იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტრეფიკინგის თემაზე გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალური რაუნდი და დახურვის ღონისძიება გაიმართა. პროექტის მონაწილე სტუდენტებს ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ შესაბამისი სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე ყოველწლიური შეჯიბრია სტუდენტებს შორის. წელს პროექტში ჩართული იყო სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 37 სტუდენტი.
პროექტი მიზნად ისახავს თბილისისა და რეგიონების სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ტრეფიკინგის საკითხებზე; ასევე, სასამართლოში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების გამომუშავება-დახვეწას.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში ავტორიზებული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერი ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტს. იმიტირებული სასამართლო პროცესი შედგება ორი ეტაპისაგან − წერითი და ზეპირი რაუნდები. სტუდენტებმა იმიტირებულ სასამართლო პროცესზე წარმოადგინეს დაცვის და ბრალდების პოზიციები.
პროექტში მონაწილე ყველა სტუდენტს სერტიფიკატები გადაეცა, ხოლო ფინალში გადასული გუნდის წევრები თემატური ლიტერატურით დასაჩუქრდნენ.
იმიტირებული პროცესი პირველად 2016-2017 წლებში შედგა. აღნიშნულ პროექტს იუსტიციის სასწავლო ცენტრი იუსტიციის სამინისტროსთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით და საქართველოში ევროკაშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. (R)