21 თებერვალს, საინტერესო შეხვედრა შედგა ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, რომელიც საქართველოს მასშტაბით, თერთმეტ მაჟორიტარ დეპუტატთან შეთანხმებით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ყველაზე მტკივნეულ და საჭირო თემებთან დაკავშირებით იმართება.
უმთავრესი თემა, რაც ამ დროისთვის გურიის რეგიონს აწუხებს აზიური მავნებელი ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაა.
სტუმრებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ დაინტერესებული ფერმერები, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამმართველოს თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის მერი, ვიცე-მერი, საკრებულოს დეპუტატები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურამ ლიპარტიამ ისაუბრა ფაროსანას, როგორც საშიში მავნებლის შესახებ და მასთან ბრძოლის საშუალებებზე.
_ ჩვენ დიდ გამოწვევასთან გვაქვს საქმე და მავნებლის დასამარცხებლად სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ პროექტზე ვმუშაობთ. უმნიშვნელოვანესია დროული ღონისძიების გატარება, რისთვისაც ამ ეტაპზე შეუცვლელია ქიმიური პრეპარატები, _ თქვა ლიპარტიამ და ღონისძიების მონაწილეებს გააცნო თუ რა ღონისძიებას მიმართავს სახელმწიფო _ ბიუჯეტიდან გამოყოფილია 50 მილიონი ლარი. ამ თანხით შეიძენენ 120 შემასხურებელ აგრეგატს, ასევე 120 ავტომანქანას, რომელზეც აგრეგატი დამაგრდება.
ზურაბ ლიპარტიამ განმარტა, რომ ზამთრის ძილიდან ფაროსანა სითბოს მიხედვით გამოდის. აპრილში დებს კვერცხს და წამლობის ჩატარებას შედეგი განსაკუთრებით აქვს 3-4 კვირის განმავლობაში, ნიმფობის პერიოდიდან.
შეხვედრის მონაწილეებს სლაიდების მეშვეობით აჩვენეს ფაროსანას ზრდის შვიდი მდგომარეობა, როცა ხუთ პოზიციაზეა ბრძოლა შედეგიანი.
_მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე, 24 საათიან რეჟიმში მოვახდენთ ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარებას. ამ საქმეში ჩართული იქნება ყველა სამინისტრო, _ ხაზგასმით აღნიშნა მან და ასევე დაზუსტებული ინფორმაცია მიაწოდა დამსწრეებს _ 120 ერთეული შესასხურებელი აპარატი მარტის ბოლომდე საქართველოში იქნება და გადანაწილდება რეგიონებში.
რაც შეეხება კონკრეტულად გურიას, აქ 15-20 ერთეული ტექნიკაა გათვალისწინებული. შეხვედრის მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის, იაპონური კრაზანის შემოყვანის შესახებ ინფორმაციამ.
_ ამ მწერის შემოყვანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დაკვირვების შედეგად არანაირი საშიშროება არ იქნება მოსალოდნელი. იაპონური კრაზანა, რომელიც ითვლება ფაროსანას უპირველეს მტრად, მთლიანად ღონისძიებების გატარება აგებული იქნება მავნებლის ბიოლოგიაზე.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე, გაზვიადებულია თუ არა იაპონურ კრაზანაზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი ნაკბენი ადამიანზე სასიკვდილოდ მოქმედებს და მისი შემოყვანა დაუშვებელია, პასუხი გასცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა ზურაბ ხიდაშელმა.
_ გეტყვით, რომ მაინც ინფორმაციის ნაკლებობასთან გვაქვს საქმე. ეს არის კრაზანისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მილიმეტრნახევრიანი მწერი. წარმოიდგინეთ, კოღოს ნახევარი ზომისა. ის აზიური ფაროსანას კვერცხში დებს კვერცხს, ანუ არის კვერცხის პარაზიტი. არ ერჩის არც ადამიანს, არც ცხოველებს. დააზიანებს თუ არა ის სხვა სასარგებლო მწერების კვერცხებს? ჩვენ ამისთვის მივავლინეთ შვეიცარიაში მეცნიერები და მალე გვეცოდინება პასუხი. ისე კი, ჩინეთსა და კორეაში ეს კრაზანა 90%-ით მხოლოდ ფაროსანას კვერცხს აზიანებს და არა სხვას, _ თქვა ზურაბ ხიდაშელმა.
ზურაბ ლიპარტიამ განსაკუთრებით აღნიშნა ანასეულის ჩაის და სუბტროპიკულ კულტურათა ინსტიტუტის შესახებ, რომელიც უდიდესი მეცნიერული კვლევების ცენტრი იყო.
_ აქ სამეცნიერო კვლევით ცენტრის და ლაბორატორიის შექმნა იგეგმება. მოგეხსენებათ, წლების წინ საქართველოში იყო რამდენიმე ბიოლაბორატორია, რომლებიც ბიოპრეპარატებს აწარმოებდა. სწორედ ასეთივეა ჩაფიქრებული და გამოყოფილია თანხა. ანასეულში მოეწყობა ლაბორატორია, სადაც აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის ძიება მოხდება . ეს არის იაპონური კრაზანა. ფაქტობრივად, აზიურ ქვეყნებში ეს ბუნებრივი მტერი არეგულირებს აზიური ფაროსანას რიცხოვნობას. ხოლო ამერიკაში, ევროპის ქვეყნებში თუ ჩვენთან, ფაროსანას არ დახვედრია თავისი ბიოლოგიური მტერი და დახვდა შესანიშნავი საკვები ბაზა. საკვები, რითაც ეს მავნებელი იკვებება, დიდი უმრავლესობა არის საქართველოში. ამ საკითხის გათვალისწინებით ხშირად ისმის კითხვა, შემოიყვანენ თუ არა საქართველოში ბუნებრივ მტერს, იაპონურ კრაზანას? თუ შემოვიყვანთ, მხოლოდ სამეცნიერო მიზნებისთვის და დავაკვირდებით, ხომ არ გამოიწვევს ის სხვადასხვა სასარგებლო მწერის განადგურებას, იგივე ადგილობრივი ფაროსანას განადგურებას. ამაზე ჩატარდება დაკვირვება, _ თქვა ზურაბ ლიპარტიამ და კვლავ ხაზი გაუსვა ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების უპირველეს მიზანს _ ჩვენი ამოცანა იქნება, ეს მწერი დავიყვანოთ მავნეობის ისეთ ზღვარზე, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს არსებითი ზიანი ვერ მიაყენოს.