ლუდომანია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებაა _ ეს არის პროცესი, როცა ადამიანი კარგავს საკუთარი თავის კონტროლს, გადადის სხვა სამყაროში და მხოლოდ იმას ფიქრობს, როგორ იშოვოს ფული, რათა ითამაშოს.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 92% უარყოფითადაა განწყობილი აზარტული თამაშების მიმართ, 63%-ს მიაჩნია, რომ უნდა აიკრძალოს, 29%-ის აზრით კი ნაწილობრივ უნდა შეიზღუდოს. მიზეზად მრავალი ფაქტორი სახელდება.
კვლევები ცხადყოფს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, მიუხედავად სქესისა, დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე. ისინი თამაშს „უმნიშვნელო“ თანხით იწყებენ _ შემდეგ იზრდება ინტერესი, თანხები, მიჯაჭვულობა და, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, შედეგად ვიღებთ ადამიანების განადგურებულ ფსიქიკას, დაზარალებულ ოჯახებს. არც თუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც ლუდომანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.
საქართველოში სათამაშო ბიზნესზე მკაცრი კონტროლი არ ხორციელდება. განსაკუთრებით, ონლაინ თამაშებისას.
„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ ერთ-ერთ ანგარიშში აღნიშნულია, რომ „კვლევის მიხედვით, 16-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკი სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით ორჯერ უფრო მაღალია”
ამავე ანგარიშში წერია, რომ სწორედ აქედან გამომდინარე, მოზარდებისთვის აზარტულ თამაშებზე წვდომის შეზღუდვა ევროპული სახელმწიფოების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„ონლაინ-თამაშების გავრცელებამ კიდევ უფრო გაადვილა არასრულწლოვანთა წვდომა აზარტულ თამაშებზე.
ეს პრობლემა საქართველოშიც არსებობს, არასრულწლოვნების აზარტულ თამაშებში ჩართვის რისკი კიდევ უფრო მაღალია ონლაინ-თამაშებისას _ მიუხედავად იმისა, რომ ქართული კანონმდებლობით არასრულწლოვანს ეკრძალება ფულზე აზარტული თამაში და ქართულ ვებგვერდებზე რეგისტრაციისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენება მოითხოვება, ამ პროცესში სერიოზული ხარვეზი მაინც არსებობს. კერძოდ, ონლაინ-თამაშებში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის მომენტში პირადობის მოწმობის მონაცემების შეყვანა, თუმცა მონაცემების სიზუსტის კონტროლის მექანიზმი ძალიან სუსტია.
ჩვენ მიერ ჩატარებული ტესტის შედეგად, აზარტული თამაშების რამდენიმე ვებგვერდზე დარეგისტრირება შესაძლებელია პირადი ნომრის ველში ნებისმიერი თერთმეტნიშნა კომბინაციის შეყვანით, ასევე, რეგისტრაციის მომენტში არ მოითხოვება პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლის ატვირთვა და არ ხდება პერიოდულად მომხმარებლის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემების გადამოწმება“, _ წერია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევაში.
საქართველოში აზარტული მოთამაშეების რაოდენობისა და მათ მიერ წაგებული თანხების შესახებ სტატისტიკა არ არსებობს, შესაბამისად, შეუძლებელია შევაფასოთ, ეს მაჩვენებელი საქართველოში მაღალია თუ დაბალი.
როგორც „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოში“ აღნიშნავენ, ამ საკითხზე არ არსებობს სახელმწიფოს მიერ ჩატარებული რაიმე მნიშვნელოვანი კვლევა, რაც აზარტული თამაშების სოციალური დანახარჯებს შეისწავლიდა და გამოავლენდა ამ პრობლემის სიმძიმეს. პრობლემის, რომელზეც ბევრი ადამიანი საჯაროდ დღემდე არ საუბრობს.
„ვცდილობ თავი დავანებო აზარტულ თამაშებს, კერძოდ, პოკერს. პოკერს რომ “ვთამაშობდი” (ბრჭყალებში იმიტომ, რომ დიდი ხანი არ გასულა, რაც ბოლოს ვითამაშე) აზროვნების უნარი თითქოს მემატებოდა _ ათას რამეზე ვფიქრობდი, არა მხოლოდ კარტებზე და მათი მოსვლის ალბათობებზე. ყოველი თამაშის შემდეგ, მისგან სრულიად განსხვავებულ მოვლენებს ვუკავშირებდი პოკერს, თანაც საკმაოდ ლოგიკურად და ცხადად.
“ვფიქრობდი”, რომ პოკერი ცხოვრებაა და ცხოვრება პოკერია. სადღაც შეიძლება ასეც არის, მაგრამ თუ ცხოვრება პოკერს ჰგავს და პოკერი ძალიან გიყვარს, ჯობს, ცხოვრება ითამაშო და არა პოკერი და სხვა აზარტული თამაშები. ამ დასკვნამდე მივედი.
ახლა უფრო დავკონკრეტდები: თავდაპირველად პოკერის თამაში ვისწავლე „ევროპა-ბეთზე“, ახალი გახსნილი რომ იყო. თამაშის სწავლა “დამიჯდა” 2 500 ლარი. შემდეგ რატომღაც საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ არ არსებობს ვარიანტი, ქართველი არ „კლიაუზნიკობდეს“,-მეთქი, ანუ ქართულ პოკერრუმებში კარტები შემთხვევითობის პრინციპით არ რიგდება,-მეთქი. გადავწყვიტე ევროპულ რუმში გადავსულიყავი, კერძოდ, „პოკერ-სტარზე“ და ასეც მოვიქეცი. დავიწყე $10-$20 ჩარიცხვები. ხშირად იყო მომენტები, რომ კარგად ვიგებდი, თუმცა, გამოტანაზე ძალიან იშვიათად თუ მიფიქრია.
მყავს ოჯახი და ერთი შვილი, 9 თვის გოგონა. მუშაობით არ ვმუშაობ, “ვსწავლობ” (ბრჭყალებში იმიტომ, რომ პოკერის ბრალია), მშობლები მეხმარებიან შეძლებისდაგვარად _ საზღვარგარეთ არიან. მყავდა მანქანა, რომელიც 2 თვის წინ გავყიდე 2 000 დოლარად და თანხა ჩავრიცხე საბანკო ანგარიშზე.
აქვე აღვნიშნავ, რომ მანქანა თამაშის მიზნით არ გამიყიდია _ წამით არ მიფიქრია, რომ მაგ ფულით პოკერს ვითამაშებდი, მაგრამ რომ შევხედე, რომ სულ ერთი-ორი დაწკაპუნება იყო საჭირო იმისთვის, რომ ეს თანხა საბანკო ანგარიშიდან პოკერის ანგარიშზე გადამეტანა.
რაღაცამ წამძლია და ჯერ 100 დოლარი გადავრიცხე. თამაშის განმავლობაში, დარჩენილ 1 900-ზე უკვე წარმოდგენა შემეცვალა. არ ვფიქრობდი იმას, რომ ეს ფული მანქანის გაყიდვით მქონდა მიღებული. ის თანხა იმედს მაძლევდა, რომ კიდევ შემეძლო თამაში ამ 100-ის წაგების შემთხვევაში, უკვე აღარც ეს 100 მენანებოდა და სულელურად წავაგე. შემდეგ 400 გადავრიცხე, დავამრგვალე ჩემი “დებილი” ჭკუით. თითქოს სერიოზულობა მომემატა, მაგრამ მაინც წავაგე რამდენიმე საათში…
მოკლედ, დეტალურად და კაპიკ-კაპიკ რომ არ ვწერო ჩემი ტრანზაქციების შესახებ, გეტყვით, რომ სულ წავაგე 2000 დოლარი. თანაც ისე, რომ არავის გაუგია.
