საქართველოსთვის 2017 წელი უამრავი გამოწვევისა და აქტუალური პოლიტიკური მოვლენის პერიოდი აღმოჩნდა. საკონსტიტუციო რეფორმა, სამთავრობო ცვლილებები, ტერორიზმთან ბრძოლა _ ეს იმ მოვლენათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც 2017 წელს გახორციელდა. ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებსა და მიმდინარე საკითხებზე ,,გურია ნიუსი „ პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
_ ბატონო ვახტანგ, 2018 წლის ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. როგორ ფიქრობთ, არჩევნებში რა შანსები ექნება მმართველი გუნდის მიერ დასახელებულ საპრეზიდენტო კანდიდატს?
_ დღევანდელი პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, არჩევნებში ,,ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ნებისმიერი საპრეზიდენტო კანდიდატი გაიმარჯვებს. საპრეზიდენტო არჩევნებამდე დიდი დრო არის, ამიტომ შესაძლებელია პოლიტიკური ვითარება შეიცვალოს, მაგრამ დღეს არსებული პროცესების გათვალისწინებით, შემიძლია გითხრათ, რომ, ,,ქართული ოცნების“ კანდიდატი უალტერნატივო იქნება. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ვინ შეიძლება იყოს მმართველი გუნდის კანდიდატი, მათ შორის, ჯანელიძეც განიხილება, თუმცა, ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა გადაინაცვლოს ჯანელიძემ პრეზიდენტის სავარძელში მაშინ, როცა ,,ქართულ ოცნებას“ ყველაზე დიდი წარმატება საგარეო ურთიერთობებიში აქვს. მე კარგად არ ვიცნობ მმართველი გუნდის შიდა სამზარეულოს, ამიტომ რთული იქნება იმაზე მსჯელობა, ვინ შეიძლება იყოს ,,ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი.
_ ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მანკიერების აღმოფხვრა იყო…
_ მთელი 30 წლის განმავლობაში ვცდილობდით, ცალკეულ სტრუქტურებში რეფორმები გაგვეტარებინა, თუმცა, სისტემური ცვლილებების გახორციელებაზე არ გვიფიქრია. ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, არსებული სისტემა მთლიანად უნდა შეიცვალოს. მხოლოდ მართლმსაჯულების რეფორმა არაფერს გვიშველის. განვლილი პერიოდი გვიჩვენებს, რომ დრო ტყუილად დაგვიკარგავს. ის, რომ ყოველი ხელისუფლება კონსტიტუციას ცვლის, ნიშნავს, რომ ყველა ხელისუფლება თავისი ინტერესების მიხედვით მოქმედებს. სისტემაა მთლიანად შესაცვლელი, რათა მთელი მექანიზმი გაკეთილშობილდეს.
_ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შეასხებ. როგორ ფიქრობთ, გაამართლებს ეს სისტემა საქართველოში?
_ საპენსიო რეფორმის გატარება რომ აუცილებელია, ორი აზრი არ არსებობს. ქართული საზოგადოება ასეთ რთულ ვითარებაში ვეღარ დარჩება. გასაგებია, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა სხვა ქვეყნებშიც არსებობს, მაგარამ საქართველოს რეალობაში, ეჭვი მეპარება, წარმატებით გახორციელდეს. ასეთ საკითხებზე სიღრმისეული მუშაობაა საჭირო. არ შეიძლება საპენსიო რეფორმას ისე მივუდგეთ, როგორც განათლების სისტემას მივუდექით. განათლების სისტემა დღეს დანგრეულია, რომელსაც არაფერი ეშველა. რა მნიშვნელობა აქვს რეფორმას, რომელიც დადებით შედეგს არ მოიტანს. ესეც პოლიტიკა ხომ არ არის? ყველასათვის მტკინვეული საკითხია.
_ 2017 წელი საკმაოდ ცხელი პერიოდი აღმოჩნდა სხავდასხავა მიმართულებით, მათ შორის, ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით. დღეს საქართველო რამდენად დაცულია ტერორისტული საფრთხეებისგან?
_ გვეგონა, რომ საქართველოში ტერორიზმის საფრთხეები არ არსებობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის. ჩვენ ნამდვილად არ წარმოვადგენთ ისეთ მასშტაბურ სამიზნეს, როგორშიც, მაგალითად, ამერიკა იმყოფება, მაგრამ შესაძლებელია, ვითარება შეიცვალოს. ,,აისისის“ სახელმწიფოს მარცხის შემდეგ მებრძოლები სხვა ქვეყანაში უნდა გადაადგილდნენ, ამიტომ საქართველოში მათი შემოსვლა რეალურია. საფრთხეები არსებობს და სიფრთხილე გვმართებს.