იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებთან და ამავე საბჭოს მიერ გახმაურებული საქეების განმხილველი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“ მმართველი გუნდის წევრს ზაქარია ქუცნაშვილს ესაუბრა.
_ ბატონო ზაქარია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ განამწესა, მათ შორის არიან გახმაურებული საქმეების _ სულხან მოლაშვილის, სერგო თეთრაძისა და ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესების განმხილველი მოსამართლეები, ულახავს თუ არა იმიჯს აღნიშნული ფაქტი სასამართლო სისტემას?
_ მე, ზოგადად, წინააღმდეგი ვიყავი კონსტიტუციის იმ განაწესისა, რომელიც მოსამართლეებს საპენსიო ასაკამდე განამწესებს უვადოდ. მგონია, რომ სჯობდა, გვქონოდა უფრო დიფერენცირებული მიდგომა საერთო სასამართლოების სისტემისადმი, ვიდრე ერთიანი მუნიფიცირებული, რომლის მიხედვით, ყველა მოსამართლე გამოსაცდელი ვადის შემდეგ პირველი ინსტანცია იქნება, მეორე ინსტანცია თუ უზენაესი, ინიშნება უვადოდ. ჩემი აზრით, ვადიანი პერიოდით დანიშვნა შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო პირველ და მერე ინსტანციის სასამართლოებში, ხოლო უვადოდ განმწესება უნდა მომხდარიყო უზენაეს სასამართლოში იმ კარიერული დამსახურებიდან და წინსვლიდან გამომდინარე, რასაც პირველი ორი ინსტანციის გავლის შემდეგ მოსამართლე დაიმსახურებდა. სამწუხაროდ, მათ შორის ჩვენი დასავლელი მრჩევლებისა და ადგილობრივი ექსპერტების დაჟინებული მოთხოვნით, ჩვენ გადავედით უვადო დანიშვნის სისტემაზე საერთო სასამართლოების სამივე დონეზე. ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში არსებული შეშფოთება უსაფუძვლო არ არის. მითუმეტეს, ამ შეშფოთებას კიდევ უფრო მეტი სიმწვავე მისცა პრემიერის განცახდებამ. ასე, რომ შეუძლებელია, საზოგადოების წევრებს ჰქონდეთ განსხვავებული ემოცია.
_ თავად იუსტიციის საბჭოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი ამბობენ, რომ ამ სისტემაში პროცესები ,,ქუჩური გარჩევების“ ფონზე მიმდინარეობს, ხელს უწყობს დემოკრატიული სტანდარტების დამკვიდრებას აღნიშნული ფაქტი?
_ მე შევიკავებდი თავს დამოუკიდებელი ხელისუფლების განშტოების საქმიანობაში ჩარევისაგან, მოგეხსენებათ, რომ სასამართლო ხელისუფლებას მართავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. მე თავად გახლდით მისი წევრი ხანმოკლე დროით და ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკოსები გამოგვეყარა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან და ეს ხელისუფლება და მისი მართვის რგოლი პროფესიულ საფუძველზე ყოფილიყო დასაქმებული. მე შევიკავებდი თავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც სასამართლო ხელისუფლების განშტოების მმართველი რგოლის საქმიანობის შეფასებისაგან.
ცნობისთვის, 2018 წლის 22 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა გაიმართა თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებულ იმ მოსამართლეთა უვადოდ განსამწესებლად, რომლებმაც საბჭოს წერილობითი განცხადებით მიმართეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით 50 კანდიდატიდან უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე, 44 მოსამართლე გაამწესეს, რომელთა შორის არიან სულხან მოლაშვილის, სერგო თეთრაძისა და ვანო მერაბიშვილის გახმაურებული საქმეების მოსამართლეები.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ განმწესებაზე უარი უთხრა 6 მოსამართლეს _ ცისანა სირბილაძეს, ირაკლი შავაძეს, მიხეილ ბებიაშვილს, კობა გოცირიძეს, ეკატერინე პართენაშვილს და დავით კეკენაძეს.