ბოლო კაპიკის წაგებისთანავე, ვიგრძენი, რომ წნევამ ამიწია, ოფლმა დამასხა, შევედი საბანაოდ და ვფიქრობდი, როგორ გამომესწორებინა ჩემი შეცდომა, თან ისე, რომ არავის გაეგო. გადავწყვიტე, ოქროს ყელსაბამი დამელომბარდებინა. მეორე დღეს მასეც მოვიქეცი, ესეც ისე ტექნიკურად, რომ არავის გაუგია, სახლში იყო მეუღლე, სიდედრი და ძიძა…
ოქროში ავიღე 700 დოლარი, ჩავრიცხე 100, ავედი 600-ზე, თან ჩემს მეუღლეს ვუთხარი, რომ უფასო ტურნირში მოვიგე 50 დოლარი და ავედი 100-ზე,-მეთქი. ხანდახან ისიც მიყურებდა, და თავისი თვალით ხედავდა, რომ ვიგებდი, ავდიოდი ნელ-ნელა მეტ თანხაზე და 600-ზე ისე ავედი, რომ მეუღლეს, არა თუ ეჭვი შეეპარა რამეში, არამედ დარწმუნდა ჩემს „იგროკობაში“, უხაროდა ამხელა თანხის მოგება, მეხვეწებოდა, გამოიტანეო, თუმცა, მე სულაც არ მიხაროდა, მაგრამ მაგასაც ვახერებდი არ შემემჩნია. ავედი 800-ზე და 600 გამოვიტანე მეუღლის დიდი თხოვნის შედეგად. დარჩენილი 200 დოლარი ზუსტად 5 წუთში წავაგე იმაზე ფიქრით, რომ კვლავ 800-ზე ავიდოდი ძალიან მარტივად…
ძალიან გამიგრძელდა სიტყვა, აღსარებასავით გამომდის, იმიტომ, რომ არავისთან მილაპარაკია ამ თემაზე ასე დაწვრილებით. მოკლედ მივედი დასკვნამდე, რომ ნარკომანს შეიძლება ვინმემ დაანებებინოს თავი ნარკოტიკისთვის, ლოთს შეიძლება დაანებებინო თავი დალევას, მაგრამ მოთამაშემ თუ თვითონ არ დაანება თავი, სხვა ვერავინ დაანებებინებს, შეიძლება, ვინმეს ეგონოს, რომ მოთამაშეს დაანებებინა თავი თამაშს, მაგრამ ამ სიტუაციაში ის ბლეფის მსხვერპლია, ეს მოთამაშეს არ გაუჭირდება… ასე რომ, თავად შეეცადეთ შეეშვათ ამ ნარკოტიკზე უარეს სენს“, _ ეს პოსტი ერთ ახლგაზრდას ეკუთვნის, რომელიც ფორუმზე გამოაქვეყნა, სადაც ამ თემაზე ბევრს საუბრობენ.
თუმცა, ყველა პოსტს ასეთი დასასრული არ აქვს _ ლუდომანები აქ წერენ, თუ რა სიამოვნებას იღებენ თამაშიდან, წერენ იმასაც, რომ „ზოგიერთ შემთხვევაში სულაც არაა ცუდი აზარტული თამაშები და მშვენივრად შეიძლება სიამოვნება მიიღოს ადამიანმა“.
„კონტროლს თუ გაუწევ თავს სიამოვნებასაც მიიღებ და „ჟილკასაც“ მოიკლავ“;
„უბრალოდ, ადამიანები თავის ცხოვრებაში არსებულ სიცარიელეს ამით ავსებენ. ეს პრობლემა ყოველთვის იარსებებს. თამაში არ იქნება, ნარკოტიკი იქნება, ან ალკოჰოლი. ყველაფერს ვერ აკრძალავენ. სამწუხაროა, მაგრამ ეს რეალობაა“;
„უკვე თავის მოკვლა მინდა, ისე ვარ. 10 000-ზე მეტი წავაგე წელს. გეფიცებით, 3 დღის წინ 2 500 ლარი მედო ჯიბეში და ახლა 20 ლარი მაქვს. სულ პოკერებში წავაგე, თან 1 ღამეში.
