1905 წელს გურიის კომიტეტმა გაავრცელა დავალება, რომ ისეთი ხალხი მოეძებნათ, რომლებიც ტერორისტული აქტების შესრულებას შეძლებდნენ. იწყება გურული ტერორის ექსპანსია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ. ტერორისტული აქტების მოწყობაში, ბანკების, ფოსტებისა და მატარებლების ძარცვაში გურულებს ბადალი არა ჰყავდათ. საყოველთაოდ ცნობილია შემოქმედელი ფირალის და ტერორისტის ნესტორ კალანდარიშვილის, იგივე `ციმბირელი პაპას სახელი, რომელიც პარტიებს და მრწამსს, როგორც ხელთათმანს ისე იცვლიდა. ციმბირელ პარტიზანებს შორის ისეთივე პოპულარობით სარგებლობდა, როგორითაც ნესტორ მახნო უკრაინელ აჯანყებულებში. კალანდარიშვილი ნაღდი ბოევიკი იყო, რომელიც თავგამოდებით ებრძოდა “რევოლუციის მტრებს” და რუსულ თვითმპყრობელობას. მას არაერთი ბრწყინვალე ოპერაცია აქვს ჩატარებული; ტერორისტულ და ექსპროპრიაციულ საქმეებში კალანდარიშვილს კამოს ადარებდნენ, თუმცა კამო, ჩემი ღრმა რწმენით, მაინც ბოლშევიკების მიერ ზედმეტად გაპიარებული პიროვნებაა.
ნესტორ კალანდარიშვილის მიერ იყო დაგეგმილი გემი “პუშკინის” გაძარცვა, რომელიც იდეალური სიზუსტით განხორციელდა. 10-კაციანი ჯგუფი ბაუმიდან გამოსულ თბომავალიში მესამე კლასის ბილეთებით შევიდა, მეორე 10 კაციანი ჯგუფი მეორე კლასის ტრიუმში მოეწყო, მესამე ათკაციანი ჯგუფი – მოწიწებით მისდევდა ორი მაღალი რანგის ,,მღვდელს”, რომლებიც ათონის მთაზე მოსალოცად მიდიოდნენ. ამ ,,სასულიერო პირთაგან” ერთ-ერთი სოსო დავრიშევი იყო, ცნობილი რევოლუციონერი და ტერორისტი. ღრმა მოწიწების გამოხატავად სასულიერო პირები საკუთარ კაიუტაში სასაუბროდ თავად გემის კაპიტანმა მიიწვია.
როცა გემი სოხუმს მიუახლოვდა, მოულოდნელად ბაქანზე ყუმბარა გასკდა, ამ ნიშანზე შეიარაღებულმა ტერორისტებმა გემის მგზავრები და გემის ეკიპაჟიც რესტორნის დარბაზში შეიყვანეს, კაპიტანი კი ტრიუმში ჩაკეტეს. ოდესის ბანკისთვის განკუთვნილი ასიგნაციები ტერორისტებმა ნაპირზე გადაზიდეს, სადაც მათ თავადი შერვაშიძე შეხვდა და ნაძარცვი დააბინავა.
მეორე მაგალითი: სოციალ-ფედერალისტების მიერ შვეიცარიაში ნაყიდი იარაღი ოდესიდან გემი ,,ლიბავათი” უნდა გადმოეტანათ. დატვირთული გემი კონსტანტინოპოლში უნდა შესულიყო. მის დასახვედრად იქ ჩავიდა ნეხტორ კალანდარიშვილი, რომელმაც შეიტყო რომ მთავრობა გემს ელოდებოდა. კალანდარიშვილმა სპეციალურად შეძენილი კატერით ქალაქიდან 150 ვერსის მოშორებით მისცურა გემთან, გააჩერა. შემდეგ სხვა ფერად გადაღება, სახელი შეუცვალა და პორტში ისე შევიდა, არავინ დაეჭვებულა.
ბოლოს ნესტორ კალანდარიშვილი ბოლშევიკებს მიეკედლა და 1922 წლის 6 მარტს იაკუტსკის მახლობლად ბრძოლაში მოკლეს.