საქართველოდან გაგზავნილი ესქტრადაციის მოთხოვნის მიუხედავად, რატომ არ მოხდა უკრაინული მხარის მიერ სააკაშვილის საქართველოსთვის გადაცემა და ხომ არ მიუთითებს ეს ფაქტი ქართული მართლმსაჯულებისადმი უპატივცემულობას? – ამ კითხვებით მმართველი გუნდის წევრს დიმიტრი ხუნდაძეს „გურია ნიუსმა“ მიმართა.
,,უკრაინამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა, პირველი ეს იყო, როცა საქართველოს საზოგადოებისგან დაწუნებული პრეზიდენტი მიიღო საკუთარ ქვეყანაში და არა თუ მიიღო, ხელისუფლება ჩააბარა, რაც ძალიან ძვირად დაუჯდათ. მეორე შეცდომა იყო, როცა სააკაშვილმა აბსოლუტურად უკანონოდ გაარღვია უკრაინის საზღვარი და შევიდა ქვეყანაში, ხოლო მესამე შეცდომა ის იყო, როცა უკრაინამ საქართველოს მოთხოვნა ექსტრადირებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ეს არის ჩემი პოლიტიკური შეფასება და არა მცდელობა, რომ უკრაინის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩავერიო. ვფიქრობ, პოლონეთმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ჭკვიანი ადამიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ და აღარ დაუშვან ამგვარი შეცდომა.
მიხეილ სააკაშვილი არის აბსოლუტურად დამანგრეველი, არაპროგნოზირებადი ადამიანი და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ვფიქრობ, ხშირად ასეთი ადამიანები, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ყურადღების ცენტრში ხვდებიან და საჭიროების შემთხვევაში, მას იყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, _ გვითხრა ხუნდაძემ.
_ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებით ხომ არ შეილახება თავად ხელისუფლების იმიჯი?
_ ,,მე შეცდომად ჩავუთვალე ჩვენს კეთილგანწყობილ მეზობელ სახელმწიფოს უკრაინას ის, რომ არ გადმოსცეს საქართველოს სააკაშვილი. არ ეტყობა ჩემს განწყობასა და ჩვენს გუნდს, რომ ჩვენ ვშიშობთ იმის გამო, რომ სააკაშვილს საქართველოს გადმოსცემენ, პირიქით, ვითხოვთ. ადამიანი, რაზეც შიშობს, იმას არ ითხოვს“ , _ განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.