არამხოლოდ ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ მცენარეთა დაცვისთვის საჭირო 200 ლიტრიანი ტევადობის შემასხურებელ აპარატებს მოსახლეობა თანადაფინანსების პრინციპით შეიძენს. ფერმერი მოწყობილობაში ღირებულების 20 პროცენტს გადაიხდის, დარჩენილ თანხას კი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაფარავს. თუმცა ავთანდილ მესხიძე მოსახლეობას მოუწოდებს რომ, ნუ დაელოდებიან შესაწამლი აპარატების დარიგებას და ფაროსანას წინააღმდეგ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენონ.
მავნებელთან ბრძოლის პროცესში განხორციელებულ ღონისძიებებსა და შედეგებზე გურიისა და ზუგდიდის შემდეგ აჭარის რეგიონში, დაბა ჩაქვში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე მოსახლეობას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე წლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააცნეს. ადგილობრივების შეკითხვებს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა და დარგის სპეციალისტებმა უპასუხეს.
დასავლეთ საქართველოს სამ რეგიონში შეხვედრები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით გახორციელდა.