საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გასულ წელს 16 000 დოლარი გადაუხადა.
ამის შესახებ კვაჭანტირაძის ქონებრივ დეკლარაციაში წერია, რომელიც 31 იანვარსაა შევსებული.
დეკლარაციაში განმარტებულია, რომ მას სამინისტროს მიმართ დავალიანება ჰქონდა.
როგორც გვითხრეს, კვაჭანტირაძეს სამინისტრომ თანხის გადახდა წლების წინ დააკისრა.
უფრო კონკრეტულად კი ზვიად კვაჭანტირაძემ თურქეთში კონსულად მუშაობის დროს, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხით საკონსულოსთვის ახალი ავტომობილი შეიძინა და მალე ავარია მოუხდა.
წყაროს ინფორმაციით, ინფორმაციით კვაჭანტირაძე საჭესთან ნასვამი იჯდა.
„მაშინ ეს ინფორმაცია სამინისტროს არ მიაწოდა და ყველაფერი მას შემდეგ გაირკვა, რაც კონსული შეიცვალა და ინვენტარიზაცია ჩატარდა.
ფაქტი საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლა და კვაჭანტირაძეს თანხის გადახდაც დააკისრა, თუმცა, წლების მანძილზე დეპუტატს თანხა არ გადაუხდია.
მოგვიანებით სამინისტრომ სარჩელი სასამართლოში შეიტანა და 2013 წლის 7 ოქტომბერს გამოტანილი გადაწყვეტილების თანახმად, ზვიად კვაჭანტირაძეს სამინისტროსთვის თანხის გადახდა უკვე სასამართლომ დაავალდებულა“, _ ამბობს „გურია ნიუსის“ წყარო.
ზვიად კვაჭანტირაძე ამ ინფორმაციას „ბინძურ ჭორს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის მიზანმიმართულად ააგორეს:
„ბინძური ჭორია, რომელიც ჯერ კიდევ მაშინდელი ხელისუფლების დროს ააგორეს და ცოცხლობს ისევ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს მძღოლს ნამდვილად შეემთხვა ავტოავარია, რის შედეგადაც დაზიანდა საკონსულოს კუთვნილი მინიბუსი. საჭესთან და საერთოდ იმ მანქანაში იჯდა მხოლოდ მძღოლი, რომელიც დაშავდა.
ეს პოლიციის აქტებით დასტურდება. მე, ოჯახთან ერთად იმ დღეს და იმ პერიოდში საერთოდ შვებულებაში ვიყავი. დამალული არაფერი ყოფილა. ესეც ტყუილია და სწორედ ამის აღიარებას “მტენიდნენ” (უკაცრავად, ჟარგონისთვის) მაშინ. იმ წლის, 2008 წლის ინვენტარიზაციის ჩემს მიერვე ხელმოწერილ ოქმშიც კი ფიქსირდება ამ მანქანის ავარიული მდგომარეობა. მე არც მაშინ და არც დღეს არ მივიჩნევდი თავს ვალდებულად, რომ ასეთ სიტუაციაში დამდგარი ზარალი პირადად ამენაზღაურებინა. მძღოლს, რომელიც თურქეთის მოქალაქე იყო, საერთოდ არ მოთხოვეს პასუხი.
დიდი ხნის ჩემთან ჭიდაობის და ჩემზე ზეწოლების შემდეგ სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ სასამართლოს მიმართა, რათა ზარალი მე ამენაზღაურებინა, როგორც მატერიალურად პასუხისმგებელ ხელმძღვანელ პირს, ანუ გენერალურ კონსულს. სასამართლოს გადაწყვეტილებას არც დღეს ვეთანხმები, მაგრამ სასამართლოს მიერ დაკისრებული 16 000 დოლარი სრულად მაინც გადავიხადე და ეს მოხდა, გასულ 2017 წელს.
მე შემეძლო დავის გაგრძელება და სხვა პირების პასუხისმგებლობების საკითხებიც დამეყენებინა, მაგრამ ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობა ძალიან უხერხულ სიტუაციაში გვაყენებდა, რადგანაც უნდა გამეგრძელებინა დავა იმ უწყების წინააღმდეგ, რომლის ზედამხედველიც, 2012 წლიდან უკვე თავად ვიყავი საქართველოს პარლამენტში. ათი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ეს ინცინდენტი მოხდა და აწი ფილმს თუ გადაიღებს ვინმე ამ თემაზე, თუნდაც დოკუმენტურს, თორემ იმ წელს, 2008 წელს, ხელისუფლებამ ლამის ქვეყანა ჩამოგვაქცია თავზე და პოლიტიკურ- მატერიალური ზარალი იმდენად დიდი დაგვიდგა ყველას, რომ ამაზე პასუხისმგებელი პირები დღესაც დაუსჯელები და ყელმოღერებული დადიან და მათზე თითქმის აღარ ლაპარაკობენ“, _ მოგვწერა ზვიად კვაჭანტრიაძემ.
