ვიდეო, სახელწოდებით _ „როგორ მიმდინარეობს სწავლა საქართველოში“, რომელიც აქტიურად გავრცელდა სოციალურ ქსელში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლაშია გადაღებული. აღნიშნულ ვიდეოს საკმაო გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში და ფეისბუქკომენტარებისას აგრესია ვიდეოს გმირ სკოლის მოსწავლეზე მოდის. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ნინო ჩიტაძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით ეს კადრები ერთ-ერთმა მოსწავლემ არა ინგლისურის გაკვეთილის მიმდინარეობისას, არამედ დიდი შესვენების დროს გადაიღო.
„ვიდეოს სოციალურ ქსელი გავრცელების შემდეგ ეს ფაქტი მოვიკვლიე და როგორც სკოლის დირექტორისგან მივიღე განმარტება აღნიშნულ ფაქტს ადგილი დიდი დასვენების მიმდინარეობისას, ინგლისურის გაკვეთილის დაწყებამდე ჰქონდა. საკითხი დამატებითი შესწავლის მიზნით სკოლის დისციპლინალურ კომიტეტს გადაეცა და დამატებითი მოკვლევის სტადიაშია“, _ ამბობს ჩიტაძე.
ერთ-ერთი, ვინც გავრცელებულ ვიდეოკადრს ეხმაურება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავაა.
„ასეთი გამოვლინებები და გადაცდომების მოლოდინში კარგა ხანია ვართ, ამიტომაც დავწერე პროექტი _ „ჩვენი უფლებები ონლაინ“ და განვახორციელე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის. მასში მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა ჩაერთო, გარდა ნიგვზიანისა. სამწუხაროა, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს სკოლაც რომ ჩართულიყო ამ პროექტში, თავად ბავშვები ასეთ გადაცდომას არ ჩაიდენდნენ. ვალდებულად ვთვლი თავს, რომ პროექტი უფრო მეტად გავშალო და ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადო“, _ ამბობს აფხაზავა.