დგას თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმის მექანიზმის შეჩერების წინაშე _ ამ საკითხთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა.
,,როდესაც საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, მიეცათ შენგენის ზონასთან და მასთან დაკავშირებულ სახელმწიფოებთან უვიზო რეჟიმის მიმოსვლის ნებართვა, მაშინ იყო შეთანხმებული და საქართველოსთვის კარგად იყო ცნობილი, რომ ევროკავშირი შეიმუშავებდა მექანიზმს, რომლის მიხედვითაც, თუკი საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საფრთხეს შეუქმნიდა ევროკავშირის სახელმწიფოების უსაფრთხოებას ან სხვა რაიმე პრობლემას გააჩენდა, მაშინ ევროკავშირს ექნებოდა უფლება, შეეჩერებინა გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის შესახებ. ამ ინსტრუმენტის შემუშავებას დასჭირდა დიდი ხანი და სულ რამდენიმე დღის წინ გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვით, ეს ინსტრუმენტი საბოლოოდ შემუშავებულ იქნა ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს მიერ“, _ გვითხრა მენაღარიშვილმა.
ირაკლი მენაღარიშვილი, როგორც ექსპერტი გვეუბნება, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე საშიშ ჯგუფს არ წარმოადგენენ, თუმცა, მისი თქმით, მექანიზმის შეჩერებასთან დაკავშირებით გერმანიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოს მოქალქეებისთვის გამფრთხილება უნდა იყოს.
,,შეჩერების მექანიზმის ამოქმედება გახდება საჭირო, როგორც კი ჩვენი თანამოქალაქეები გარკვეულ ნორმებს დაარღვევენ. ჯერ ამგვარი პრობლემა არ გასჩენია არც ერთ ქვეყანას. გერმანიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იქ საქართველოდან ჩასული თავშესაფრის მომთხოვნელთა რაოდენობამ მოიმატა, თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებზე შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება, მაგრამ განცხადება გაფრთხილებაა იმისა, რომ შეთანხმება და წესები ჩვენმა მოქალაქეებმა მკაცრად დაიცვან. ამის შესახებ საუბარი მქონდა ევროკავშირის ქვეყნის არა ერთ წარმომადგენელთან. საქართველოს მოქალაქეები სულაც არ წარმოადგენენ ყველაზე შემაწუხებელ ჯგუფს. ბევრად უფრო დიდი და სერიოზული ნაკადია ევროპაში, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპიდან, ბალკანეთის სახელმწიფოებიდან და ა.შ.
ჯერჯერობით,საქართველოს მიმართ საშიშროება უვიზო რეჟიმის შეჩერების არ არსებობს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა ქვეყანამ მუშაობა შეასუსტოს და ამ მუშაობისთვის არა მარტო სურვილი და პოლიტიკური განცხადებებია საჭირო, არამედ კონკრეტული ნაბიჯები, როგორც ჩვენი სამართალდამცავების მხრიდან, ისე სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ. ეს სამუშაო უნდა გაძლიერდეს. გერმანიის წარმომადგენლის განცხადებით, ატყობენ, რომ წესების დამრღვევთა მატების ტენდენციამ მოიმატა, რაც უნდა იყოს სიგნალი იმისა, რომ ზომები მივიღოთ, რათა ამგვარი სიგნალი არ იქცეს რეალურ საფრთხედ“, _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან“ ირაკლი მენაღარიშვილმა.