,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გიორგი სეთურიძეს, ჩინური კომპანიის ,,სინოჰიდროს“ დარღვევებთან და გზების უხარისხო მშენებლობასთან დაკავშირებით დასკვნის გასაჯაროებას სთხოვს.
ორგანიზაცია თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ჩინური კომპანია, საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების მშენებლობის პროცესს უხეშად არღვევს, საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელს კი საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, რის გამოც მილიარდობით ლარი არამიზნობრივად იხარჯება.
,,აფბა“ უწყებას, ასევე, ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი გზების, სამტრედია-გრიგოლეთის ყველა ლოტის ფინანსური ხარჯვის მაჩვენებლების, ტრანზაქციების ადრესატი ბანკების და კომპანიების, გასაჯაროებას სთხოვს და აღნიშნავს, რომ დეპარტამენტმა, დაასაბუთოს ავანსების ვერ დაბრუნების პრობლემა, მათ შორის უკრაინული ,,ალტკომისთვის“ 47 მილიონი ლარის გადარიცხვის საკითხი, რომელიც კომპანიის გაკოტრების გამო ვერ ხერხდება. უკრაინული კომპანია, საქართველოში საავტომობილო გზების მშენებლობას ახორციელებდა, რომელმაც ტენდერით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა.
,,გურია ნიუსი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გიორგი სეთურიძეს ესაუბრა.
_ ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ განცხადებით, თქვენ საზოგადოება შეცდომაში შეგყავთ და დასკვნას არ ასაჯაროებთ…
_ „ჩემი მხრიდან, არაერთი ოფიციალური ინტერვიუ იყო გაკეთებული მაგ საკითხთან დაკავშირებით. ახლაც ჩათვალეთ, როგორც ჩემი ოფიციალური კომენტარად, მინდა გითხრათ, რომ ყველა დასკვნა გასაჯაროებულია და ნებისმიერ მსურველს მიუწვდება ხელი“.
_ რას იტყვით, ჩინურ კომპანიის ,,სინოჰიდროს“ მიერ დარღვევებზე და არის თუ არა პრობლემური კომპანია? ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ განცხადებით, გზების დიდ ნაწილზე არ ჩატარებულა ექსპერტიზა, ახლად აშენებული გზები და ხიდები მწყობრიდან გამოდის.
_ „ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს, მათ ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია ჩვენთვის და არსად კომპანია ,,სინჰიდრონი“ არ არის მოხსენიებული, როგორც პრობლემური კომპანია და არც შავ სიაშია შეყვანილი. მსოფლიო ბანკს ჰქონდა პრობლემები ამ კომპანიასთან, დისკვალიფიკაციის საბაბი და შეზღუდვა, მაგრამ 2016 წელს ეს შეზღუდვა მოიხსნა. დანარჩენი კომპანიები ჩვენთან ვინც ფუნქციონირებს და ვინც არის ჩვენი დონორი, მათ შესახებ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ოფიციალური გვერდზე ინფორმაცია არ არის გამოქვეყნებული. მიმდინარე ტენდერების შერჩევა-შეფასების პროცესში, როდესაც ,,სინოჰიდრო“ მონაწილეობს, არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მათ დისკვალიფიკაციას და მონაწილეთა სიიდან ამოღებას არ ითხოვს. ამის შესახებ არა ერთხელ ვისაუბრე.
,,აღნიშნული ორგანიზაცია, ფაქტები რომლითაც აპელირებს, არასწორად იყენებს. მიმდინარე პროექტებში ხშირად არის გაუთვალისწინებელი მოვლენები, რომელსაც ჩვენ ვასწორებთ და საბოლოოდ გზას გახსნის შემდგომ, ორი წლის მანძილზე, კონტრაქტორი ორგანიზაცია ემსახურება და მას აქვს დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი. ის, რაც მათთვის თვალნათელი გახდა და რაც ადგილზე ნახეს დაზიანებული კონსტრუქციები, ექვემდებარება გამოცვლას. ეს არის პროცესი, რომელიც აუცილებლად დასრულდება ისე, რომ გზას არანაირი ტექნიკური პრობლემა არ შეექმნება“.
_რატომ არ საჯაროვდება მილიარდობითი ლარის მიზნობრივობა და სატენდერო პირობების ცვლილება რამ გამოიწვია?
_„მინდა უკუშეკითხვით მოგმართოთ, რომელი დასკვნა გახდა საფუძველი იმასა, რომ ეს ორგანიზაცია ასეთ ინფორმაციას ავრცელებს. ვთხოვ, გაასაჯაროონ ექსპერტიზის ის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ პრობლემებია და პრობლემები იქმნება. ასეთი დასკვნა კი არ არსებობს. რაც შეეხება საპროექტო ცვლილებებს, ნებისმიერ პროექტში, მითუმეტეს, გზის პროექტებში არის პრაქტიკა, რომ ხშირად ხდება ცვლილებები, რისი მიზეზებიცაა, პირველ რიგში, უკეთესი საინჟინრო გადაწყვეტილება, მეორე, ნაკლები დრო, თუ რა თქმა უნდა, შესაძლებელია და აუცილებლად ნაკლები ფასი, ყველა ეს პირობა უნდა იყოს დაცული, ჩვენს შემთხვევაში, ყველა ეს პირობა დაცულია“.
