ახალშობილთა სიკვდილიანობა მსოფლიოს ერთ-ერთ საგანგაშო საკითხად რჩება, განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში.
გაეროს ბავშვთა ფონდმა ბავშვთა სიკვდილიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოში ყოველდღიურად 7 000 ახალშობილი, ყოველწლიურად კი 2 მილიონზე მეტი ბავშვი იღუპება, დაღუპულთა უმეტესობა 1 თვემდე ასაკისაა.
კვლევის მიხედვით, ახალშობილების დაღუპვის მიზეზი ნაადრევი დაბადება, გართულებული მშობიარობა და ინფექციებია.
ანგარიშში, ასევე, ნათქვამია, რომ ორსული ქალები სიღარიბის, კონფლიქტის და სუსტი ინსტიტუციური ჩარჩოების გამო გაცილებით ნაკლებ დახმარებას იღებენ.
რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში, ხშირად იღუპებიან თუ არა ბავშვები, სად ფიქსირდება ყველაზე მეტი შემთხვევა, რა არის მიზეზი და რა კეთდება მდგომარეობის გასაუმჯობესებლად? _ ამ საკითხებზე „გურია ნიუსს“ გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტი თამარ უგულავა ესაუბრა.
მისი თქმით, უნისეფის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
„უნისეფის მიერ გამოქვეყნებული შეფასებითი მონაცემის მიხედვით, საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობის მდგომარეობა არის გაუმჯობესებული. ბოლო წლებში, 5-წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობის კლების ტენდენცია ფიქსირდება და 2015 წელს სწორედ ამ კლების საშუალებით, ჩვენ მივაღწიეთ მილენიუმის განვითარების მიზანს 5-წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის კუთხით. 5- წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობაში ყველაზე უფრო გამოკვეთილი ნაბიჯი რომელსაც, ასევე, დიდი წვლილი გააჩნია არის წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა და თვემდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ადრეულ ნეონატალურ სიკვდილიანობას. სწორედ ეს ადრეული ნეონატალური სიკვდილიანობა არის წამყვანი კომპონენტი, რომელსაც ყველაზე უფრო დიდი ადგილი უკავია ბავშვთა სიკვდილიანობაში“, _ ამბობს უგულავა.
მისივე თქმით, ბავშვების გადარჩენა იმ სერვისების ხარისხზეა დამოკიდებული, რაც მუცლადყოფნის პერიოდში და სამშობიაროში მიეწოდება, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს სამშობიარო სერვისების გაუმჯობესებას.
„ამ პერიოდში ბავშვთა გადარჩენა იმ სერვისების ხარისხზეა დამოკიდებული, რომელიც მას მიეწოდება სამშობიაროში და ასევე, მთლიანად ორსულობის პერიოდის მიმდინარეობისას და მის ხარისხიან მეთვალყურეობაზე. ამ კუთხით მუშაობა არ არის ახალი. მთელი პროგრამები, რაც დაგეგმილია ამ სამშობიარო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, დაიგეგმა იმ ცოდნით, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირველი კვირის და პირველი თვის განმავლობაში ბავშვთა მდგომარეობას. ამ მიზნით დაიგეგმა რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს ორსულობის პერიოდში ორსულის მეთვალყურეობას, რომ დროულად გამოვლინდეს მშობიარობასთან დაკავშირებული რისკები. რისკის გამოვლენის შემთხვევაში, ქალმა უნდა იმშობიაროს ისეთ დაწესებულებაში, სადაც ამ რისკის ადეკვატურად მართვა შეეძლებათ. აქამდე ქვეყანაში სამშობიაროების ასეთი გრადაცია არ არსებობდა. ეს პროცესი დაიწყო, დაახლოებით, 5 წლის წინ დაიწყო. თუმცა, თავმოყრილი იქნა 2017 წელს, როდესაც ყველა სამშობიაროს საქართველოში უკვე აქვს მინიჭებული თავისი დონე“, _ ამბობს უგულავა.
გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტის თქმით, ყველა სამშობიარო თანაბრად აღჭურვა ქვეყნისთვის დიდი ტვირთია, ამიტომ სამშობიაროები 3 დონედ იყოფიან.
„ყველა სამშობიარო თუ იქნება ერთნაირი ტექნოლოგიით და კომპეტენტური ადამიანური რესურსებით აღჭურვილი, ეს საკმაოდ დიდი ფინანსური ტვირთია ქვეყნისთვის. წარმოუდგენელია, რომ ყველა სამშობიარო იყოს აღჭურვილი იმ დონეზე, რომ მან გართულებული მშობიარობების მართვა შეძლოს. გარკვეული სამშობიაროები მიეკუთვნება 1 დონეს, სადაც მხოლოდ ფიზიოლოგიური მშობიარობაა შესაძლებელი, არის მე-2 დონე, სადაც ტექნიკური რესურსები ისეა თავმოყრილი, რომ აქ უკვე გარკვეული რისკის მქონე ორსულებს შეუძლიათ იმშობიარონ და შემდეგ არის სპეციალური, მე-3 დონის რეფერალური კლინიკები, სადაც უკვე განსაკუთრებული რისკის მქონე ორსულების მშობიარობაა შესაძლებელი. ამ სერვისების შედეგად, რისკები მინიმუმანდე არის დაყვანილი, მაგრამ პროცესს სჭირდება კარგი მონიტორინგი და ადამიანური რესურსების განუწყვეტელი გადამზადება, რომ კლინიკამ უპასუხოს განსაზღვრულ დონეს, რომლის შემოწმებაც ყოველ 2 წელში მოხდება“, _ ამბობს უგულავა.
როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტი „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, „უნისეფის“ ბოლო მონაცემების მიხედვით, დედათა სიკვდილიანობა ქვეყანაში საკმაოდ მაღალია.
„გაეროს ბავშვთა სიკვდილიანობის შეფასებითი მონაცემების მიხედვით, დედათა სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალი იყო და არ გვაქვს ისეთი სახარბიელო ტენდენცია, როგორც ბავშვთა სიკვდილიანობის შემთხვევებში. დედების კუთხით ეს არის 100 000 შობილზე 36 შემთხვევა, რაც საკმაოდ მაღალია. ოფიციალური სტატისტიკით, სიკვდილიანობის მაჩვენებლები შედარებით ნაკლებია. ვიმედოვნებთ, რომ გაეროს შეფასებაც 2017 წლის გადახედვა, უკვე შემცირებულ მაჩვენებლებს გვაჩვენებს. თუმცა, წარმატება დედათა სიკვდილიანობის კუთხით ისეთი არ არის, როგორც ბავშვთა სიკვდილიანობის კუთხით. 1 000 ცოცხალ შობილზე 5-წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობაში მაჩვენებელი გვაქვს 12“.
უგულავას თქმით, ეს შემთხვევები უკავშირდება მედპერსონალს, დედების ცოდნას და არა მშობიარობის პროცესს, რადგან ქალების უმეტესობა მშობიარობის შემდეგ გინეკოლოგთან კონსულტაციას არ გადის.
„პრობლემა უკავშირდება მედპერსონალის უწყვეტ გადამზადებას, მათ კომპეტენციებს, თვითონ დედების ცოდნას და არა უშუალოდ სამშობიარო პროცესს. თვითონ დედათა სიკვდილიანობა არ არის ერთი კონკრეტული მიზეზით გამოწვეული, ეს არის სერვისების ერთობლიობა, დაწყებული ორსულობის პერიოდიდან გაგრძელებული სამშობიარო სერვისებით და მშობიარობის შემდგომი მოვლით. მაგალითად, საკეისრო კვეთების პროცენტი არის ძალიან მაღალი და საკეისრო კვეთის მერე ქალები უნდა გადიოდნენ მშობიარობის შემდგომ კონსულტაციას გინეკოლოგთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი კონსულტაცია, როდესაც საქმე გვაქვს გართულებულ მშობიარობასთან, რადგან, შესაძლოა, ამ პროცესს რამე გართულება მოყვეს, რამაც გარკვეული პერიოდის შემდეგ იჩინოს თავი. ჯერ ერთი, რომ ქალს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა და ცოდნა, რომ ამ გართულების ნიშნები ამოიცნოს და დროულად მიაკითხოს ექიმს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მშობიარობის შემდგომი კონსულტაციების კულტურა არ არსებობს, თუმცა, სახელმწიფო პროგრამაში გაწერილია, რომ სახელმწიფო ფარავს კონსულტაციას მშობიარობის შემდეგ გინეკოლოგთან. ამიტომ დედათა სიკვდილიანობაში რამდენიმე პროცენტი დაკავშირებულია ამ კონსულტაციის არჩატარებასთან, როცა უკვე გამოვლინდება რამე გართულება, იმდენად პროგრესირებს, რომ გამოსწორება უკვე შეუძლებელი ხდება“, _ ამბობს უგულავა.
გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტის თქმით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი საქართველოს იმ ქალაქებშია, სადაც მე-3 დონის რეფერალური კლინიკები მდებარეობს. ყველაზე მეტი შემთხვევა კი თბილისში ხდება.
„სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი არის იქ, სადაც არის მე-3 დონის რეფერალური კლინიკები. მაგალითად, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში. ყველა გართულებული მდგომარეობის მქონე ორსული ამ კლინიკებში მშობიარობს. შესაბამისად, ამ კლინიკებშია ყველაზე მეტი ბავშვთა სიკვდილიანობა. თუ რუტინულ მონაცემებს ამოვყრით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თბილისში, რომლის შეფასებითი ნაწილი ძალიან რთულია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაზე ცუდი სამშობიარო სერვისები არის თბილისში და ამიტომ იღუპება ყველაზე მეტი ახალშობილი აქ“, _ ამბობს უგულავა.