ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ყოველწლიურად საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადებებით 11 000 ადამიანი იღუპება. ამ ზიანის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, 2017 წლის 17 მაისს პარლამენტმა მიიღო თამბაქოს კონტროლის კანონი, რომლის თანახმად, სხვა რეგულაციებთან ერთად, 2018 წლის 1 სექტემბრიდან აიკრძალება თამბაქოს რეკლამა, იმ ფილმების გაშვების წინ კი, სადაც სიგარეტის მოწევის კადრებია ნაჩვენები, სავალდებულო გახდება თამბაქოს საწინააღმდეგო რგოლის გაშვება.
კანონის მიხედვით, 2018 წლის 1 სექტემბრიდან აიკრძალება თამბაქოს პროდუქციის გარე ხილვადობა სავაჭრო ობიექტების გარე ვიტრაჟებში, ასევე აიკრძალება დრაივ-თამბაქო. 2021 წლიდან კი აკრძალვა შეეხება თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო ობიექტებში შიდა ხილვადობასაც.
რა გავლენა აქვს თამბაქოს რეკლამას სხვადასხვა ასაკის ადამიანებზე, იწვევს თუ არა ის მოზარდების თამბაქოთი დაინტერესებას, როგორ მოხდება კანონის აღსრულების მონიტორინგი _ამ საკითხზე „გურია ნიუსს“ თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძე ესაუბრა.
„25 წელია უკვე საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს ამ ნარკოპროდუქტის რეკლამირება და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი არის ახალგაზრდები და ბავშვები. რეკლამა მხოლოდ ბილბორდები და ლაითბოქსები არ არის. რეკლამა არის მათი დიზაინი, რაც მიმზიდველს ხდის ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისათვის, განსაკუთრებით ორიენტირებულია გოგონებზე. რეკლამას ეწევიან პოპულარული ქართული გადაცემები, სერიალები, გასართობი შოუ-პროგრამები, რომლებიც ასევე ძირითადად ორიენტირებიულია ახალგაზრდებზე. უცხოურ ახალ ფილმებში თამბაქოს ნაწარმის მოხმარების სცენები უკვე აღარ არის. იმას, რომ რეკლამის ძირითადი სამიზნე ჯგუფია ქალები და გოგონები, მოწმობს მთელი რიგი კვლევები. ამ მიმართულებით რეკლამის გააქტიურებამდე ამ სეგმენტში თამბაქოს მოხმარება დაბალი იყო”,_ამბობს ბახტურიძე.
მისივე თქმით, რეკლამის შედეგად ქალებში მოხმარების პროცენტული მაჩვენებელი ბოლო 25 წლის განმავლობაში 3-ჯერ გაიზარდა.
„მამაკაცებში გავრცელება არის სტაბილური და 55-60%-ია, ქალებში კი 25 წლის წინ მომხმარება იყო 4-5 %-ის დონეზე, დღეს გვაქვს 16 %. რაზეც დიდი გავლენა აქვს თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებას“,_ამბობს ბახტურიძე.
თუმცა, როგორც ბახტურიძე ამბობს, თამბაქოთი საზოგადოების, განსაკუთრებით მოზარდების დაინტერესებას ბილბორდებისა და სატელევიზიო გადაცემებში პოპულარიზაციის გარდა, მაღაზიებში ხურდის გასაცვლელ ჯამებზე განთავსებული რეკლამებიც იწვევს.