_ბატონო გიორგი, აღნიშნული ორგანიზაცია, ითხოვს ,,ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი გზების, სამტრედია–გრიგოლეთის ყველა ლოტის ფინანსური ხარჯვის მაჩვენებლების და ტრანზაქციების ადრესატი ბანკები და კომპანიების გასაჯაროვებას…
_ „ვინ და რა რეგულაცია ითხოვს ამას, ტრანზაქციებს, ბანკებს და ა.შ გამოქვეყნდეს, იქნებ თვითონ გვითხრან. ასეთი მოთხოვნა არც ყოფილა, არც ითვალისწინებს საერთაშორისო ხელშეკრულებები. რაც შეეხება საჯარო ინფორმაციას, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ინფორმაცია, ამ ორგანიზაციის მიერ იყო გამოთხოვილი, იმ კონკრეტული კანონმდებლობის მითითებით, ის კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს, რადგან ეს არის საერთაშორისო პროექტები და სულ სხვა რეგულაციებით რეგულირდება. საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ამ ორგანიზაციას ეს ინფორმაცია გადაეცა, შეუძლიათ ეგ გაასაჯაროონ. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს მივაწოდეთ, ვთანამშრომლობთ მედიასთან, ეგ ორგანიზაცია კი ჩვენთან კონტაქტზე არ გამოდის და მხოლოდ შემოიფარგლება, ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციით და ცრუ ბრალდებებით.
_ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ინფორმაციით, უკრაინულ კომპანია ,,ალტკომიდან“ რომლიც გაკოტრდა, ვერ ხერხდება ავანსის სახით გადახდილი 47 მილიონი ლარის ამოღება…
_ ეს ფაქტი, რომ გადარიცხულ იყო „ალტკომისთვის“ ავანსის თანხა, დაახლოებით სამი წლის წინ, სიმართლე შეესაბამება, ამავე დროს ,,ალტკომთან“ კონტრაქტი შეწყვეტილია და დადგენილი წესით მიმდინარეობს, საბანკო გარანტიებით ავანსის თანხის და მიყენებული ზარალის გამოთხოვნა. ის, რომ ამოღება ვერ ხერხდება, ძალიან საინტერესოა, რომ ინფორმაციის გამავრცელებლებმა ინფორმაციის წყარო დაასახელონ, რადგან ჩვენთვის გაუგებარია ვინ ავრცელებს ასეთ დეზინფორმაციას. ჯერჯერობით, ასე არ არის და თუ რაიმე პრობლემები შეგვექმნა, ჩვენ გვაქვს, ხერხები იმისათვის, რომ თანხა დავიბრუნოთ.“
_ რას იტყვით, ჩინურ კომპანია ,,რკინიგზა 23“-ისთვის თანხის ბუნდოვან ანაზღაურებაზე?
_ „ესეც არის, აბსოლუტურად არასწორად გავრცელებული ინფორმაცია. თუ ორგანიზაციას ან ორგანიზაციებს აქვს ბიუჯეტის წინაშე დავალიანება, ამ ვალის, მართვა და შეთანხმებები არის უშუალოდ ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივა. თუ იციან, რომ ყადაღა ადევს ამ ორგანიზაციას ყველა ანგარიშზე, მაშინ გაასაჯაროონ ეს ინფორმაცია. ჩვენთვის, ასეთი ინფორმაცია ცნობილი არ არის. ჩვენ ფულს ვრიცხავთ ლარებში საქართველოში და არსებულ ანგარიშზე“.
_ ასევე, აღნიშნული ორგანიზაცია მოგიწოდებთ, გაასაჯაროვოთ, ჩინური და ყაზახური კომპანიების მიერ შეცვლილი პროექტები და წარადგინოთ ცვლილებების ექსპერტული და ფინანსური დასაბუთება …
_ ესეც არის არასწორი ინფორმაცია. ჯერ, ერთი რომელია ყაზახური კომპანია და რა შეცვალა ყაზახურმა კომპანიამ, იქნებ მიგვითითონ თუ იქ რამე არასწორი იყო, რაიმე ალტერნატიული,
თუნდაც, ექსპერტული დასკვნა გააჩნიათ. გვითხრან, როცა ასეთ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. ყველა ცვლილება, რომელიც არის განხორციელებული საგზაო დეპარტამენტის არსებობის განმავლობაში, არის საერთაშორისო დამოუკიდებელი ინჟინრების მიერ შეფასებული, გათვლილი და დამტკიცებული შესაბამისად“.