ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის შესახებ ინიცირებულმა კანონპროექტმა, რომლის ავტორები პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და აკაკი ზოიძე არიან, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ქილიკის საგანი გახდა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდიის დაფინანსება, რომელიც ოთხშვილიან ოჯახზე 20-ლარიანი პაკეტის გაცემას გულისხმობს, ხოლო ხუთ ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე დამატებით ბიუჯეტიდან 10-10 ლარს მიიღებს (ამ შემთხვევაშიც საუბარია ელექტროენერგიის სუბსიდიაზე ანუ დაფინანსებაზე).
იმისთვის, რომ საზოგადოებამ ზუსტად გაიგოს, რა სახის კანონპროექტზე ვსაუბრობთ და, ზოგადად, რა ძირითად მიმართულებებს აერთიანებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, თავად კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს დიმიტრი ხუნდაძეს ვესაუბრეთ.
,,ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ბოლო ოთხი წელია დემოგრაფიულ პოლიტიკას ახორციელებს და ამ მიმართულებით არა ერთი ინიციატივაა გახორციელებული. შეგახსენებთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მშობიარობის დაფინანსების პროგრამას, ასევე, ორსულთათვის წამლის უზრუნველყოფის პროგრამას და ასევე, მესამე და შემდგომი ბავშვის დაფინანსების პროგრამას, რომელიც ამოქმედებულია, რაც ყოველთვიურად ბარში 150-ლარიან დანამატსა და მთაში 200-ლარიანი დანამატის გაცემას გულისხმობს. საუბარია ყოველთვიურ დაფინანსებაზე, რომელიც გაიცემა იმ დრომდე, სანამ ბავშვი 2 წლის არ გახდება.
ახლა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის შესახებ პარლამენტში შემოვიტანეთ კანონპროექტი და მინდა, სწორად გაიგოთ, რა არის ამ ინიციატივის მიზანი.
ამ დრომდე მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი არ არსებობდა, 2006 წელს სტატუსი წინა ხელისუფლებამ გააუქმა. ჩვენ, ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, ეს სტატუსი აღვადგინეთ და მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ექნება ოჯახს, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ოთხი ან მეტი შვილი. კანონპროექტის მიზანია, სახელმწიფოს მხრიდან განისაზღვროს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის და ასევე, შემუშავდეს მრავალშვილიანი ოჯახების მხარდამჭერი პროგრამები.
კანონის შემუშავების მთავარი მიზანია, სამიზნე ჯგუფი გახდეს მრავალშვილიანი ოჯახი და აკუმულირება მოხდეს სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამის. ხაზი მინდა გავუსვა, ერთ-ერთი და არა ერთადერთი პროგრამა არის ის, რაც ჩვენ გავაჟღერეთ. მაგალითისთვის, ისეთი ტიპის ოჯახებზე, რომლებსაც სახელმწიფო გაუწევს დახმარებას ანუ მოახდენს ელექტროენერგიის სუბსიდირებას. წელიწადში გაიცემა 240 ლარი და ყოველ მომდევნო ბავშვზე ამ თანხას დაემატება 120 ლარი. აქ საუბარია 300 000 სარეიტინგო ქულით შეფასებული ოჯახებზე, ანუ ის ოჯახებიც კი, რომლებიც საშუალო კატეგორიის განკუთვნებიან დაფინანსდებიან ამ პროგრამით. ეს არის ერთ-ერთი იმ პროგრამათა შორის, რაც ამ მიმართულებით იქნება გახორციელებული. ეს საკანონმდებლო ინიციატივა იქმნება იმისთვის, რომ მოხდეს პროგრამების გააქტიუერება და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის მდგომარეობის შემსუბუქება. ჩვენ ვმუშაობთ, რათა მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვების განათლებაზე ვიზრუნოთ, სპორტულ აქტივობებში ჩავრთოთ. ეს არის იმ საკანონმდებლო ინიციატივის ჩანაწერი, რომლის სტატუსის მინიჭების წესს 2018 წლის 1 ივნისამდე მთავრობა შეიმუშავებს და მრავალშვილიანი მშობლის, ოჯახების მხარდაჭერას მოხდენს სხვადასხვა პროგრამებით“, _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან“ ხუნდაძემ.
დიმიტრი ხუნდაძე თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, კარგად გაეცნონ ამა თუ იმ კანონპროექტის ინიციატივასა და შემდეგ შეაფასონ მისი შინაარსობრივი მხარე.
,,საზოგადოება ზოგჯერ ჯერ აფასებს და შემდეგ კითხულობს იმას, რასაც აფასებს და აკრიტიკებს. ეს არის ძალიან აუცილებელი და კარგი ინიციატივა და მისი ჭარბი და ზედმეტი კრიტიკა, ვფიქრობ, არ არის სწორი. პარლამენტში დაგეგმილი გვაქვს შევხვდეთ არასამთავრობო სექტორს და თავად მრავალშვილიან ოჯახებს. თხოვნა მექნება საზოგადოებასთან, კრიტიკა მისაღებია, შეიძლება საჭიროც, მაგრამ, სანამ შეურაცხყოფას მიაყენებენ ამა თუ იმ პიროვნებასა და ინიციატივებს, ჯერ კარგად გაეცნონ შინაარსობრივ მხარეს“, _ გვითხრა დიმიტრი ხუნდაძემ.