19 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთს _ ნათლისღებას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა დილიდანვე ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.
ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საღვთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს
საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარი წმინდა სინოდის წევრებთან ერთად წყალს აკურთხებს. წყლის დიდი კურთხევა ანუ დიდი აიაზმა ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში სრულდება. ნაკურთხ წყალს უდიდესი ძალა აქვს და მას მორწმუნეები ოჯახში მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.
როდესაც იესო ქრისტე მივიდა წმინდა იოანე ნათლისმცემელთან, რომელიც ამ დროს მდინარე იორდანეში ხალხს ნათლავდა და თან მაცხოვრის ამქვეყნად მოსვლის შესახებ ქადაგებდა, წმინდა იოანე მიხვდა, რომ ის, ვინც მის წინ იდგა სწორედ ის იყო, ვის გამოჩენასაც არა მარტო იოანე ნათლისმცემელი, არამედ მთელი კაცობრიობა ადამ და ევადან მოყოლებული ელოდა. და ის, ვისაც ადამიანები თვითონ უნდა ეხსნა და გაენათლებინა, ახლა მასთან იყო მისული.
„მე მეკუთვნის შენგან ნათლისღება და შენ ჩემდა მოხუალ? „–მხოლოდ ეს ჰკითხა მაცხოვარს უფლის წინამორბედმა. იესო ქრისტემ წმინდა იოანე ნათლისმცემელს შეახსენა, რომ ის უნდა შეესრულებინა, რაც ღვთისგან ჰქონდა დავალებული. როდესაც მაცხოვარი იორდანეში ჩავიდა და წყალი განწმინდა, იესო ქრისტეს თავზე მტრედის სახით სულიწმინდა დაადგა და ზეციდან გაისმა ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ“.