ისე მინდა გავიქცე, რომ ჩემი კვალი ვერ იპოვოს კაციშვილმა. როცა ფული მაქვს ბალანსზე, ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგულება ამ ქვეყანაზე. უფულობის დროს კიდე არ ვიცი, ვის მივმართო. მონასტერში ხომ არ წავიდ,- მეთქი სამუდამოდ, მაგაზეც ვფიქრობ, იმიტომ, რომ იქ 2 კვირით რომ წავიდე, აზრი არ აქვს. იგივეს გავაკეთებ აქ“;
„ახლა ერთი 20 000 მომცა სათამაშოდ და ნახევარ სიცოცხლეს მივცემდი, ისეთ დონეზე ვარ“;
„ასწორებს, რომ ნებისმიერ თანხაზე შეიძლება თამაში“;
„მაგან დამღუპა ზუსტად, თორემ ლარზე და ორ ლარზე რომ იყოს, აზარტი კი არა, გართობა იქნება“; _ წერენ ლუდომანები.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მოთამაშეთა დიდი ნაწილი ვერ აღიქვამს, ვერ აფასებს რეალურად თავის მდგომარეობას. ეს მდგომარეობა კი, როგორც მოთამაშეების დედები ამბობენ ,საკმაოდ მძიმეა.
თამრიკო ჯაფარიძე ლუდომანის მშობელია. სწორედ მან დააფუძნა ორგანიზაცია_ „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“.
,,მეც ლუდომანის დედა ვარ, როგორც სხვა ბევრი. გამწარებული ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ისეთი, რითიც ჩემსა და სხვის შვილებსაც ვიხსნიდი აზარტული თამაშების კლანჭებისგან. ასე მომივიდა იდეა, დამეფუძნებინა მოძრაობა “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“. გავაკეთე სოციალურ ქსელში გვერდი და თავი მოვუყარე ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც ეს პრობლემა აწუხებთ“, _ ამბობს ჯაფარიძე, რომლის ინფორმაციით, ახლახან ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსწავლე გოგონათა 15% და ბიჭების 40 % დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე.
_ როდესაც ორგანიზაციას ვაყალიბებდით და კვლევა დავიწყეთ, აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას ამ სფეროზე არანაირი კონტროლი არ ჰქონდა, _ გვითხრა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ უნდა გაუქმდეს ყოველგვარი ონლაინ თამაში, დაიხუროს ყველა სლოტ-კლუბი და ტოტალიზატორი; კაზინოები მოექცნენ უმკაცრეს რეგულაციებში; მოხდეს მოთამაშეთა მონაცემების ერთიანი ბაზის შექმნა, რითაც მოხდება მოთამაშის შემოსავლების იდენტიფიცირება:
_ სახელმწიფოს არ აქვს არანაირი სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანია ქვეყანაში თამაშზე დამოკიდებული. ჩვენი კვლევით ირკვევა, რომ მოთამაშეთა რიცხვი, ონლაინ რეგისტრაციების მიხედვით, 400 000-ს გადასცდა. ამას თუ დავამატებთ სხვა სათამაშო ობიექტებს, ეს რიცხვი უკვე მილიონს აღწევს. კატასტროფულად მზარდი სტატისტიკაა, _ ამბობს ჯაფარიძე.
მისივე თქმით აუცილებლად უნდა აიკრძალოს სათამაშო ბიზნესის რეკლამირება:
_ თბილისში, სათამაშო ბიზნესის რეკლამა 51-ე სკოლის წინ არის, რაც დაუშვებელია. ყველა სასწავლო დაწესებულებას უნდა მოშორდეს ეს რეკლამები. ტექნიკური უნივერსიტეტის მთელი სტუდენტობა „აჭარებეთში“ ზის. ამ მხრივ არანაირი რეგულაცია არ აქვს სახელმწიფოს. ჩვენ, ასევე, ვითხოვთ, ლუდომანების ოჯახის წევრებს მიეცეთ უფლება, მოთამაშე შავ სიაში შეიყვანონ.
