ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან სამი თვე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში, ოზურგეთში აქტუალურ თემად რჩება ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციის საკითხი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. მეტიც, ამის შესახებ ინფორმაციებს არც ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელები ფლობენ, რომელთა უმეტესობას კვლავ ხელისუფლებაში დარჩენა სურს. მათ შესთავაზეს, დაეწერათ განცხადებები თანამდებობიდან წასვლის შესახებ, თუმცა, ისინი ამას არ აპირებენ და თუ ხელისუფლება მათ გაათავისუფლებს, უკან დახევას არ აპირებენ და სასამართლოს გზით ეცდებიან თანამდებობის შენარჩუნებას.
ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები განმარტავენ, რომ რეორგანიზაციის საკითხის გაჭიანურება მერიის იურისტების ბრალია. იურისტები, თავის მხრივ, ამბობენ, რომ ეს საკითხი ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს დროულად უნდა მოეგვარებინათ. ამავდროულად, მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ რეორგანიზაცია თითქმის დასრულებულია და ეს მაშინ, როცა მერის მოადგილის ირაკლი სირაძის განმარტებით, არც ერთ ა(ა)იპ-ს ახალი ხელმძღვანელი ჯერ არ ჰყავს!
2017 წელს, როცა თვითმმართველი ქალაქების გაუქმება გადაწყდა, ერთ-ერთ მიზეზად დუბლირებული ა(ა)იპ-ების გამო გაზრდილი ხარჯები დასახელდა. გაუქმების მესვეურები ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი საბიუჯეტო სახსრების ოპტიმალურად გასახარჯად.
იმის დასადგენად, თუ რამდენი ადამიანი მუშაობს ააიპ-ებში, “გურია ნიუსმა” ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის თემის მუნიციპალიტეტებში 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, არსებული არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების საშტატო ნუსხა მოიპოვა.
ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ა(ა)იპ-ების უმეტესობაში შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა შტატიან თანამშრომლებს ბევრად აჭარბებს. 2017 წლის მონაცემებით, “ოზურგეთის სერვისცენტრის” ბიუჯეტი მილიონ ლარს აღემატება, სადაც მუდმივ შტატში მხოლოდ 7 თანამშრომელი მუშაობს, შტატგარეშე კი ხელფასს 146 ადამიანი იღებს.
აღნიშნული ორგანიზაცია გამონაკლისი არ არის _ შტატიანი 10 თანამშრომელი ჰყავდა “ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრს”, მაშინ, როცა დამატებით უშტატოდ 83 თანამშრომელი იღებდა ხელფასს. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ “მერცხალს” შტატში მხოლოდ 2 კაცი ჰყავდა გაფორმებული, 57 _ უშტატო თანამშრომელია.
ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ დასაქმებულებს შორის არიან საკრებულოს დეპუტატებიც, ასევე, რამდენიმე (ა)იპ-ის ბუღალტრები ერთი და იგივე პიროვნებები არიან; ერთ-ერთ ა(ა)იპ-ში _ “საცხენოსნო კლუბში“ მუშაობს ცეცხლფარეში, მინდვრის მუშა და სხვა. ასევე, დასაქმებულია მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსის ვლადიმერ კუნჭულიას მამა, რომელიც აღნიშნულ სამსახურში ჯერ არავის უნახავს; ჯუმბერ დუნდუას სახელობის ანსამბლში მთავარი ქორეოგრაფი ყოფილი ვიცე-მერი და “ქართული ოცნების” გურიის კოორდინატორი, კობა დუნდუაა. ჩვენს კითხვაზე, როდიდან მუშაობს ანსამბლში მთავარ ქორეოგრაფად ყოფილი ვიცე-მერი, ანსამბლის დირექტორი ნათია დუნდუა გვპასუხობს: _ ა, კობას ინტერესი გაქვთ? მოვიძიებ და ხვალ შეგეხმიანებით.
ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, დღეის მდგომარეობით, ოზურგეთის ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა რაოდენობა ასე გამოიყურება:
ა(ა)იპ “ოზურგეთის სერვისცენტრს” შტატში სულ 153 თანამშრომელი ჰყავს, აქედან კი შტატში მხოლოდ 7 თანამშრომელია.
აღნიშნულ ცენტრში სულ ოთხი განყოფილებაა, სადაც სპეციალისტები, მუშები, მეეზოვეები, ინსპექტორები, დამხმარე მუშა და ოპერატორები მუშაობენ.
