პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი არ გამორიცხავს გიორგი კვირიკაშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ შესაძლებელია, ბიძინა ივანიშვილის არჩევანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე შეჩერდეს. პოლიტოლოგის თქმით, ამჟამად ყოფილი პრემიერი მუშაობს იმ კრიტერიუმების განსაზღვრაზე, რომელსაც ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი უნდა აკმაყოფილებდეს.
,,კადრების დანიშვნის საკითხს ერთი რიგითი მოქალაქე წყვეტს, რომელსაც მოვიხსენიებ ხოლმე, როგორც კადრთუხუცესი. საქართველოს კადრთუხუცესს დიდი უფლებამოსილებები გააჩნია და დღეს თუ პრემიერ-მინისტრი უარობს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, დრო მოვა და იტყვის, არ მინდოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდაო. ჯერჯერობით, ჩვენს კადრთუხუცესს ამ თემაზე საუბარი არ ჰქონია, თუმცა, აყალიბებს იმ კრიტერიუმებს, რომლებსაც პრეზიდენტი უნდა აკმაყოფილებდეს. მომავალმა პრეზიდენტმა არც კი იფიქროს, რომ პრეზიდენტის სასახლეში დაბინავდება. ქვეყნის მთავარსარდალს გრიგოლ ორბელიანის სასახლეც დააკმაყოფილებს, სწორედ ასეთი იყო ივანიშვილის განწყობა. საქართველო, ლამის, თავდაყირა დადგა მას შემდეგ, რაც კადრთუხუცესმა აღმოაჩინა, რომ პრეზიდენტი პრივატიზაციას არ ექვემდებარება“, _ განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება. 2024 წლიდან კი ქვეყნის პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს.