დღევანდელ წერილში კიდევ ერთ ცნობილ ქართველ ფეხბურთელზე ვისაუბრებთ. გასული საუკუნის 60-იან წლებში გიორგი სიჭინავა იმდროინდელი თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. 1964 წელს ქართველმა ფეხბურთელებმა საბჭოთა კავშირის პირველობაზე ნანატრ გამარჯვებას მიაღწიეს. ამ წარმატებაში გიორგი სიჭინავას დამსახურება უდიდესი გახლდათ. სამწუხაროდ კარიერა ადრიანად – 28 წლის ასაკში დაასრულა.
გიორგი სიჭინავა დღეს ჩვენი სტუმარია და საკუთარ საფეხბურთო ბიოგრაფიას თავად გაიხსენებს.
„ფეხბურთის თამაში 5 თუ 6 წლისამ დავიწყე. პირველი მწვრთნელი რეზო შარტავა გახლდათ. 15 წლისა უკვე გაგრის „ტორპედოში” ვთამაშობდი – ჩვენ საქართველოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფში გამოვდიოდით.
ანდრო ჟორდანია ქართულ ფეხბურთში მოვლენა იყო! თურმე ჩემს შესახებ ყველაფერი სცოდნია და მალე 15 წლის ბიჭმა საქართველოს მეორე ლიგიდან საკავშირო უმაღლეს ლიგაში ამოვყავი თავი! ეს ის დროა, როცა „დინამოს” ლეგენდარული ავთანდილ ღოღობერიძე კაპიტნობდა.
გუნდში სანამ ჩავირიცხებოდი, მანამდე იმდენი „მოვახერხე”, რომ ფარიკაობაში სამუდამო დისკვალიფიკაცია მომისაჯეს. საქართველოს სპორტკომიტეტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ კი გაიოცა, დასჯილს „დინამოში” რა უნდაო, მაგრამ ჟორდანიამ უთხრა, ჟორა ფარიკაობიდანაა მოკვეთილი, თორემ ფეხბურთში – არაო და მეც გზა „გამიხსნეს”.
„დინამოში” ერთმანეთზე უკეთესი ფეხბურთელები დამხვდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ილია დათუნაშვილი, გივი ჩოხელი, შოთა იამანიძე, სიომა ბარქაია, ზაურ კალოევი, მიშა მესხი… მერე მათ მურთაზ ხურცილავა და სლავა მეტრეველიც დაემატნენ… მართლა ზღაპრული „დინამო” იყო!
17 წლისა უკვე ძირითადში ვთამაშობდი! დასამალი რაა: ბასა ღოღობერიძე მედგა გვერდით და მეც ვუჯერებდი. თუმცა ჩემი, როგორც ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი, რა თქმა უნდა, ანდრო ჟორდანიამ ითამაშა. და საერთოდ, 1964 წლის დაუვიწყარი გამარჯვებაც, ჩემი აზრით, სწორედ მან გამოჭედა – ყველა ფეხბურთელს მან მოუძებნა ის ამპლუა, სადაც მერე მთელი კარიერა გაატარეს.
მიხაილ იაკუშინთანაც ვიმუშავე და გავრილ კაჩალინთანაც. იაკუშინი უფრო მკაცრი იყო, კაჩალინი – შედარებით ლმობიერი. 1964 წელს კაჩალინის ხელმძღვანელობით გავხდით ჩემპიონები, მაგრამ იაკუშინის წვლილი ამ გამარჯვებაში არანაკლები იყო. სხვათა შორის, სწორედ მან შეცვალა „დინამოს” ტაქტიკური განლაგება: 3-5-2-დან 4-4-2-ზე გადაგვიყვანა.
იცით რატომ ვერ შევინარჩუნეთ ჩემპიონის ტიტული? ზეიმი ნამეტანი გაგვიგრძელდა და ამიტომ – ბურთი და ყანწი ერთად? გამორიცხულია! ფეხბურთელები თითქმის მთელი წელიწადი „პახმელიაზე” ვიყავით: ხან ერთ რესტორანში გვპატიჟებდნენ, ხან მეორეში, ერთი „დიდი კაცის” სუფრას მეორესი ცვლიდა და ასე შემდეგ. ჩვენ ხომ ყველგან და ყველასთვის უძვირფასესი სტუმრები ვიყავით?!
18 წლისა საბჭოთა კავშირის მეორე ნაკრებში მიმიწვიეს შოთა იამანიძესთან ერთად, 20 წლისამ კი პირველ გუნდში ვითამაშე. ნახევარდაცვაში, ჩემს პოზიციაზე ძალიან მაგარი კონკურენცია იყო: ნეტო, ვოინოვი, ვორონინი, მანოშინი, საბო – ერთი-მეორეზე უკეთესი ფეხბურთელები იყვნენ… ჩემი მთავარი კონკურენტი მოსკოვის ტორპედოელი ვალერი ვორონინი იყო, ნიჭიერი მოთამაშე და ჩინებული კაცი! კარიერა რომ დავასრულეთ, მოსკოვში ჩასულს ის მმასპინძლობდა, თბილისში და საქართველოში კი მე ვხვდებოდი.
ყველაზე ძალიან დონეცკსა და კუიბიშევში თამაში არ მიყვარდა. ერთხელ დონეცკში ჩვენს ავტობუსს ქვები დაუშინეს – ფანჯრები ჩაგვილეწეს, კუიბიშევში კი, მახსოვს, კაჩალინს ტრიბუნიდან ნასროლი ბოთლით თავი გაუტყდა.
ნიკოლაი მოროზოვის დროს ქართველები საბჭოთა კავშირის ნაკრებში უპრობლემოდ ვხვდებოდით: ობიექტური კაცი იყო, წარმომავლობის გამო არავის იწუნებდა და რაც მთავარია, ფეხბურთელის ფასი იცოდა. ქართველებს ხშირად გვიმეორებდა: სტალინის ვაჟისგან, ვასილისგან ბევრი სიკეთე მახსოვსო.
1965 წელს მეორედ მომისაჯეს სამუდამო დისკვალიფიკაცია – ამჯერად ფეხბურთში: ბაქოში ვთამაშობდით და ერთ მომენტში მარქაროვი წავაქციე. არც არაფერი, მაგრამ მან სიმულანტობა დაიწყო. ავდექი და მწარედ შევაგინე. ამ დროს მსაჯი მომვარდა და ყვითელ ბარათს მიჩვენებს, მარქაროვმა კიდე, თქვენ გაგინებდათო, უთხრა! მოკლედ, ახლა მსაჯს დავუწყე კამათი, ისე მომეშალა ნერვები, მუცელში ხელი წავავლე და წითელიც ამიფრიალა. თბილისში მატარებლით დავბრუნდით და სადგურზევე ამიყვანა ორმა კაგებეშნიკმა – ჩვენთან უნდა წამობრძანდეთო და პირდაპირ შინაგან საქმეთა მინისტრთან მიმიყვანეს. შევარდნაძე იყო მაშინ მინისტრი – კაბინეტში შესულმა ხელი გავუწოდე, მან კი არ ჩამომართვა და მორალის კითხვა დამიწყო… ბოლოს მითხრა, 58-ე მუხლის მიხედვით დაისჯებიო – საბჭოთა ხალხის მტრად მაქციეს!
ბიჭები ჯერ გაურკვევლობაში იყვნენ, მერე კი შოთა იამანიძე, როგორც გუნდის კაპიტანი, შევარდნაძესთან შევიდა და საქმეში გარკვევა სთხოვა. შემდეგ „ზემოდანაც” ჩაერივნენ სხვები და… მოკლედ, ციხის ნაცვლად შინაგანი ჯარების მერვე პოლკში გამიშვეს სავალდებულო სამსახურის მოსახდელად. იქ რა გამაჩერებდა?! ერთ დღეს გამოვიპარე და ცოტა ხანს თბილისის ზღვაზე ვიმალებოდი.
ვინ გადამარჩინა? ნიკოლაი მოროზოვმა! სპეციალურად ჩემს გამო ჩამოვიდა თბილისში, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანთან ვასილ მჟავანაძესთან შევიდა და უთხრა, ეგ ბიჭი საბჭოთა სპორტს და ჩვენს ნაკრებს ძალიან სჭირდებაო და თავდებში დამიდგა. მახსოვს, გაზეთ „ლელოში” ვიღაცას ჩემს ნაცვლად დააწერინეს გულისამაჩუყებელი წერილი: ვითომ ვინანიებდი, დავაშავე და მაპატიეთ-მეთქი… წლების მერე შევიტყვე, რომ შევარდნაძე დიდხანს ეწინააღმდეგებოდა ჩემს შეწყალებას.
დისკვალიფიკაციის შემდეგ ნაკრებში დამაბრუნეს და ჩემი თავი ვალერა ვორონინს ჩააბარეს, როგორც კომორგს – მას ჩემ „აღზრდაზე” უნდა ეზრუნა! შეკრებებზე მასთან ერთად ვცხოვრობდი. მალე მივხვდი, რომ ჩემზე უარესი ყოფილა: 1966 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ ინგლისში და ერთხელაც მეუბნება, წამო კაზინოში წავიდეთო! მისი მაშინდელი „დარიგება” არასდროს დამავიწყდება: „დაიმახსოვრე, ყველა სასტუმროში პირველი რაც უნდა გააკეთო, სათადარიგო შემოსასვლელი უნდა მოძებნოო”!
1965 წელს მოსკოვში ბრაზილიას ვეთამაშეთ. ისეთი ამბავი იყო, ბევრზე დამთრგუნველად იმოქმედა. მარცხენა მცველი გვყავდა, დანილოვი – მატჩამდე ხუთი დღით ადრე უთხრეს გარინჩას წინააღმდეგ ითამაშებო და კანკალი დააწყებინა! მერე ზოგს სიცხემ აუწია, სხვებს ტრავმები „გაუმიზეზდათ”, მოკლედ, იყო ერთი ალიაქოთი. რისი ეშინოდათ დღემდე ვერ ვხვდები – გეგონება ჩვენხელა ბიჭების კი არა, მხეცების წინააღმდეგ გადიოდნენ მინდორზე.
თამაშისწინა გარჩევაზე ბარქაიას ჟერსონის აყვანა დაავალეს, მე კი პელეს „დაჭერა” ვითავე არადა, პელეს დამჭერი მე კი არა, დედამიწაზე არავინ იყო! მწვრთნელმა გვითხრა, პელეს წინააღმდეგ ვინ ითამაშებსო და ხმა არავინ ამოიღო. მე კი ისე მინდოდა ბრაზილიელებთან თამაში, ვიყვირე – მე დავიჭერ პელეს-მეთქი! ასე მოვხვდი ძირითადში. აბა, ასეთი შანსის ხელიდან გაშვება იქნებოდა?!
რა მოხდა 1969-ში? დაწვრილებით ვერ გეტყვით, მაგრამ ის კი შემიძლია ვთქვა, რომ უსაზიზღრესი ბრალდებით დამაპატიმრეს – ქალის გაუპატიურება დამაბრალეს! რამდენიმე თვით ადრე შევარდნაძემ დამიბარა და ჭკუის დარიგება დამიწყო: მილიციის ოფიცერი ხარ, არ ეკადრება შენისთანა კაცს რეჟიმის დარღვევაო… მე კიდე ვუპასუხე: თბილი სიტყვებისთვის მადლობა, მაგრამ სჯობს თქვენს საქმეს მიხედოთ, დამნაშავეები დაიჭიროთ, მე კიდე ფეხბურთს ვითამაშებ-მეთქი. მისი კაბინეტიდან რომ გამოვედი, კი ვიფიქრე, ხომ არ გადავაჭარბე-მეთქი, მაგრამ უკან აღარ შევბრუნდი. ამ ამბისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია – მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადებოდი, მაგრამ 1969 წლის დეკემბერში დამაპატიმრეს. არცერთმა ქართველმა მოსამართლემ ჩემს საქმეს ხელი არ მოკიდა – ყველამ ყველაფერი იცოდა! ბევრმა დამიჭირა მხარი: კახი ასათიანმა, მურთაზ ხურცილავამ, შოთა იამანიძემ, ვიქტორ პონედელნიკმა, ჭიდაობაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა რომან რურუამ, მაგრამ მათ, ვინც ეს ამბავი შეთითხნა, უკან არ დაიხიეს – 27 წლის გიორგი სიჭინავაზე საჩვენებელი პროცესი გამართეს! ოთხი წელი მომისაჯეს. თავიდან გალის რაიონში, კოლონიაში ვიყავი სოფელ სიდაში, შემდეგ ციხიდან ციხეში დამატარებდნენ. ბოლოს როსტოვში ამოვყავი თავი. ფიქრობდნენ, ზეწოლას ვერ გაუძლებსო, მაგრამ საპატიმროებში, როგორც კი გაიგებდნენ ჟორა სიჭინავა მოიყვანესო, ყველგან უდიდეს პატივს მცემდნენ. საერთო ჯამში ციხეში შვიდი თვე გავატარე.
პატიმრობის შემდეგ ერთი სეზონი ვითამაშე რუსთავის „მეტალურგში“ – მეორე ლიგაში. სულ ცოტა დაგვაკლდა პირველ ლიგაში გადასვლამდე. ეს იყო და ეს, ამის მერე, 28 წლისამ ფეხბურთიდან წასვლა გადავწყვიტე.
წინადადებები როგორ არ იყო: ქუთაისის „ტორპედო” მიწვევდა, „დინამოში” ჩემს დაბრუნებაზეც ალაპარაკდნენ… ეგ კი არა, კონსტანტინ ბესკოვი შემეხმიანა და მოსკოვის „დინამოში” გადასვლა შემომთავაზა. იყო „კაირატის” ვარიანტიც – ზღაპრულ პირობებს მთავაზობდნენ, მაგრამ ყველაფერზე უარი ვთქვი – ჩემს მშობლიურ გაგრაში დავბრუნდი და 1992 წლამდე სპორტსკოლას ვხელმძღვანელობდი.
პელეს მაიკა? ჰო, თამაშის შემდეგ მე გამიცვალა მაისური. მოსკოვში 10 ათას მანეთს მაძლევდნენ სანაცვლოდ, მაგრამ არ გავყიდე. წლების მანძილზე გაგრაში მეკიდა ჩარჩოში ჩასმული. იქვე ჩემი და პელეს მატჩისშემდგომი ფოტო მქონდა გამოფენილი. ერთხელ სტუმრად ნაცნობი ქალბატონი გვეწვია და უყურა, უყურა ამ ფოტოს და მერე მეუღლეს ჰკითხა: შენი ქმარი რომელიაო?… ეჰ, კაი დრო იყო!“