საფრთხის შემცველი ვაქცინის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა.
როგორც ბრიფინგზე სსიპ „ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.
მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა აღნიშნულ საკითხზე აუდიტის სამსახურს არგუმენტირებული პასუხი რამდენჯერმე გასცა და აუდიტის სამსახურის დათანხმებაც შეძლო.
„გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია ერთ-ერთმა პუბლიკაციამ, რომელიც შეეხო იმუნიზაციის პროცესს. პირველ პუნქტად, მინდა დავაფიქსირო, რომ ის, რაც წერია პუბლიკაციაში რეალობას არ შეესაბამება. ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ცენტრს გაცემული აქვს რამდენიმეჯერ არგუმენტირებული პასუხი აუდიტის სამსახურისათვის. მათ შორის, გუშინ წინ, სპეციალური სხდომა შედგა აუდიტის სამსახურში, სადაც ჩვენებმა დაუსაბუთეს იმ საკითხის მართებულობა, რაზეც დღეს აუდიტის სამსახურის პუბლიკაციამ გამოიწვია აჟიოტაჟი. აუდიტის სამსახური დაეთანხმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის არგუმენტებს და იყო შეპირება, რომ ეს საკითხი მოიხსნებოდა. არ მინდა ვიფიქრო, რომ გამიზნულად ხდება ქვეყანაში დისკრედიტაცია უმნიშვნელოვანესი ჯანდაცვითი ინტერვენციისა, რაც დაკავშირებულია იმუნიზაციასთან და მოსახლეობის ვაქცინაციასთან. მოგეხსენებათ, რომ მედიცინის ისტორიის ბოლო 200 წლის განმავლობაში ამაზე უფრო უკეთესი ინტერვენცია ჯერ საზოგადოებას არ მოუგონია, რომელმაც გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე“,_ამბობს გამყრელიძე.
ის ასევე აღნიშნავს, რომ დღეს აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში საუბარი ცოფის ვაქცინას შეეხება და არა გეგმიურ ვაქცინებს.
„დღევანდელი პუბლიკაციის სათაურში არ არის ნახსენები, რომ ეს ვაქცინა გახლავთ ცოფის ვაქცინა და არა ის გეგმიური ვაქცინები, რომლებიც ჩვენს ბავშვებს უკეთდებათ კალენდრის მიხედვით. ეს საკითხი ეხება ცოფს. ცოფი, მოგეხსენებათ, გახლავთ 100%-ით სასიკვდილო დაავადება. თუ ადამიანს ცოფი განუვითარდა, ჯერჯერობით, მედიცინა ამ დაავადების წინააღმდეგ უძლურია. ერთადერთი _ ცოფი იმართება ვაქცინების საშუალებით“, _ ამბობს ის.
გამყრელიძე ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ადამიანის ცოფის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი ჯანდაცვის სექტორის გახლავთ ის, რომ წყვეტა ვაქცინებით მომარაგებაში არ ყოფილა. უმჯობესდება ქვეყანაში აცრები მთლიანად და მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო, სწორედ შედეგია ის, რომ პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში, ბოლო 3წელია 2015, 2016 და 2017 ქვეყანაში არცერთი ადამიანის ცოფის შემთხვევა არ არის დაფიქსირებული“, _ ამბობს ის.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი აცხადებს, ვაქცინა ქვეყანაში 2015 წელს შემოვიდა და მთელი წლის განმავლობაში არცერთი გვერდითი ეფექტი არ გამოვლენილა.
„ეს ვაქცინები 2015 წელს შემოსულია ქვეყანაში ყველა იმ წესის დაცვით რასაც ჩვენი საკანონმდებლო სივრცე ითვალისწინებს. ვაქცინა იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. ეს ვაქცინა გამოიყენებოდა ქვეყანაში მთელი 2015 წლის განმავლობაში და არცერთი გვერდითი მოქმედების შემთხვევა ან სერიოზული გართულება არ ყოფილა დაფიქსირებული, როგორც ვაქცინის შემოტანიდან, ასევე ვაქცინის ამოღებიდან პროცედურებში“, _ ამბობს ის.
გამყრელიძე ასევე აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოითხოვა 2016 წლის იანვარში გამოითხოვა ვაქცინის პრეკვალიფიკაცია, რის გამოც ქვეყანაში 2016 წლის მარტიდან სხვა ვაქცინა გამოიყენება.
„2015 წლიდან ერთ-ერთი დიდი მიღწევა გახლავთ ის, რომ ქვეყანაში ცოფი არ გვაქვს. როდესაც, სამწუხაროდ, მთელი 90-იანი წლების განმავლობაში გვქონდა 10-15, პიკი იყო 21 ცოფის შემთხვევა ქვეყანაში, შემდგომ ყოველწლიურად იყო 3, 4, 5 შემთხვევა 2015 წლიდან ცოფის არცერთი შემთხვევა ქვეყანაში არ არის და სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი დამსახურება ქვეყანაში იმუნიზაციის გამართვისა“, _ ამბობს ის.
„დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალურმა დირექტორი აუდიტის სამსახურს კიდევ ერთი შეხვედრის გამართვისკენ მოუწოდებს.
„სამწუხაროდ, დღეს პრესაში ჩნდება მცდელობა, მე არ მინდა კიდევ ვიფიქრო, რომ ამას კიდევ გამიზნული დანიშნულება აქვს. მოვუწოდებ აუდიტის სამსახურს კიდევ გაიმართოს შეხვედრა ჩვენთან, რათა დარწმუნებული ვარ, რომ აუდიტის სამსახურმა ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი განმარტება უნდა გააკეთოს“, _ განაცხადა გამყრელიძემ.