გაჩენის პირველი დღეებიდანვე კინო დიდი პოპულარობით სარგებლობდა საქართველოში. 1907 წლისათვის თბილისში აშენდა ახალი კინოთეატრები: “მუზა”, “აპოლო”, ,,კოლიზეი”, “ლირა”, “მინიონი”, “სინემა-დისკი” და ა.შ. მათ, ხშირ შემთხვევაში, ან “პროჟექტორებს”, ან “ელექტრო-თეატრებს”, უწოდებდნენ (პირველი ელექტრო-თეატრი ,,აპოლო” იყო). თბილისელი მოქალაქე სედრაქ მაღალიანი იხსენებდა: ,,ჩემ დროს ტიფლისში… კინო იყო ,,მულენ რუჟი” (ალბათ, უნდა იყოს ,,მულენ ელექტრიკი” – ი. მ.)… შესასვლელში დიდი ელექტროწისქვილი ტრიალებდა. ახლაც თვალწინ მიდგას, პირველად რომ აჩვენეს, ფილმი – ქრონიკა იყო, რუსეთ-იაპონიის ომზე. დარბაზში ნემსი არ ჩავარდებოდა. ეკრანზე ქვეყანა იქცეოდა, ჯარისკაცები გარბი-გამორბოდნენ, ბომბები ფეთქდებოდა, პუბლიკა კიდევ ტაშს უკრავდა. პირველად უყირებდნენ კინოს”. შემდგომ წლებში კინოთეატრების რიცხვი გაიზარდა, მათი უმრავლესობა განლაგებული იყო მიხეილის (დღევანდელი აღმაშენებლის) გამზირზე. გოლოვინზე ერთადერთი კინოთეატრი ,,არფასტო” მდებარეობდა დღევანდელი კინოს და თეატრალური უნივერსიტეტის შენობაში და ის ცნობილ მიქაელ არამიანცს (ყველა როგორც საავადმყოფოს პატრონს რომ იცნობს) ეკუთვნოდა. კინოთეატრის დასახელება სავარაუდოდ წარმოებულია მისი შვილების სახელების პირველი ასოებიდან – არამ, ფლორა, ანა, სოგომონ, თამარა, ოვანეს –,,არფასტო”. კინოთეატრში მთელი სეანსის განმავლობაში 10-12 კაციანი ორკესტრი უკრავდა. მათ განკარგულებაში იყო უამრავი სხვადასხვა თხზულებისაგან შემდგარი მუსიკალური ბიბლიოთეკა, რომელიც სხვადასხვა გრძნობასა და განწყობილებას გამოხატავდა: ,,შეყვარებულთა პაემანი’’, ,,დევნა”, ,,დრამატული დაძაბულობა”, ,,ქარიშხალი” და სხვა. უკვე მაშინ მუსიკის საშუალებით ცდილობდნენ კინოკადრებთან ერთად განწყობილების შექმნას, მაყურებელზე უფრო მეტი ზემოქმედების მოხდენას და მხედველობით აღქმულის გაძლიერებას. თავისი არსით კინო არასოდეს ყოფილა მუნჯი, რადგან გაჩენის პირველი დღიდან მას ახმოვანებდა ტაპიორისა თუ ორკესტრის მიერ შესრულებული მუსიკა. უნდა დავამატო, რომ მუსიკალურ გამოფორმებელთა შორის იყვნენ განთქმული მუსიკოსებიც, მაგალითად, სერგეი რახმანინოვი, ევგენი მიქელაძე კინოსეანსის თანხლებ ორკესტრს დირიჟორობდა თურმე.
