“აბეზარაზე” მუშაობისას ლეილა აბაშიძემ კარგად ისწავლა მანქანის მართვა. “მაია წყნეთელის” გადაღებისას ცურვა, ფარიკაობა, ცხენოსნობა, სროლა და სპორტის სხვა სახეობები აითვისა. ასე რომ, მას ყოველთვის დუბლიორის გარეშე იღებდნენ. სახიფათო ტრიუკების შესრულებისას, მის ცხოვრებაში ბევრი საინტერესო შემთხვევა ყოფილა.
“მაია წყნეთელში” ბატალური სცენების გადაღებისას მსახიობს არავინ ცვლიდა. მოძრაობის ტრაექტორია წინასწარ მონიშნული ყოფილა, მაგრამ ვიღაცას უცაბედად ცხენი ნაღმზე გადაუტარებია და აფეთქების ხმას “მაიას” ცხენი დაუფრთხია. არტახები გამწყდარა და მსახიობი უნაგირიანად ცხენის მუცლის ქვემოთ მოქცეულა. ფაფარს ჩაჭიდებულს უქროლია მცირე ხანს და უზანგში ჩაჭედილი ფეხის გათავისუფლებას ლამობდა, მაგრამ ახლა მეორე საფრთხე დაემუქრა. ცხენიდან გადმომხტარი შეიძლება სხვა მხედრებს გაეთელათ.
თავს იწყნარებდა, რომ გაწვრთნილი ცხენი არასოდეს გაგთელავს. როგორც იქნა, გაითავისუფლა თავი და ცხენიდან გადმოხტა. უკან მთელი ამალა მოჰყვებოდა. თუმცა, ლეილა აბაშიძეს არაფერი ახსოვს. როდესაც გონს მოვიდა, ნაბადში გახვეულს “მოასვენებდნენ”. ერთი კი გაუფიქრია, “თურმე როგორი ყოფილა სიკვდილიო?!”
არც “თბილისი-პარიზი-თბილისის” გადაღებებს ჩაუვლია ტრავმის გარეშე. როცა საჰაერო ბურთი მიწისკენ ეშვებოდა, ასე ათიოდე მეტრიღა იყო მიწამდე დარჩენილი და მსახიობს უფიქრია, ეს უკვე უსაფრთხო მანძილიაო და გადმომხტარა. ამ ნომრის შემდეგ დიდხანს ყოფილა საწოლს მიჯაჭვული.