაგში, ცნობილ მეთოდებს იშველიებს და ასეთი მიდგომით შემოდგომიდან ზამთრის დასაწყისამდე მის კარმიდამოში ქრიზანთემების ფერადი ფარდების სიუხვეა.
ნაზი რუსეიშვილის ერთადერთი ვაჟი მიშიკო კეჭაყმაძე, რომელსაცჩვენი ახალგაზრდული გაზეთის მკითხველები კარგად იცნობენ, შორეულ ამერიკაში სწავლობს და დედა საშობაოდ ელოდება.
_ მინდა, დეკემბრის ასე თბილი დღეები იანვარშიც გაგრძელდეს და სტუმრად ჩამოსულ ჩემს შვილს ქრიზანთემებმა ჩემთან ერთად უმასპინძლონ. ამ ყვავილებს ჩემთვის აცივების ჟამს იმდენი ენერგია მოაქვთ, რომ არა ესენი, სევდა და სიცივე დამაუძლურებდა, _ ასეთი სიტყვებით გვემშვიდობება ქრიზანთემების წრეში მდგარი ქალბატონი და სურს ყველა კარმიდამოში ისევე იყოს გადმოფენილი ქრიზანთემების კალათები, როგორც გაზაფხულზე ვარდების ფარდებითაა მორთული.