სოფლებში გაზიფიცირების პროცესი 2009 წლიდან მიმდინარეობს. ბუნებრივი აირით ქვეყნის მთელი ტერიტორიის უზრუნველყოფა კვლავ აქტუალურ თემად რჩება, თუმცა, სოფლებში, სადაც მოსახლეობას ბუნებრივ აირზე ხელი მიუწვდება, საშეშე მერქანს, როგორც სათბობ საშუალებას, დიდი რაოდენობით მოიხმარენ.
რა არის საშეშე მერქნის დიდი რაოდენობით მოხმარების მიზეზი, შეშის და გაზის გარდა, კიდევ რა საშუალებების გამოყენება შეუძლია მოსახლეობას გასათბობად, ალტერნატიული გასათბობი საშუალებების მოხმარება როგორ აისახება ეკონომიკაზე, რა უნდა გაკეთდეს დღეს არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად _ ამ საკითხებზე „გურია ნიუსს“ ეკონომიკის დოქტორი, გარემოსდაცვითი ეკონომიკის მკვლევარი, დავით დარსაველიძე ესაუბრა.
როგორც დარსაველიძე აღნიშნავს, შეშის დიდი რაოდენობით მოხმარების უმთავრესი მიზეზები საცხოვრებელი სახლების არათბოეფექტურობა, გასათბობად საჭირო გაზის ფასის სიძვირე და ხშირად არასათანდო ხარისხია.
„სოფლად შინამეურნეობების საცხოვრისი სახლების უმეტესობა არათბოეფექტურია და საჭიროებს ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებას (თბოიზოლატორების გამოყენება და დათბუნების საშუალებების გამოყენება, ორმაგი მინის თბოეფექტური ფანჯრების მონტაჟი, სხვა). გარდა ამისა, გაზის სათბობად გამოსაყენებლად ფასი საკმაოდ ძვირია, ან რიგ შემთხვევაში, სოფლად გაზის მიწოდებაც არ არის სათანადო ხარისხის, ზოგჯერ ძნელია მისი საშუალებით ღუმელების ამუშავებაც კი.
რაც შეეხება შეშას, ის დღემდე, ფასის თვალსაზრისით, ყველაზე ხელმისაწვდომ ალტერნატივად ითვლება. მერქნის შეშად, როგორც ბუნებრივი რესურსით სარგებლობისთვის მოსაკრებელი მცირეა, სოციალური ჭრისთვის ბილეთის მიღება საკმაოდ ადვილია და თუ თავად ჭრის და ამზადებს შეშას, ის კიდევ უფრო იაფი, უკონკურენტო ალტერნატივად იქცევა.
საკმაოდ იაფია არაფორმალურ ბაზარზე გასაყიდად გამოტანილი შეშის ფასიც. სხვადასხვა რეგიონში მერყეობს, თუმცა, როგორც წესი, 1 კუბური მეტრი 100 ლარს არ სცდება“, _ ამბობს დავით დარსაველიძე.
გარემოსდაცვითი ეკონომიკის მკვლევარი „გურია ნიუსთან საუბარისას აღნიშნავს, რომ შეშამ სოციალური ფუნქცია უნდა დაკარგოს, რადგან მერქნული რესურსის გამოყენება უკვე იწვევს ტყეების დეგრადაციას.
„შეშამ თანდათან უნდა დაკარგოს სოციალური ფუნქცია, მას უნდა დაედოს რეალური ფასი, 1 კუბური მეტრი შეშისთვის 3-ლარიანი მოსაკრებელი ძალიან მცირეა.
ჩატარდა მთელი რიგი კვლევები, რითაც გამოიკვეთა, რომ 1კუბური მეტრი ფიცრის ყველაზე დაბალი ხარისხისა და იაფი მერქნის ღირებულება 200 ლარზე ნაკლებს არ შეადგენს. მაშინ, როცა, უმაღლესი ხარისხის წიფლისგან დამზადებული ფიცარი 400 აშშ დოლარსაც კი აღწევს. აქ არ გვაქვს საუბარი იშვიათ და ძვირადღირებულ მერქნულ რესურსებზე. შეშად გამოყენებ მერქნული რესურსის უმეტესი წილი კი სწორედ წიფელაზე მოდის. შესაბამისად, მერქნულ რესურსს თუ არ დავწვავთ ღუმელში და უმეტეს ნაწილს ალტერნატიული გზით გამოვიყენებთ (მაგ.: ფიცრის წარმოება), ბევრად მეტ სარგებელს მივიღებთ. თუმცა, ფაქტია, ამ ოდენობით მერქნული რესურსის გამოყენება უკვე იწვევს ტყეების დეგრადაციას და მისი მოხმარების შემცირებაზე უნდა ვიფიქროთ და არა სხვა ფორმით გამოყენებაზე“, _ ამბობს დარსაველიძე.
დავით დარსაველიძე მიიჩნევს, რომ შეშის არაფორმალური გაყიდვის აკრძალვა და სარეალიზაციო ფასის გაძვირება ერთ-ერთი გზაა, რომ მოსახლეობამ გაზი გასათბობ საშუალებად გამოიყენოს, სხვა შემთხვევაში კი შინამეურნეობების შემოსავლის დონემ უნდა მოიმატოს, რადგან ტყეების არარაციონალური მოხმარება მის გაქრობას გამოიწვევს.
„ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც მერქნულ რესურსს, როგორც ძვირადღირებულ ბუნებრივ რესურსს, თუნდაც შეშად გამოყენების დროს დაედება რეალური ფასი (ბუნებრივი მოსაკრებლის ზრდა), აიკრძალება შეშის არაფორმალური გაყიდვა და, შესაბამისად, გაიზრდება მისი სარეალიზაციო ფასი, შესაძლებელი იქნება შინამეურნეობების მიერ გაზის სათბობ რესურსად გამოყენება. სხვა შემთხვევაში, შინამეურნეობების შემოსავლის დონემ უნდა მოიმატოს და გარკვეულ ნიშნულს მიაღწიოს, რაც გაზის, როგორც უფრო კომფორტული გათბობის საშუალების გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.
ან, თუ ამ ფორმით გაგრძელდა ტყეების არარაციონალური მოხმარება, ტყე აღარ დარჩება და მაშინ შინამეურნეობებს მოუხდება ალტერნატიული სათბობი რესურსის მოხმარება ფასისა თუ კომფორტის მიუხედავად“, _ ამბობს ბატონი დავითი.
მისი თქმით, შეშის მოხმარების შემცირება ენერგოეფექტური ღუმელების და გამომშრალი შეშის გამოყენებითაც შეიძლება.
„სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერაც არაენერგოეფექტურ თუნუქის ღუმელებს იყენებს, რაც, დაახლოებით, ორჯერ მეტი რაოდენობის შეშის მოხმარებას მოითხოვს. საკმარისია აღნიშნული ღუმელები ჩანაცვლდეს ენერგოეფექტური ღუმელებით და რიგ შემთხვევაში, შეშის მოხმარება განახევრდება. ამასთან, ღუმელში მოხვედრილი შეშის უდიდესი ნაწილი ნედლია, რაც ნიშნავს, რომ გათბობისთვის უფრო მეტი შეშა უნდა დაიწვას. თუ შეშა გამომშრალი იქნება, შეშის მოხმარება სულ მცირე მესამედით შემცირდება.
მარტივად შეიძლება დავასკვნათ, რომ თუ შეშის ღუმელს სათანადოს შევარჩევთ (მაგ.: სვანური ღუმელი), ხმელ შეშას გამოვიყენებთ და სახლის დათბუნებას მოვახდენთ, შეშის მოხმარების მეოთხედზე დაყვანა თუ არა, განახევრება მაინც შესაძლებელი იქნება“, _ ამბობს დავით დარსაველიძე.
გარემოსდაცვითი ეკონომიკის მკვლევარის თქმით, შეშის ჩანაცვლების საკმაოდ ბევრი ეფექტური ალტერნატივა არსებობს, თუმცა მათი წარმოება და გამოყენება იშვიათად ხდება.
„შეშის ალტერნატივები არაერთია, მაგალითად, ბიონარჩენები (ბრიკეტები, პელეტები, ნახშირი (ქვანახშირი), თხილის ნაჭუჭი, „ჩიფსები“, ნახერხი და სხვა), რომელთა გამოყენება ნაწილობრივ ხდება, თუმცა, არა იმ მასშტაბით, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაშია შესაძლებელი.
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ბიონარჩენების გამოყენება არასისტემურ, არასაკმარის ხასიათს ატარებს. შინამეურნეობები/მოსახლეობა თითქმის არ იყენებს და საჯარო დაწესებულებების მხოლოდ მცირედი ნაწილია მომხმარებელი. რასაც სხვადასხვა ობიექტური მიზეზი აქვს: ბიოსაწვავის დადებით თვისებებზე დაბალი ცნობადობა, მაღალი ფასები, არასაკმარისი მიწოდება და სხვა.
ამასთან, ძალზედ მცირეა ბრიკეტებისა თუ პელეტების წარმოება, მაშინ, როცა ნედლეული, რაც გამოიყენება მათ საწარმოებლად, ნარჩენებად იქცევა ხოლმე და გარემოს დაბინძურების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს (მდინარეებში მოხვედრილი ნახერხი; ხის მოჭრის შედეგად ტყეში დაყრილი ნაფოტები, ანასხლავები, ტოტები, სხვა; მინდვრებში მოსავლის აღების შემდეგ ნამჯის გადაწვის პრაქტიკა; და ა.შ.). აღნიშნული საკითხის ნაწილობრივ დასარეგულირებლად ახლახან გაუმჯობესდა მარეგულირებელი ჩარჩოს რამდენიმე მიმართულება და მისი სათანადო აღსრულების შემთხვევაში, ვფიქრობთ, აღნიშნული პროცესი ნაწილობრივ დაიძვრება ადგილიდან. გარდა ამისა, აუცილებელია, როგორც ბიზნესის წახალისება, მსგავსი ბიოსაწვავის წარმოების უზრუნველსაყოფად, ასევე, აღნიშნული ბიოსაწვავის მოხმარების სტიმულირებაც, როგორ საჯარო დაწესებულებების, ისე მოსახლეობის მიერ მსგავსი სათბობი საშუალებების შესაძენად.
ვგულისხმობთ, აღნიშნული სათბობის დადებითი მხარეების პოპულარიზაციის, შესაბამისი თბოეფექტური ღუმელების თუ სხვა ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის (ფასი, მიწოდება) გაზრდას და სხვა მსგავს ღონისძიებებს“, _ ამბობს დავით დარსაველიძე.