საქართველოს მოსახლეობის 13%-სათვის განათლება ეროვნულ საკითხებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. NDI-ს ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ზუსტად ეს რაოდენობა ასახელებს განათლების სფეროს ნომერ პირველ პრიორიტეტად. საერთო ჯამში კი, იგი მერვე ადგილზეა სამუშაო ადგილების (54%), ინფლაციის (35%), სიღარიბის (30%), პენსიების (25%), ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების (23%), ტერიტორიული მთლიანობისა (23%) და ხელფასების (20%) შემდეგ.
შედეგები განსხვავებულია უშუალოდ დედაქალაქში გამოკითხული მოსახლეობის პასუხების მიხედვით. თბილისში განათლება ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად 29 %-ს მიაჩნია.
ამავდროულად, გამოკითხულთა 8% (თბილისში 11%) ფიქრობს, რომ მათ სოფელში/ქალაქში ყველაზე მწვავედ სკოლების კეთილმოწყობის საკითხი დგას. 7%-სათვის საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა, 4 %-ისათვის კი საბავშვო ბაღებში არსებული პირობებია ყველაზე მტკივნეული.
საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ პრობლემებს, გამოკითხულთა 12%-ის აზრით, ადგილობრივი მთავრობა თავს ცუდად ართმევს. 47 %-ისათვის ამ კუთხით მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოები დამაკმაყოფილებელია, 32 % კი მის ძალისხმევას დადებითად აფასებს.
NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევის შედეგები საზოგადოებას დღეს წარუდგინეს. საველე სამუშაოები 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) წარმომადგენლობითი შერჩევით გამოიკითხა 2 298 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.