მთელი სეანსის განმავლობაში მუსიკა ახლდა გამოსახულებას, ის ჩერდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჭირო იყო დაცემის, გასროლის, ან სხვა რაიმე შესაბამისი ადგილის გახმოვანება. ადამიანი ისეა შექმნილი, რომ ის სამყაროს აღიქვამს არა მხოლოდ მხედველობით, არამედ სმენითაც და თუ გამოსახულებას თან არ ახლავს ხმა, საკუთარ წარმოსახვაში (თუ ვინმეს წარმოსახვის უნარი არ გააჩნია, მაგას ვერაფრით უშველი) ის თავადვე უთანხმებს და ,,ადებს” ხმაურებს (ზღვის ტალღები, ჩიტების ჭიკჭიკი, ჭექა-ქუხილი…), მუსიკას და სხვა ხმებს, ისევე როგორც ამას აკეთებენ პროფესიონალი ხმის რეჟისორები. საინტერესო ცნობებს იძლევა მემონტაჟე ვასილ დოლენკო რეჟისორისა და მუსიკალური აკომპონიატორის ურთიერთობაზე: ეკრანზე ფილმის ჩვენებისას რეჟისორი (გიორგი მაკაროვი) ,,ჯდებოდა პიანისტ-ილუსტრატორის გვერდით და იმ ადგილში, სადაც იყო სიუჟეტური ხაზის დაღმასვლა, ჩქმეტდა პიანისტს, მოითხოვდა ბგერის გაძლიერებას ფორტისიმომდე…” დოლენკოს ერთი რამ არ უთქვამს, ვისაც მაკაროვი ჩქმეტდა, ქალი იყო თუ კაცი…
თბილისში გაიხსნა უცხოური კინოკომპანიების ,,პატეს”, ,,გომონის”, ,,ამბროზიოს”, ,,ჩინეზის”, ლევინის, კოტანის ფილიალებიც. ეს უკანასკნელნი ადგილობრივი კინოთეატრების მფლობელებს სთავაზობდნენ საკუთარ პროდუქციას და, ამასთანავე, თავიანთ თანამშრომლებს ავალებდნენ გადაეღოთ დოკუმენტური სანახაობითი სიუჟეტები თბილისის ცხოვრებიდან, რასაც უცხოეთშიც აგზავნიდნენ და იქაურ კინოთეატრებშიც აჩვენებდნენ.
ეს სიუჟეტები რიგით მაყურებელს აძლევდა შესაძლებლობას ენახა ის, რისი ნახვის შანსი ცოცხლად ნამდვილად არ ექნებოდა, მაგალითად ნიკოლოზ მეორის კორონაცია, აფრიკაში ლომებზე ნადირობა ან ნიაგარის ჩანჩქერი. იმ დროს არ იყო იმის საშუალება და ფუფუნება, რომ ,,ცხელ წერტილიდან” ან საინტერესო ადგილებიდან ,,ცხელ-ცხელი” ამბები მიეწოდებინა საზოგადოებისათვის, ამიტომაც მაშინ ჩვეულებრივი ამბავი იყო რეალური ამბების დადგმა-რეკონსტრუქცია, რიინექთმენტს რომ ეძახიან და მისი მიწოდება როგორც სინამდვილისა. მაგალითად, ცნობილია რომ უესტმინისტერის სააბატოში ედუარდ VII-ის კორონაციამდე ცოტა ხნით ადრე, კინოს პიონერმა ფრანგმა ჟორჟ მელიესმა კოსტიუმირებულ მსახიობთა მეშვეობით დადგა და გადაიღო ედუარდის კურთხევის ცერემონია. კინოთეატრებში ეს სიუჟეტი კურთხევის რეალურ ქრონიკამდე ცოტა ხნით ადრეც კი გაუშვეს, მაყურებელი დარწმუნებული იყო რომ თვალს ადევნებდა მეფედ კურთხევის ნაღდ რეპორტაჟს, რაშიც ფულსაც იხდიდა; უფრო მეტიც, თავად ედუარდ VII-მ ,,იცნო” საკუთარი თავი და კმაყოფილი დარჩა მელიესის ნამუშევრით.
