რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია ქუჩაში ბოშებსა და ერთ-ერთ გამვლელს შორის დაპირისპირება, რა დროსაც, ერთ-ერთი ბოშა მას ბავშვს ესვრის.
როგორც „გურია ნიუსს“ სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა აცნობა, მსგავსი შემთხვევები ქუთაისში ხშირია.
ბოშები საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილია, რომელთა უმეტესობასაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვთ და მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან, შესაბამისად, „გურია ნიუსი“ დაინტერესდა, ვრცელდება თუ არა მათზე საქართველოს კონსტიტუცია _ რაზეც „ახალგაზრდა ადვოკატების“ კონსტიტუციონალისტს, გიორგი ლაბაძეს ესაუბრა.
მისი თქმით, კონსტიტუციურად 2 სახის უფლებები არსებობს, რომელთაგან ერთ-ერთი, კერძოდ, ადამიანის უფლებები, ყველაზე ვრცელდება.
„კონსტიტუციურად არსებობს ორგვარი უფლებები: ადამიანის უფლებები და მოქალაქეების უფლებები. ადამიანის უფლებები რეგულირდება კონსტიტუციით. მე-2 თავს როცა ჩავხედავთ, ხშირად ვნახავთ სიტყვებს: „ყოველი ადამიანი“. ყოველი ადამიანის უფლებებში შედის სიტყვის თავისუფლება, სასამართლოსთვის მიმართვის უფლება და ა.შ. პატივისა და ღირსების უფლება, პიროვნების განვითარების უფლება და სხვა. აქედან გამომდინარე ყოველი ადამიანის უფლება არის რომ მიმართოს სასამართლოს კანონიერი უფლებების დასაცავად, ვრცელდება, ასევე, სანქციაც. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაული, ვინც უნდა იყოს ის, საქართველოს თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ან სულაც მოქალაქეობის არმქონე პირი, სასჯელაღსრულებაში უნდა მიეცეს ან დაისაჯოს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. ის, რომ მოქალაქე არ არის, არ ნიშნავს, რომ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან და არ ნიშნავს, ასევე, იმას, რომ მისი უფლებები არ უნდა იყოს დაცული“, _ ამბობს ლაბაძე.
გიორგი ლაბაძის თქმით, ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, პატივის და ღირსების უფლების სრული გათელვაა.
„პირველ რიგში, პატივის და ღირსების უფლების სრული გათელვაა, როცა ადამიანს გამოიყენებენ იარაღად. სოციალური სივრცეა, ტექნოლოგიური პროგრესია. როცა ის ადამიანი გაიზრდება, შეიძლება საკუთარი თვალით ნახოს ის კადრი, როცა დედა იყენებს მას იარაღად. ხისტი და ძალიან ისეთი დარღვევაა, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით რეგულირდება. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მსგავს იარაღად გამოყენება არის პატივისა და ღირსების განაწესის ცალსახა დარღვევა. ასევე, თავისუფლების ხელშეუვალობაზეც, შესაძლოა, იყოს საუბარი. თუმცა, იმის გამო, რომ ბავშვი არასრულწლოვანია, რამდენად აქვს საკუთარი თავისუფლების განვითარების გონივრული შესაძლებლობა, მაგაზეა აქ საუბარი. ამიტომ თავისუფლების უფლებაზე, შესაძლოა, ვერა, მაგრამ პატივისა და ღირსების უფლებაზე შეგვიძლია აშკარად ვთქვათ, რომ არის ამ უფლების ხელყოფა სახეზე“, _ ამბობს ლაბაძე.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ კონსტიტუციონალისტი აღნიშნავს, რომ პატივის და ღირსების უფლება, ევროკონვენციიდან გამომდინარე, ხელშეუხებელია.
„პატივის და ღირსების უფლება არის ის უფლება, რომელიც ევროკონვენციიდან გამომდინარე არის ხელშეუხებელი. არსებობს უფლებები, რომლებიც, შესაძლოა, შეიზღუდოს გარკვეული საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე. მაგალითად, აქციის გამართვის უფლება, საზოგადოებრივი თავშეყრის უფლება, შეიძლება შეიზღუდოს თუ არ შეესაბამება კანონის ჩარჩოებს ან მოძრაობის წესებს ან სხვა უფლებებს არღვევს. ასევეა, აღმსარებლობის უფლებაც, თუ პირს მოუნდება შუა ტრასაზე ილოცოს, სამართალდამცავები მას აღკვეთენ, რადგან სხვა უფლებებს არღვევს. ეს ევროკონვენციით არის აღიარებული სამართალდამცავების ასეთი ქმედება, ხოლო პატივისა და ღირსების უფლება ისეთი უფლებაა, რომელიც ხელშეუვალია, თვით ტერორიზმთან ბრძოლის მიმართაც კი ხელშეუვალია. ამიტომ, ამ უფლების ხელყოფა ამ ფორმით დაუშვებელია და აკრძალული“, _ ამბობს ლაბაძე.
ის, ასევე, ამბობს, რომ ბოშა ბავშვები, რომლებიც ქუჩაში შემწეობას ითხოვენ, დაუდგენელია, საკუთარი ნებით აკეთებენ ამას, თუ ვინმე აიძულებთ. იძულებით ამ საქმიანობაში ჩართვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია.
„ისევ ბოშების თემა. ბავშვები, რომლებიც ითხოვენ შემწეობას, დაუდგენელია, რატომ ითხოვენ, საკუთარი ნებიდან გამომდინარე, თუ სხვა ავალებს მათ შემწეობის თხოვნას. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი. რაც გულისხმობს მათხოვრობას, ჩაბმას მსგავს ქმედებაში. კოდექსში არ არის მითითებული, რომ პირი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომ დაისაჯოს. გინდ არ იყოს საქართველოს მოქალაქე და ჩააბას არასრულწლოვანი, ბავშვი საზოგადოებრივად არაჯანსაღ ქმედებაში, მას უნდა შეეხოს პასუხისმგებლობა“, _ ამბობს ლაბაძე.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სოციალური ქსელით გავრცელებული ვიდეოს ირგვლივ გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს.