„გურია ნიუსში“ გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომელიც ორი ობლისა და ორი ბებიას ყოველდღიურ გასაჭირს ეხებოდა, გამოხმაურება უკვე დაიწყო.
ჩვენი სტატიის გმირებს დღეს ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილისა და მისი მეგობრების მიერ შეგროვებული ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები გადაეცათ.
ოჯახს დაეხმარა ოზურგეთის ყოფილი მერი ბეგლარ სიორიძე, რომელმაც კალანდაძეებთან ტკბილეული და საკვები პროდუქტები მიიტანა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალურმა სამსახურმა დაიწყო ზრუნვა ბავშვებისთვის ობლობის პენსიის დასანიშნად. მათ შეაგროვეს ყველა საჭირო საბუთი და გადასცეს ლანჩხუთის პოლიციის განყოფილებას, რომლის მეშვეობითაც კომუნიკაცია შედგება ობლების მამასთან. მკითხველს შევახსენებთ, რომ ობლობის პენსიის დასანიშნად, ცოცხალი მშობლის ნებართვაა საჭირო, ამ შემთხვევაში – მამის, რომელსაც შვილებთან კომუნიკაცია არ აქვს.
კალანდაძეებთან დღეს იმყოფებოდა მერის წარმომადგენელი ხიდისთავის თემში დავით ვასაძე და თემის დეპუტატი კობა კალანდაძე. რომლებმაც სპეციალისტის დახმარებით შეისწავლეს, როგორ შეკეთდეს სახლი ისე, რომ საცხოვრებლად ვარგისი იყოს.
_ ავზომეთ, ვადგენთ, როგორ შეიძლება შეკეთდეს სახლის სახურავი და ზოგადად, სახლი, რადგან თქვენც ხედავთ, სახლი რამდენიმე აგურზე დგას და სახურავის მოხსნის შემთხვევაში, შეიძლება მთლიანად დაიშალოს. ჩვენ ოჯახს შევთავაზეთ ქირით გაყვანა, მაგრამ უარი განაცხადეს, _ გვითხრა ვასაძემ.
„გურია ნიუსს“ დაუკავშირდა საქველმოქმედო ფონდი “მომავლისათვის”, წარმომადგენელი, რომლის თქმით, ფონდი კალანდაძეების ოჯახს სამშენებლო მასალით უზრუნველყოფს.