ა(ა)იპ-ების მუშაობასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები და შენიშვნები გაუჩნდათ ლანჩხუთის საკრებულოს მმართველი გუნდის წევრებს.
საკრებულოს ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩახვაძე აქცენტს საფეხბურთო კლუბ „გურიასთან“ დაკავშირებულ ფინანსურ პრობლემებზე აკეთებს, რომლის დავალიანებაც, დაახლოებით, ნახევარ მილიონამდეა.
„კლუბში არსებული დავალიანებების გამო არის საჩივრები, რასაც, შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებები მოჰყვება და „გურიას“ მოუწევს ვალდებულებების აღსრულება. ჰოდა, იმ 200 ათას ლარს, რაც ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ერგება კლუბს, ნელ-ნელა ჩამოაჭრიან თანხებს. მერიის შიდა აუდიტმა მაინც გაგვაგებინოს, რა გვჭირს, რა ვალებია და როგორ წარმოიშვა. საკმაოდ დიდია საზოგადოების ინტერესი ამ კუთხით და ვალდებულები ვართ, დავაკმაყოფილოთ მათი ცნობისმოყვარეობა და მოვაგვაროთ დადებითად ეს საკითხი“, _ ამბობს ჩახვაძე, რომლის აზრითაც, ეს მარტო „გურიას“ არ ეხება და მუნიციპალიტეტის ყველა ა(ა)იპ-ის ხარჯებია შესამოწმებელი და თუ ამის შესაძლებლობა და კომპეტენცია არ გააჩნია მერიის აუდიტის სამსახურს, მაშინ სახელმწიფო აუდიტია მოსაწვევი.
კოლეგის ხედვებს იზიარებს საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარე, ალექსანდრე მახათაძეც, რომლის განმარტებით, შიდა აუდიტს მხოლოდ რეკომენდაციის კომპეტენცია გააჩნია და ამ შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტია მოსაწვევი.
„შიდა აუდიტმა გარკვევით თქვა „გურიასთან“ მიმართებაში, რომ ა(ა)იპ-ის არ აქვს უფლება დავალიანება ჰქონდეს და დავალიანების არსებობის შემთხვევაში, ეს დანაშაულია. თუ იყო ისეთი შემთხვევა, რომ კლუბს დამატებითი თანხები ესაჭიროებოდა, მას ამასთან დაკავშირებით გამგეობისთვის უნდა მიემართა, რომელიც შემდეგ ბიუჯეტში ცვლილების გახორციელების წინადადებით საკრებულოში შევიდოდა. ვფიქრობ, სახელმწიფო აუდიტის მოწვევაა საჭირო“, _ ამბობს მახათაძე.