„გასულ წელს ჩატარდა კვლევა 8 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვების 2 ფოკუს ჯგუფში, 8-10 წლამდე და 10-12 წლამდე. მათ ჯიხურებში, სუპერმარკეტებში ყველაზე ხშირად თამბაქოს კოლოფები ხვდებათ. კითხვები იყო სხვადასხვანაირი: რა სახის პროდუქტებს ხვდებით ყველაზე ხშირად სავაჭრო ობიექტებში? როგორია მათი დიზაინი და რამდენად მიმზიდველია ის თქვენთვის? რა თქმა უნდა ყველა ახსენებდა, რომ მაგალითად, ყვავილიან სიგარეტს ბიჭი არ იყიდის და ეს არის გოგონებისთვის და გადააწყვეს ცალკე კოლოფები. ვიდრე ბავშვები სახლიდან სკოლამდე მივლენ, რა რეკლამები ხვდებათ გზაზე, 500 მეტრის რადიუსში? ყველა ამბობს, რომ ყველაზე ფართოდაა გავრცელებული ვიტრინებზე რეკლამები, შემდეგ ლაით ბოქსები და ბილბორდები. სავაჭრო ობიექტში შესვლისას მათთვის თვალშისაცემია 1 მეტრის სიმაღლეზე განათებული სარეკლამო დაფები. ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა პირდაპირ შეხედონ ამ რეკლამას. ასევე ყველა ხურდის გასაცვლელი ჯამი არის თამბაქოს ემბლემიანი. ბავშვი როდესაც იღებს ხურდას ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას მისი ყურადღება კონცენტრირდება თამბაქოს რეკლამაზე. ეს სპეციალურად არის გათვლილი. მასიურად მიდის რეკლამის და პოპულარიზაციის საშუალებით მასობრივი შტურმი ბავშვების და ახალგაზრდების ფსიქიკაზე. პრომო გოგონებს ცალკე თავის როლი აქვთ და არასრულწლოვან ბავშვებზე ავრცელებენ თამბაქოს პროდუქციას“,_ამბობს ბახტურიძე.
ის ასევე ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია საბავშვო სპექტაკლებზეც ხდებოდა. 2009 წლიდან თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან სპონსორობა აკრძალულია, თუმცა მარჯანიშვილის თეატრში კანონი დღემდე ირღვევა.
„რამდენიმე წლის წინ საახალწლო საბავშვო სპექტაკლებზე ხდებოდა სიგარების პოპულარიზაცია. ფილარმონიაში კონცერტი დღეში ალბათ 3-ჯერ ტარდებოდა და ბავშვების არმიამ ნახა სპექტაკლი „ბურატინო“, სადაც პირდაპირ ხდებოდა სიგარის პოპულარიზაცია.
ჩვენ თამბაქოს ჩარჩო კონვენციის წევრები ვართ 2006 წლიდან და 5 წლის განმავლობაში უნდა აგვეკრძალა რეკლამა. 2009 წლიდან აკრძალულია თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან სპონსორობა. ეს არის უკანონო აქტი, რასაც ხელს უწყობს შემოქმედებითი და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. მაგალითად, მარჯანიშვილის თეატრი პირდაპირ სპონსორდება თამბაქოს ინდუსტრიისგან, სპექტაკლის დაწყებამდე აცხადებენ „მადლობა იაპონური თამბაქოს კომპანიას“, რაც უკანონობაა. უნდა დადგეს თეატრის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი და ამ თემას არ დავტოვებთ ყურადღების მიღმა“,_ამბობს თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი.
არღვევს თუ არა კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი კანონს და რა არგუმენტები აქვს თეატრის ხელმძღვანელობას_ამ საკითხზე სასაუბროდ „გურია ნიუსი“ მარჯანიშვილის თეატრის დირექტორს, ეკატერინე მაზმიშვილს დაუკავშირდა.
მაზმიშვილის თქმით, თეატრი კანონს არ არღვევს, რადგან კომპანია jti მსოფლიოში ძალიან ბევრ კულტურულ ობიექტს აფინანსებს და ის მარჯანიშვილის თეატრის სხვადასხვა პროექტებს საჩუქარს უკეთებს, რის გამოც, მადლობას უხდიან, მაგრამ ეს თამბაქოს რეკლამა არ არის.
„იაპონური თამბაქოს კომპანიისგან თეატრის დაფინანსება გრძელდება. ეს არის საჩუქარი ამ კომპანიისგან მარჯანიშვილის თეატრის სხვადასხვა პროექტების მიმართ. კომპანია მსოფლიოში აფინანსებს ძალიან ბევრ კულტურულ ობიექტს, ერთ-ერთი, საქართველოში ჩვენ ვართ. ამით რეკლამირებას არ ვახდენთ. ეს არის ძირითადი მოთხოვნა კანონში. კომპანიას მადლობას მხარდაჭერისთვის ვუხდით, მაგრამ ეს არ არის რეკლამირება. მადლობას ვუხდით და გადავუხდით კიდევაც, კომპანიას რომელიც აკეთებს იმას, რასაც სხვა ბევრი ორგანიზაცია საქართველოში არ აკეთებს და ვერ აკეთებს. სხვა ქვეყნებში ამ კომპანიის ლოგოსაც კი იყენებენ დიდი თეატრები, მაგალითად, შვეიცარიაში, რუმინეთში, რეკლამის სახით“, _ამბობს მაზმიშვილი.