აღნიშნულ ა(აი)პ-ში, როგორც თანამშრომლებმა გვითხრეს, წინასაარჩევნოდ, დაახლოებით, 40 ადამიანი დაასაქმეს სპეციალისტებად, რომლებიც აქ დასაქმებულ პირებს ჯერ სამსახურში არ უნახავთ.
ა(ა)იპ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრში 52 შტატში მყოფი თანამშრომელია, შტატგარეშე კი _ 13. მასში შედიან დარაჯები, ცეცხლფარეში, ექიმი და დამლაგებლები.
შტატში მყოფ თანამშრომელთა უმეტესობა მწვრთნელები არიან, ასევე, სპეციალისტები, სპორტული სექციის წამყვანი სპეციალისტები და სპორტული ღონისძიებების კოორდინატორები.
ისტორიულ მუზეუმში _ 13 თანამშრომელია, კულტურისა და დასვენების პარკში _ 15, მუსიკალურ სკოლაში _ 34, თოჯინების თეატრში _ 15, რაგბის განვითარების კავშირში _ 42. ქალაქ ოზურგეთში ორი სამხატვრო სკოლაა: ერთ სკოლას 15 თანამშრომელი ჰყავს, მეორეს კი _ 11. ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 21 ადამიანია დასაქმებული.
ქალაქ ოზურგეთის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრში, შტატით 12 თანამშრომელია, ხოლო შტატგარეშე, ხელშეკრულებით _ 10, ქალაქ ოზურგეთის 9 ბაღში კი სულ 155 ადამიანი მუშაობს.
ა(ა)იპ “ჯუმბერ დუნდუას სახელობის ქართული ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლ “გურიას” თანამშრომელთა საშტატო ერთეულში, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სულ 37 პირია. აქ დირექტორი ნათია დუნდუაა, ხოლო მთავარი ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, _ კობა დუნდუა.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში, რომლის დირექტორიც კობა ბანძელაძეა, 72 თანამშრომელია; თანამშრომელთა სიებში არის “ქართული ოცნების” დეპუტატი ოზურგეთის საკრებულოში ქეთი ვასაძეც.
ა(ა)იპ “მუნიციპალური მომსახურების ცენტრში”, რომლის უფროსი შალვა კონჯარია იყო, სულ 105 თანამშრომელია. აქედან, თავად ცენტრში _ 9, საფინანსო განყოფილებაში _ 4, დასუფთავების მომსახურების განყოფილებაში _ 53. მათი უმეტესობა მუშები, მოსაკრებლის ადმინისტრატორები, მძღოლები და ოპერატორები არიან; მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში _ 9, გარე განათებაში _ 9, გამწვანების განყოფილებაში _ 7, სასაფლაოს მომსახურების განყოფილებაში _ 8, უმეთვალყურეოდ დარჩენილი შინაური ცხოველების იზოლაციის განყოფილებაში _ 6 თანამშრომელია.
ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის” ფილიალებს სულ 530 თანამშრომელი ჰყავს, ცენტრში კი _ 17 თანამშრომელია, აქედან _ 4 მთავარი სპეციალისტია, 8 _ სპეციალისტი.
ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრში 102 თანამშრომელია. აქედან, შტატგარეშე _ 15, რომელთაგან 11 მუსიკის პედაგოგია. ამავე ცენტრში კულტურის განყოფილებაში 57 ადამიანი მუშაობს, რომლებიც მუსიკალური ანსამბლების ხელმძღვანელები და მომღერლები არიან. სპორტის განყოფილებაში 18 თანამშრომელია _ მწვრთნელები, სპეციალისტები, ცხოველთა მომვლელები, მწვრთნელთა დამხმარეები; ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებაში 4 თანამშრომელია. აქვე, როგორც ვთქვით, კლასიკურ და ტრადიციულ საცხენოსნო კლუბში მწვრთნელად მუშაობს ვლადიმერ კუნჭულიას მამა ავთანდილ კუნჭულია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის ცენტრში სულ 33 თანამშრომელია, ა(ა)იპ კეთილმოწყობისა და არქიტექტურის დაგეგმარების ცენტრში _ 9, ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანებას სულ 33 თანამშრომელი ჰყავს, “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს” _ 14, შპს “მუნიციპალურ ტრანსპორტს” _ 8, რომელთაგან 5 შტატგარეშეა. შპს “სატისიში” 31 ადამიანია დასაქმებული.
“გურია ნიუსი” სისტემატურად გააშუქებს, თუ როგორ მოხდება ოპტიმიზაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში.