საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის ვეტოს იზიარებს.
როგორც დავით ჭიჭინაძე აცხადებს, „მაუწყებლობის შესახებ” კანონის დამტკიცება კერძო მაუწყებლების ინტერესებს დააზიანებს.
“პრეზიდენტის ვეტოს ნამდვილად ვიზიარებ. ვთვლი, რომ ეს კერძო მაუწყებლების ინტერესს დააზიანებს. ისედაც მცირე ლეგალური დაფინანსება, რომელიც დღეს არსებობს, იმას კიდევ უფრო შეამცირებს და ალბათ არალეგალურ დაფინანსებას გააჩენს, რომელსაც სახელმწიფო ყოველთვის უნდა ებრძოლოს.
პატარა ტელევიზიები, რომლებიც ძირითადად კომერციულ რეკლამაზე არიან დამოკიდებულები, ძალიან დაზარალდებიან. საზოგადოებრივ მაუწყებელს არგუმენტად მოჰყავს, რომ კომერციული რეკლამა სჭირდება, რათა თავისი ჟურნალისტები წაახალისოს, მაშინ სხვა ჟურნალისტებმა რა დააშავეს. მათ შემოსავლის წყარო გაუქრებათ. ამიტომ ვეტოს მხარი უნდა დავუჭიროთ”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მისივე თქმით, მაქსიმალურად შეეცდება კოლეგების დარწმუნებას, რათა უმრავლესობის წევრებმა ვეტო გაიზიარონ.
“ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი კოლეგები დავაჯეროთ, რომ ვეტო უნდა გავიზიაროთ. კანონპროექტის ინიციატორი ეკონომიკის კომიტეტი არ იყო. ეს რამოდენიმე დეპუტატი, მათშორის ეკა ბესელია იყო. რომან კაკულიამ ბოდიშიც მოიხადა და თავის ხელმოწერაც გაიძახა. თავისი შეცდომა აღიარა. რომან კაკულიამ თქვა, რომ ამ ხელშეკრულების ინიციატორი არ უნდა ყოფილიყო.
თუ საჯაროდ არ უთქვამს, მაშინ შეგიძლიათ კითხვა დაუსვათ და გეტყვით. ეს შიდა განხილვების დროს ითქვა. მოხდა ასეთი რაღაცა, არ უჭერდა მხარს და მთელი თავისი შინაარსით მხარს დღესაც არ უჭერს. ხელი ძალით არ მოაწერინეს. შეიძლება თავის დროზე შეცდომაში შეიყვანეს. ვინ შეიყვანა, ეს უკვე მას ჰკითხეთ”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
1tv.ge