სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში, ჯამურად, 453 849 სოციალურად დაუცველი პირი, ხოლო 131 500 სოციალურად დაუცველი ოჯახია. სააგენტოს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველთა ყველაზე მაღალი რაოდენობა, თებერვლის მონაცემებით, თბილისში დაფიქსირდა.
,,გურია ნიუსი“ დაინტერესდა, რა სახის დახმარებას უწევს სახელმწიფო სოციალურად დაუცველ ოჯახებს და კითხვით სოციალური მომსახურების სააგენტოს მივმართეთ.
,,თანხა გაიცემა ქულების მიხედვით. კერძოდ, ოჯახი, რომელსაც 30 ათას ქულამდე აქვს თითოეულ წევრზე დახმარების სახით იღებს 60 ლარს. 30 ათასიდან 57 ათას ქულამდე ქონის შემთხვევაში, ოჯახის თითოეულ წევრზე გაიცემა 50 ლარი.
ოჯახი, რომლის ქულა 57 ათასიდან 60 ათას ქულამდეა, თითოეულ წევრზე იღებს 40 ლარს, ხოლო 60 ათასიდან 65 ათასამდე ქულის მქონე ოჯახი _ თითო წევრზე 30 ლარს.
გარდა მისა, ის ოჯახები, რომლებიც გვყავს ბაზაში და დამატებით ოჯახები, რომელთა ქულა 100 000-მდეა 10 ლარს მიიღებენ იმ შემთხვევაში თუ ოჯახის ერთ-ერთი წევრი ბავშვია.
მაგალითად, თუ ოჯახი 50-ლარიან დახმარებას იღებს და დავუშვათ, ოჯახში ორი მშობელი და სამი ბავშვია 50 ლართან ერთად დამატებით აიღებს 10 ლარს. გარდა ამისა, არსებობს ძალიან კარგი საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი, რომლითაც სოციალურად დაუცველები სარგებლობენ“, _ გვითხრეს სოციალური მომსახურების სააგენტოში.
არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი ანა არგანაშვილი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცახდებს, რომ სოციალური პროგრამა, რომელიც სიღარიბის დაძლევისკენ არის მიმართული, არაეფექტურად ფუნქციონირებს.
,,სიღარიბე ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ქვეყანაში და მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სოციალური პროგრამა, რომელიც სიღარიბის დაძლევისკენ არის მიმართული, სამწუხაროდ, ეფექტურად არ მუშაობს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბავშვების მდგომარეობა. როგორც ცნობილია, ყოველი მეოთხე ბავშვი არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, რაც პირდაპირ მოქმედებს განათლების უფლების შეზღუდვაზე, ბავშვის განვითარების შეზღუდვაზე, ირღვევა მთელი რიგი სხვა უფლებები.
სახელმწიფოს სიღარიბის ბრძოლასთან მიმართული პროგრამები არ არის მგრძნობიარე სხვადასხვა საჭიროების ჯგუფებისთვის, მაგალითად, ბავშვებისთვის.10-ლარიანი დანამატის შემოღება საკმარისი არ არის.
სახელმწიფოს პოლიტიკა მაშინ იქნებოდა ეფექტური, თუ ის მოახდენდა პრევენციას. სანამ ადამიანი სიღარიბეში აღმოჩნდება, მანამდე სჭირდება დახმარება. ის უნდა იყოს დასაქმებული, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკა სხვადასხვა სოციალურ სფეროში, მათ შორის, საცხოვრისის უზრუნველყოფის, დასაქმებისა და სოციალური დაცვის სფეროებში ძალიან სუსტია. სწორედ სხვადასხვა სოციალური მიმართულებების სუსტ პოლიტიკას აქვს კავშირი სიღარიბის გაზრდილ რაოდენობასთან“, _ გვითხრა არგანაშვილმა.