ძველი თბილისის რაიონში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, სპეცტექნიკით კლდის ერთკვირიანი ნგრევის შედეგად მთაწმინდის ქედმა ჩამოშლა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების ასოციაცია ავრცელებს.
“არსებობს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროება, რაც უკიდურესად დიდ საფრთხეს შეუქმნის არამარტო ქედის ძირში გაშენებულ სახლებსა და იქ მაცხოვრებლებს, არამედ მთლიანად, ნინო ჟვანიას ქუჩის მოსახლეობას, _ ამბობენ ასოციაციაში.
როგორც „გურია ნიუსს“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა, ქართლოს თეთრაულმა განუცხადა, აღნიშნული სადემონტაჟო სამუშაოები კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ყველა უფლების დაცვით მიმდინარეობს და მშენებლობაზე არანაირი ზეგავლენა არ გააჩნიათ.
„ჟვანიას ქუჩაზე მდებარე საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს კერძო საკუთრებას, სადაც 2017 წლის 25 სექტემბერს შეთანხმებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის არქიტექტორული პროექტი და გაცემულია სამშენებლო ნებართვა. საპროექტო დოკუმენტაციაში წარმოდგენილია, ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა მასალა, მათ შორის ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური საექსპერტო შეფასება. შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენს სამსახურს მოცემულ მშენებლობაზე ზეგავლენის მოხდენის არავითარი კანონიერი ინსტრუმენტი არ გააჩნია“, _ ამბობს თეთრაული.
საავტომობილო გზების ასოციაციის ცნობით, მთაწმინდის ქედის დემონტაჟი ამ დროისთვის შეწყვეტილია, თუმცა, “მშენებლებმა” სერიოზულად დაზიანებული ქედი უპატრონოდ მიატოვეს, რის შედეგადაც, ჩამონაშალი მასა ყოველდღიურად იზრდება.