საერთაშორისო უფლებადამცავმა ორგანიზაციამ Human rights watch-მა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, 643-გვერდიანი ანგარიში აფასებს გასულ წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ პრაქტიკას 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს არ გააჩნია ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად, გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შეშფოთებას იწვევს მდგომარეობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, შრომის უფლებების, მედიის თავისუფლებისა და ლგბტ თემის უფლებების დაცვის კუთხით.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე ,,გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ პრობლემების შესახებ, რომლებიც 2018 წლის ანგარიშში მოხვდა, სამოქალაქო სექტორი წლებია საუბრობს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სახელმწიფოს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობლობისკენ მოუწოდებს.
,,დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საჭიროებაზე წლებია საუბრობს სამოქალაქო სექტორი. ის, რომ, რიგ შემთხვევებში, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სამართლდამცავთა მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამოძიების შემთხვევები არ არის ახალი, მაგარამ ის გარემოება, რომ ამის შესახებ საუბარია უმნიშვნელოვანეს ანგარიშში, კიდევ ერთხელ აჩვენებს პრობლემის სიმწვავეს. სახელმწიფომ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები და რეალურად ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბებას, რომელიც მეტ გარანტიას შექმნიდა, რომ ასეთი ტიპის საქმეები გამოძიებული იყოს. ცხადია, ანგარიში არ შემოიფარგლება მხოლოდ დამოუკიდბელი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბებაზე, აქ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც არის საუბარი, რომელთა შორის, მედიის თავისუფლების კომპონენტი და ორი მნიშვნელოვანი საკითხია გამოყოფილი, ეს გახლავთ გასულ წელს რუსთავი 2 -თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები და საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული საკითხები“, _ განაცხადა სულხან სალაძემ.
Human rights watch -ის ანგარიშში მოხვდა ნარკოპოლიტიკასთან, შრომის უსაფრთხოებასთან, გენდერულ თანასწორობასთან და საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები. როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, საერთაშორისო დონის ორგანიზაციის დასკვნა პრობლემების სიმწვავეზე მიუთითებს.
,,საყურადღებოა ის, რომ ანგარიშში სათანადო ადგილი უჭირავს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ ჩანაწერებს, შრომის უსაფრთხოების საკითხებსა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებთან დაკავშირებით არსებულ ჩანაწერს, რომელიც ნათლად მიუთითებს იმ პრობლემაზე, რომელიც წლებია გვაწუხებს. უნდა გამოვყოთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის სექსუალური ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული შეფასებები, საკონსტიტუციო ფორმა და მასთან დაკავშირებული მოვლენები. ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ თავიდან იყო მცდელობა, რომ საკონსიტუციო ცვლილებები ყოფილიყო ერთობლივი კონსენსუსის შედეგი, რაც, სამწუხაროდ, არ იქნა მიღწეული. ძალიან ბევრი საკითხი, რომლებზეც სამოქალაქო სექტორი წლების განმავლობაში საუბრობდა, არის ასახული ამ ანგარიშში და თუკი ჩვენი ხელისუფლება გვესაუბრება იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო სექტორის შეფასებები, შესაძლოა, არ იყოს თანხვედრაში არსებულ რეალობასთან, ვეტყოდით, რომ ეს ის პრობელმებია, რომლებსაც საერაშორისო დონის ორგანიზაებიც ხედავენ “, _ თქვა სულხან სალაძემ.
საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაცია (HRW) ხაზს უსვამს, რომ 2016 წლის ნოემბრიდან ანგარიშის მომზადების მომენტამდე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 25 საჩივარი მიიღო წამებისა და არასათანადო მოპყრობის თაობაზე, რომელთაგან 20 საჩივარი _ პოლიციის მიერ, ხოლო 5 საჩივარი ციხის პერსონალის მიერ წამებასა და არასათანადო მოპყრობას ეხებოდა. 2014 წლიდან ანგარიშის მომზადების მომენტამდე კი პროკურატურამ, სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე გამოძიება დაიწყო სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის 63 ფაქტზე, თუმცა, ამ გამოძიებებს შედეგად არც ერთი სისხლისსამართლებლივი პასუხისმგებლობა არ მოჰყოლია.