თურმე ხშირად, ვისაც ჰქონდა შეძლება და სურვილი ეკრანზე გამოჩენილიყო, კინოს მესვეურებს ფულს უხდიდა, რათა ისინი გადაეღოთ. მერე მოიყვანდა სინემატოგრაფში მთელ ოჯახობას, ნათესაობას და მეზობლობას, ან ძმა-ბიჭებს და თავსაც მოიწონებდა. თბილისის ცხოვრების ამსახველ დოკუმენტურ სიუჟეტებში, რომლებსაც უცხოური კინოკომპანიების ფილიალების ოპერატორები იღებდნენ ნაჩვენები იყო კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვლის, ადგილობრივი არისტოკრატიის მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში, სახელმწიფო დაწესებულებების გახსნის ცერემონიალები, ქეიფები ორთაჭალის ბაღში, კინტოების მუშტი-კრივი და ა.შ. (არ არის გამორიცხული, რომ ამ სიუჟეტებს ქართველებიც იღებდნენ და იმ უზარმაზარ მასალაში, რაც უცხოეთის არქივებში ინახება, დიღმელოვის გარდა, სხვა ქართული გვარებიც იყოს მითითებული. ამას ყველაფერს მოძებნა და შესაბამისად, ფინანსები სჭირდება). კინოსიუჟეტები ერთხელ და სამუდამოდ გამომუშავებულ მკაცრ კონსტრუქციას ექვემდებარებოდნენ. 40-დან 80-მდე მეტრის სიუჟეტი 3-5 კადრისაგან შედგებოდა და თემატურად ასახავდა სხვადასხვა საინტერესო ფაქტებს. ის რომ ფილმს ერთ კადრზე მეტი შეიძლება ჰქონოდა, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა ჟორჟ მელიესმა. ერთხელ გადაღებისას მას კამერაში ფირი გაეჭედა, ჩვენში ამას ოპერატორები ,,სალათას” ეძახიან. მელიესმა ერთწუთიანი შეფერხების შემდეგ განაგრძო გადაღება. როცა ფირი გაამჟღავნეს ნახეს, რომ ,,ამ ერთი წუთის განმავლობაში გამვლელებმა, ომნიბუსებმა, მანქანებმა ადგილი იცვალეს… და ომნიბუსი კატაფალკად, კაცები კი ქალებად გადაქცეულიყვნენ”. ანუ ერთ ადგილზე მდგარმა კამერამ ერთი უწყვეტი კადრი კი არ აჩვენა, არამედ ,,სალათის” გამო ადგილი იგივე დარჩა, მაგრამ ,,პერსონაჟები” შეიცვალნენ. ამ ,,გაჩერების ილეთით” მელიესი შემდეგ ხშირად სარგებლობდა. ნელ-ნელა ერთნაწილიანი, დაახლოებით ერთწუთიანი კინოფირიდან ფილმები მრავალი ნაწილისაგან დამონტაჟებულ ფირად გადაიქცა. 1905 წლიდან კი იგი დაახლოებით 10-12 წუთიან ფილმად ანუ one reeler-ად იქცა.
სამწუხაროდ, საქართველოში გადაღებულმა სიუჟეტების მხოლოდ მცირეოდენმა ნაწილმა მოაღწია ჩვენამდე (ასეთ დღეში მარტო ჩვენ არ ვართ, ამერიკული მუნჯი ფილმების 80% სამუდამოდ დააკარგულად ითვლება, მათი ერთი ნაწილი კინოსტუდიებში გაჩენილმა ხანძარმა შთანთქა, უფრო მეტი კი სპეციალურად განადგურდა, რათა საწყობებში ახალი ფირებისთვის ადგილი გაეთავისუფლებინათ). რაიმე ზუსტი მონაცემები დაკარგული სიუჟეტების რაოდენობასა და დასახელების შესახებ არ არსებობს. მიუხედავად ამისა, შემორჩენილი ფირთა რაოდენობა ნათლად მეტყველებს თუ რა ინტენსიურად მიდიოდა ამ მხრივ მუშაობა.