ეკონომისტი იოსებ არჩვაძე ,,გურია ნიუსთან“ ახალი დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლის საკითხს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ გარკვეული გარანტიები უნდა მისცეს საზოგადოებას აღნიშნული რეფორმის წარმატებით გასახორციელებლად. როგორც ეკონომიტი გვეუბნება, საპენსიო დაგროვებით რეფომას გარკვეული რისკები ახლავს თან.
_ საზოგადოება ნებისმიერ სიახლეს გარკვეული სიფრთხილით აღიქვამს. რეალური შედეგის მისაღებად, ხშირად საჭიროა რადიკალური ნაბიჯები. საპენსიო სისტემა არის ერთ-ერთი ბოლო მიმართულება, სადაც საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შემდეგ, რეალური რეფორმები არ გახორციელებულა, ამიტომ ეს ტალღა უნდა დაწყებულიყო. საკითხი უნდა განვიხილოთ ისე, რა ფორმით უნდა გახორციელდეს რეფორმა ისე, რომ მან მაქსიმალური შედეგი მოუტანოს საზოგადოებასა და მომავალ პენსიონერებს.
_ არსებობს თუ არა დაგროვებული საპენსიო თანხის დაკარგვის რისკები?
_ კი, არსებობს გარკვეული რისკები. სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი საზოგადოების ნდობის ფაქტორი იმაზე დაბალია, ვიდრე ვისურვებდი. მოსახლეობას ახსოვს 90-იან წლებში დეპოზიტებისა და სხვა რესურსების დაკარგვა, ამიტომ რისკები საკმაოდ მაღალია. აქ მთავარია რამდენად ეფექტურად მოხდება მობილიზებული სახსრების გამოყენება. რომელი ინსტიტუტი აიღებს პასუხისმგებლობას იმის თაობაზე, რომ ეს სახსრები, რაც შეიძლება რაციონალურად იქნას გამოყენებული.
ხელისუფლებას, ნებისმიერ შემთხვევაში, მოუწევს პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება. მინდა გითხრათ, რომ, როცა საუბარია ინკლუზიურ ეკონომიკაზე, იგულისხმება, რომ კავშირი უნდა იყოს ძალიან მაღალი ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას შორის, ჯერჯერობით კი, ეს კავშირი საგრძნობლად სუსტია.
შეგახსენებთ, დაგროვებითი პენსიის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.