აქვს თუ არა თამბაქოს ინდუსტრიას კულტურული სფეროს დასპონსორების უფლება,აკრძალულია თუ არა თამბაქოს ნაწარმის რეკლამა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კანონი არ დაირღვეს_ამ საკითხზე “გურია ნიუსს” ახალგაზრდა ადვოკატების იურისტი, გიორგი ლაბაძე ესაუბრა.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელის მსგავსად, იურისტიც აღნიშნავს, რომ სიგარეტის კოლოფების შეფერილობა მომხმარებლების დაინტერესებას იწვევს.
“ისეთ სახელმწიფოებში, როგორცაა ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი, სპორტული გუნდების და კულტურული ღონისძიებების დასპონსორება არ შეუძლიათ თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებს. უფრო მეტიც, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, სკოლებიდან კილომეტრის რადიუსში დაუშვებელია თამბაქოს რეკლამის განთავსება. ასევე, შეზღუდულია აუდიო და ვიზუალური რეკლამები, რაც გულისხმობს ტელევიზორში მხოლოდ ისეთი რეკლამის გაშვებას რაც მოიცავს თეთრ ფონზე შავ წარწერას. რეკლამის გაშვება არის დაუშვებელი რადგან ის ფერები, ვიზუალური ეფექტები, რაც რეკლამას აქვს იწვევს ადამიანების მიზიდულობას, რაც კარგი ხრიკია თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების მხრიდან”,_ამბობს ლაბაძე.
იურისტი ასევე ამბობს, რომ სიგარეტის კოლოფის შეფუთვის ცვლილების შესახებ გასულ წელს დაიწყებულმა საუბარმა ქვეყანაში კატასტროფული რეაქცია გამოიწვია, თუმცა, აღნიშნული ცვლილება პირველად ავსტრალიაში 2012 წელს განხორციელდა.
“გასულ წელს იყო საუბარი, რომ თამბაქოს კოლოფებზე ბრენდები არ უნდა იყოს გამოსახული. ამას კატასტროფული რეაქცია მოჰყვა. 2012 წლის 1 იანვარს, ავსტრალიაში გამოვიდა სიგარეტის კოლოფი, რომელზეც არც მარლბორო არ არის გამოსახული და არც რომელიმე სხვა ბრენდი, უბრალოდ არის შავად შეფუთული და აწერია გაფრთხილება. მსგავსი პრაქტიკა მოქმედებს საფრანგეთშიც. ის რომ სიგარეტის კოლოფს სასურველი ფერი არ ექნება არ შეიძლება მომხმარებლის ინტერესისთვის ზიანის მიყენებად ჩაითვალოს. მომხმარებელი სიგარეტს მოიხმარს რაღაც ჩვევის თუ მოთხოვნილების გამო და ფერი როგორი იქნება, არ მგონია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს. პირიქით მოწევისთვის თავის დანებება უნდა თითქმის ყველას, რაც ნაკლები იქნება მიზიდულობა კოლოფიდან გამომდინარე შეიძლება მარტივად მოხდეს უარის თქმა მასზე. სიგარეტის ამოცნობა რომ შეუძლებელი გახდეს ასე არ მოხდება. ცვლილებას, მომხმარებლებთან შედარებით უფრო მეტი კრიტიკა და პროტესტი მწარმოებლებისა და იმპორტიორების მხრიდან მოყვება”_ამბობს ლაბაძე.
ის ასევე ამბობს, რომ საქართველო მწეველი მოსახლეობის რაოდენობით მე-6 ადგილზეა, რაც ცხადყოფს, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები აუცილებელია.
“1 კვირის წინ გამოქვეყნდა სტატისტიკა, საქართველო მწეველი მოსახლეობის რაოდენობით არის მე-6 ადგილზე მსოფლიოში. ეს მოწინავე პოზიციაა და ცხადია, რომ მისაღებია ზომები. სიგარეტი მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე, რითაც დაავადებულია მოსახლეობის უმეტესი ნაწილი. ეს საკითხი სადაო უნდა იყოს მხოლოდ ბიზნეს წრეებში და თუ ბიზნესწრეებთან ხელისუფლება დაარეგულირებს ურთიერთობას, ცხადია, რომ ეს იქნება ხელისუფლების მხრიდან ძალიან სწორი ნაბიჯი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ”,_ამბობს ლაბაძე.
იურისტის თქმით, კანონში შესული ცვლილებების დარღვევა მოხდება თუ არა, მარეგულირებლების მიდგომაზეა დამოკიდებული.
“მოხდება თუ არა კანონის დარღვევა დამოკიდებულია იმაზე თუ რა დამოკიდებულება ექნებათ მარეგულირებლებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში თუკი პირი, ჩვეულებრივი პატარა ბიზნესის მფლობელი, მიყიდის 18 წლამდე მოზარდს თამბაქოს, მას სამუდამოდ უწყევეტენ თამბაქოს გაყიდვის უფლებას. თუკი, სახელმწიფო დააწესებს ისეთ რეგულაციას, რაც მკაცრი იქნება, რა თქმა უნდა, კომპანია ეცდება, რომ არ დაარღვიოს. შესაბამისი უნდა იყოს ჯარიმის დონე, იმდენად რომ კომპანიისთვის არ იყოს სულერთი დააჯარიმებს სახელმწიფო თუ არა და არ აგრძელებდეს კანონდარღვევით საქმიანობას”,_ამბობს ლაბაძე.
რაც შეეხება, რეკლამის ამკრძალავი კანონის აღსრულების მონიტორინგს, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ამ პროცესში მონაწილეობას კომუნიკაციის ეროვნული მარეგულირებელი კომისია და შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს.
„გარე რეკლამების გაკონტროლება საკმაოდ მარტივია, ქალაქში ერთი ჩამოვლითაც უკვე შესაძლებელი იქნება უკანონო რეკლამის აღმოჩენა. ადრე ამას ანტიმონოპოლიური სამსახური აკეთებდა, რამდენიმე წლის წინ, ვიდრე გააუქმებდნენ. მათ ევალათ ამ კანონის აღსრულება. რეკლამებთან დაკავშირებით პასუხისმგებელი ორგანო ამ შემთხვევაში იქნება კომუნიკაციის ეროვნული მარეგულირებელი კომისია, ჩართული იქნება ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროც. აღსრულებისთვის მზადება მიდის სერიოზულად. მალე დაიწყება კამპანია ყველა იმ რეგულაციების შესახებ, რომელიც ძალაში წელს ნელ-ნელა შევა. სამართალდარღვევა თუკი იქნება დაფიქსირებული მოახდენს სახელმწიფო რეაგირებას. გაიზარდა საჯარიმო სანქციები და შესაბამისად მზაობა სახელმწიფოს მხრიდან არის საკმაოდ მაღალი“, _ამბობს ახტურიძე.
მისვე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველო კარშიდა ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით პირველ ადგილზეა. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევა სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს, საკუთარ სახლების ოთახებში კი მოქალაქეებმა არ უნდა მოწიონ.
„ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ინტერესი არის ის, რომ ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი. გასულ წელს გავრცელდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველო მსოფლიოში 1-ელ ადგილზე აღმოჩნდა ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. ეს დაბინძურება ეხებოდა კარშიდა ჰაერის მდგომარეობას. ანუ სამუშაო, საცხოვრებელ თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის დაბინძურების მიხედვით ვართ პირველ ადგილზე და არა გარე ჰაერის. გარე ჰაერი დაბინძურებულია მსოფლიოს დიდ დედაქალაქებში რომ ჩვენ იმათ ვერც შევედრებით. ყველაზე მეტად, რაც სენსიტიური იყო და მნიშვნელოვანი და რაც მასმედიამ დაკარგა ამ თვალსაზრისით და არ გაამჟღავნა ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი ამბავი იყო ის, რომ ჰაერის დაბინძურების მდგომარეობა არის კატასტროფული შენობებში, რომლის დამაბინძურებელი ძირითადი წყარო გახლავთ თამბაქოს კვამლი. საზოგადოებრივ ადგილებში სახელმწიფომ თავის სიტყვა უნდა თქვას და შეასრულოს მისი კონსტიტუციური უფლება, სახლებში კიდევ ჩვენც შეგვიძლია ვაკონტროლოთ სიტუაცია და არ მოვწიოთ ოთახებში“,_ამბობს ბახტურიძე.
ამავე თემაზე: ჩვილ ბავშვთა უეცარი გარდაცვალების სინდრომის 50% თამბაქოს კვამლის შედეგად ხდება
“შემოქმედებითი პროცესის ნაწილი” თუ რეკლამა _ თამბაქოს მოწევა სპექტაკლებშიც აიკრძალება?