შს მინისტრი მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის ნარკოტიკების შესაძლო ჩადების ფაქტზე პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა. გიორგი გახარიას განცხადებით, გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე იმოქმედებენ.
მისივე თქმით, თუ პოლიციელი უფლებამოსილებას გადაამეტებს, სახელმწიფო ორჯერ მომთხოვნი იქნება.
“ყველგან, სადაც პოლიციელის ღირსება იქნება შელახული, ჩვენ ვიქნებით პრინციპული. ასევე ზუსტად, როდესაც პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ექნება ადგილი, ვიქნებით ორჯერ უფრო მომთხოვნი. ჩვენ დაველოდებით პროკურატურის გამოძიების დასრულებას. თუ დადგინდა, რომ ჩვენმა თანამშრომლებმა ჩაიდინეს დანაშაული ან გადაამეტეს უფლებამოსილებას, ჩვენ მოვიქცევით შესაბამისად”, _ განაცხადა გიორგი გახარიამ.
პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან გიორგი გიორგანაშვილის(ბახალა) მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გიორგანაშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოაცხადოს.