ფრაქცია ,,ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე ნარკოპოლიტიკის ახალ კანონპროექტს აფასებს. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, კანონპროექტში უამრავი სადავო საკითხია. ნოზაძის განცხადებით, საქართველომ სრულყოფილი კანონპროექტის მისაღებად სხვა ქვეყნების გამოცდილება უნდა გაიზიაროს.
,,მხარს არ ვუჭერ ნარკოპოლიტიკის კანონში წარმოდგენილ გარკვეულ ცვლილებებს. რა თქმა უნდა, უბრალო მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში არ უნდა ჩავსვათ, მაგრამ გასათვალისწინებელია რა სახის ადმინისტრაციული სასჯელი იქნება მათზე გათვალისწინებული. მაშინებს ის, რომ ჩემმა გადაწყვეტილებამ ახალგაზრდას ნარკოტიკების მოხმარებისკენ არ უბიძგოს, ეს უმთავრესი ამოსავალია ჩემთვის. ნარკოტიკების გარკვეული ნაწილის დეკრიმინალიზაცია შესაძლებელია, მაგრამ ლეგალიზაციაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. არ შეიძლება ქვეყანა ნარკოტურიზმად გადავაქციოთ. საქართველოში პორტუგალიიდან ჩამოვიდნენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს. გარდა ამისა, ვესაუბრე ამ საქმეში ჩახედულ პროფესიონალ ადამიანებს და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თუ საქართველოში ნარკოტიკების ლიბერალიზაცია მოხდება 10-12 წლის განმავლობაში ნარკომომხმარებელთა რაოდენობა გაიზრდება, ამ პერიოდის შემდეგ კი მომხმარებელთა კლება დაიწყება. ქართველები მაქსიმალისტები ვართ, ამიტომ ნარკოპოლიტიკის კანონთან დაკავშირებით აჩქარება არ ღირს. ჩვენ დავაკვირდებით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩემთვის სრულიად გასათვალისწინებელი და მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია“, _ განაცხადა სიმონ ნოზაძემ.