რაც შეეხება დეპუტატის სხვა გასავლებს _ დეკლარაციის მიხედვით უმრავლესობის დეპუტატმა გასულ წელს შვილის, გიორგი კვაჭანტირაძის სწავლისთვის 3 500 ლარი გადაიხადა; 30 000 დოლარი აქვს გადახდილი მეორე ვაჟის _ დავით კვაჭანტირაძის სწავლისთვის და 1 740 ლარი _ ბინის ქირისთვის.
დეპუტატმა გასულ წელს 6 020 ლარი ღირებულების ავეჯი შეიძინა და 1 749 ლარის ბილეთები, რომელზეც მითითებულია, რომ „უკან დაბრუნდა რამდენიმე მცირე ტრანზაქციის ფორმით“.
დეკლარაციით ირკვევა, რომ ზვიად კვაჭანტირაძის, როგორც პარლამენტის დეპუტატის შემოსავალმა ,გასულ წელს 66 465 ლარი შეადგინა.
დეკლარაციის შევსების დროს კვაჭანტირაძეს ნაღდი ფულის სახით 19 000 ლარი და 14 000 დოლარი ჰქონდა. დეპუტატი განმარტავს, რომ ამ ფულადი თანხის წყარო დანაზოგია.
გასულ წელს ზვიად კვაჭანტირაძეს სესხის ნაწილიც გადაუხდია _ დოკუმენტის მიხედვით, 2014 წელს „თი ბი სი“ ბანკში აღებული 130 000 დოლარის ოდენობის სესხი აიღო და 2017 წელს 22 320 დოლარი გადაიხადა.
დეკლარაციით, ასევე, ირკვევა, რომ 2016 წელს, ზვიად კვაჭანტირაძეს კიდევ ერთი სესხი აქვს აღებული. ხელშეკრულება სანოტარო აქტითაა დამტკიცებული და როგორც დოკუმენტშია განმარტებული, 100 000 დოლარი ხელზე აქვს აღებული, თუმცა, გრაფაში _ გასავალი, ამ სესხის გასწვრივ 0 წერია.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე, როგორ მოახერხა შვილებისთვის სწავლის და ბინის სოლიდური საფასურის გადახდა, ავეჯის და კონცერტის ბილეთების შეძენა მაშინ, როცა ოჯახში მხოლოდ ის მუშაობს, წლიური შემოსავალი 67 000 ლარი ჰქონდა და ამავე დროს სესხებიც აქვს, დეპუტატი ასე გვპასუხობს:
„დეკლარაციაში გარკვევით ჩანს ინფორმაცია გასულ წელს ჩემი ოჯახის მიერ მიღებული შემოსავლის შესახებ და დეკლარირებულია არამარტო ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის ანაზღაურების შესახებ, არამედ ხანგრძლივი ვადით სესხის სახით მიღებულ თანხის (100 000.00$) თაობაზეც, რომლის ნაწილითაც მოახერხა ჩემმა ოჯახმა თქვენს მიერ აღნიშნული ხარჯების დაფარვა. რაც შეეხება თქვენს მიერ ხსენებულ კონცერტის ბილეთებს, დეკლარაციაში გარკვევით წერია, რომ კონცერტის ბილეთების საფასური უკან დაბრუნდა, ზუსტად შემდეგი სიტყვებით: „შემოსავლის ან/და გასავლის სახეობა _ კონცერტის ბილეთები (უკან დაბრუნდა რამდენიმე მცირე ტრანზაქციის ფორმით)“.
რადგან რამდენიმე ბილეთი იყო შეძენილი, უკან ცალ-ცალკე ტრანზაქციის სახით დაბრუნდა. დეკლარირება ხდება 1 500 ლარზე მეტი შემოსავლის/გასავლის, ამიტომ გასავალში კომენტარის სახით მითითებულია რომ უკან დაბრუნდა გადახდილი თანხა. შესაბამისად, თუ კი გულდასმით გაეცნობით ჩემი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას, ნახავთ რომ გასულ წელს ჩემი ოჯახის მიერ გაწეული ხარჯები ნამდვილად არ აღემატება შემოსავალს“, _ ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი.