მთავრობის განკარგულებით, გასული წლის დეკემბერში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს, ოქტომბერში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების გახორციელებისთვის სამი მილიონ 200 ათასი ლარი ერგო. მიმდინარე წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის, როგორც შემოსავლის, ისე ხარჯვით ნაწილში აღნიშნული თანხის ასახვის მიზნით საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოება უკვე დაწყებულია და უახლოეს სხდომაზე უმრავლესობა, დიდი ალბათობით, დაამტკიცებს კიდეც.
როგორც ირკვევა, 2017 წლის დეკემბერში გამოყოფილი თანხის ათვისება დროის სიმცირის გამო, ვერ მოესწრო და ნაშთად დარჩენილი ეს თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტის ასათვისებელი გახდა.
აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ცვლილება იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციას წარმოადგენენ, კრიტიკის საგანი გახდა.
„სტიქია ოქტომბერში მოხდა, თანხა მთავრობამ დეკემბერში გამოყო და ლიკვიდაცია ხდება ახალი წლიდან, ეს სტიქია არ არის“, _ ამბობენ ოპოზიციის წარმომადგენლები.
ოპოზიციისგან განსხავებით ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებას უმრავლესობა ერთსულოვნად ემხრობა.
„მთავრობამ კეთილი ნება გამოიჩინა და ფული გამოგვიყო, ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ მუნიციპალიტეტს რეალურად დავატყოთ გაკეთებული საქმე“, _ ამბობენ უმრავლესობაში.
თუმცა, ირკვევა რომ, ჯერჯერობით, ბოლომდე გარკვეული არაა, კონკრეტულად, სად და რა ობიექტების რეაბილიტაციას მოხმარდება მთავრობის მიერ გამოყოფილი სამი მილიონ 200 ათასი ლარი.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ლევან ჩხაიძის ინფორმაციით, ზემონახსენები თანხიდან 108 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციას მოხმარდება. ხოლო ჯურუყვეთისა და ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების დაზიანებული სახურავის შესაკეთებლად 62 ათასი ლარის გახარჯვაა გამიზნული. საამისოდ ტენდერი უკვე გამოცხადებულია, მაგრამ დანარჩენი თანხის ასათვისებლად, ჯერ დაზუსტებული არ არის სალიკვიდაციო ობიექტების სრული ნუსხა, ანუ კონკრეტულად რომელ სოფელში რას მოხმარდება ეს თანხა.