ტელეკომპანია “იბერიის” ჟურნალისტების სახელით, სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ საფრთხეზე განცხადება რამდენიმე წუთის წინ პირდაპირ ეთერში გააკეთა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა.
“ტელეკომპანია იბერიას მთავარი დამფინანსებელი არის ომეგა ჯგუფი და მასში შემავალი კომპანიები, რომელიც სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. კომპანია ომეგა დღესაც დემპინგის მსხვერპლია, რაც ტელეკომპანია იბერიას სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უჩენს. არხზე მომუშავე ჟურნალისტები ვვარაუდობთ, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ტელეკომპანიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით.
ტელეკომპანია იბერია არის ტელევიზია, რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში ხდება მიუღებელი და დევნის ობიექტი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო. ჩვენ, ჟურნალისტები მოვუწოდებთ ხელისუფლებას აღკვეთოს ომეგა ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედბეები,” – განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.