ასევე, კატეგორიულად ვითხოვთ, რომ თუ ადამიანს არ აქვს წლიური შემოსავალი 40 000-დან 50 000 ლარამდე, არ მიეცეთ ონლაინ თუ სხვა ტიპის თამაშებზე წვდომა. შემოსავლების სამსახურმა უნდა მოახერხოს ამ მონაცემების მოგროვება და მოხდეს ისეთი კატეგორიის პირების დაბლოკვა, რომლებსაც არ აქვთ მაღალი შემოსავალი, _ ამბობს ჯაფარიძე ჩვენთან საუბრისას.
ორგანიზაციის დამფუძნებელს მიაჩნია, რომ ამ თემაზე ყველამ ხმამაღლა უნდა ისაუბროს და პრობლემის ირგვლივ ყველა უნდა გაერთიანდეს.
_ ერთ-ერთ შეხვედრაზე პარლამენტის წევრი, სოფო კილაძე მოვიდა, რომელსაც მთელი მედია მოყვა. წავიდა კილაძე და მერცხლის გუნდივით გაყვნენ ჟურნალისტები უკან. ძალიან კარგი პიროვნებაა ქალბატონი სოფო, მაგრამ მედია ხელისუფლების წარმომადგენელს კი არ უნდა მიყვებოდეს, ჩვენს გვერდით უნდა იდგეს და ჩვენი ხმა ყველას მიაწვდინოს. ესაა მთავარი, _ გვითხრა ჯაფარიძემ.
აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პარლამენტშიც დაწყებული აქვთ. ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა, რომელსაც დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ხელმძღვანელობს.
სამუშაო ჯგუფში, პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს მთავრობის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შედიან.
რამდენიმე თვის წინ გამართულ შეხვედრაზე, ლევან გოგიჩაიშვილმა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების კონცეფცია წარადგინა:
„2012 წელთან შედარებით ათჯერ არის გაზრდილი ლარის ბრუნვა, რომელიც 4,5 მილიარდს შეადგენს, ეს ბევრად მეტია, ვიდრე ენერგეტიკაში, ან კომუნიკაციების ბიზნესში, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა შეიქმნას მარეგულირებელი კომისია, რომელიც ამ სფეროში პოლიტიკას განსაზღვრავს“, _ აღნიშნა შეხვედრაზე გოგიჩაიშვილმა.
შეხვედრაზე ითქვა ისიც, რომ სახელმწიფომ უნდა შეზღუდოს ონლაინ სათამაშო სივრცე, არ გაიცეს ლიცენზიები და შეიზღუდოს საერთაშორისო სათამაშო კომპანიებზე ხელმისაწვდომობა, რომლის საშუალებითაც, მილიონობით დოლარი გაედინება ჩვენი ქვეყნიდან; ასევე, უნდა გაიზარდოს აზარტულ თამაშებზე დაშვების ასაკობრივი ცენზი.
ლევან გოგიჩაიშვილი ამ შეხვედრის დროს ვარაუდობდა, რომ სამუშაო ჯგუფი შესაბამის კანონპროექტს პარლამენტს საშემოდგომო სესიისთვის წარუდგენდა, თუმცა, როგორც გაირკვა კანონპროექტი არ მომზადებულა:
_ ახლა პოზიციების შეთანხმების პროცესში ვართ მთავრობასთან. უხლოეს პერიოდში გავასაჯაროებთ ჩვენს გადაწყვეტილებას ამ შეთანხმების შესახებ, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ლევან გოგიჩაიშვილმა.
თამარ ჯაფარიძე ამბობს, რომ საკითხი უნდა დაჩქარდეს და კანონპროექტი პარლამენტმა რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს, რადგან ყოველდღე ამ სენით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება.