1902 წელი იწურებოდა. პარიზის ქუჩების ქანქარიანი საათები 30 დეკემბრის დადგომას იუწყებოდნენ.
ღამის მგზავრები მშვიდად მიუყვებოდნენ შინისაკენ გზას. თითქოს უცნაური არაფერი ხდებოდა, მაგრამ ზუსტად ღამის 1.05 საათზე ყველა ქანქარიანი საათის ისარი ერთბაშად გაჩერდა!
გარშემო უცნაურმა სიჩუმემ დაისადგურა – ადამიანები წამით თითქოს ერთ ადგილზე გაიყინნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ გაოგნებული პარიზელების თვალწინ ყველა საათის ქანქარამ მძიმედ და რიტმულად დაიწყო რხევა.
პარიზის მაშინდელმა გამოცემამ, “ცოდნის მოამბემ” ეს მოვლენა ახალი წლის პირველსავე ნომერში აღწერა. “საათის ქანქარების გაჩერებისთანავე პარიზელებს თავბრუსხვევა დაეწყოთ, რომელსაც ღებინებისა და გულის წასვლის შეგრძნება ახლდა”, – წერდა გაზეთი.
პარიზის სეისმოლოგიური სადგურის დირექტორმა განაცხადა, რომ მიწის ოდნავი რხევაც კი არ დაფიქსირებულა და ატმოსფეროშიც არანაირი ანომალია არ მომხდარა. რაც ყველაზე საინტერესო იყო, იმ ღამით პარიზში მხოლოდ ქანქარიანი საათები გაჩერდა, ზამბარიანი საათები კი ჩვეულებრივ განაგრძობდნენ დროის აღნუსხვას.