პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას შეწყალების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით და ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ნარკოპოლიტიკის კანონთან და წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებით მეტად ჰუმანურები უნდა ვიყოთ.
,,ზოგადად არსებობს დანაშაულთა კატეგორია, რომლის შემთხვევაში, ჩვენ უფრო მეტად ჰუმანურები უნდა ვიყოთ. მაგალითად, ეს გახლავთ წვრილმანი ქურდობა, ამ თვალსაზრისით, სისხლის სამართლის კოდექსიც არის გადასახედი. წვრილმანი ხულიგნობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე იპარავს. ასეთი კატეგორიის დანაშაულის შემთხვევაში მეტი ჰუმანურობა გვმართებს. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, რა თქმა უნდა, ის ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარებისთვის სხედან ციხეში, უნდა გათავისუფლდნენ. ეს პრეზიდენტის ინიციატივა იქნება თუ სხვა რომელიმე სტრუქტურის, მხარს დავუჭერ“, _ განაცახდა ბექა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება.
როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეწყალების კომისიამ სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე უნდა განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და მათი შემოტანა – ტრანზიტისა. შეწყალების კომისიამ, ასევე არსებითად უნდა განიხილოს იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომლებიც გასამართლებულები არიან 381-ე მუხლით და მათ სასჯელი დაეკისრათ “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის საფუძველზე.
ასეთივე წესით კომისიამ უნდა განიხილოს იმ პირის თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, ეკონომიკური, ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაულები და არ ჩაუდენია ეს დანაშაულები ძალადობით, ან ძალადობის მუქარით. ამ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ პრეზიდენტს, როგორც კი დასრულდება საქმის განხილვა სამივე სასამართლო ინსტანციაში, ან გასული იქნება ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ვადა, ხოლო კომისია არსებითად განიხილავს მათ საქმეებს.