საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახაბერ ოქრიაშვილმა ჟენევის ფორმატში დაანონსებულ ცვლილებასთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსთან“ კომენტარი გააკეთა. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი გვეუბნება, ჟენევის ფორმატი იმაზე ეფექტური უნდა გახდეს, ვიდრე დღეს არის.
,,არსებული ჟენევის ფორმატი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაინცდამაინც არ არის ეფექტური, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფორმატი, რომელიც ერთადერთი არხია კომუნიკაციის, ეფექტური იყოს. მივესალმები ასეთ ცვლილებას.
არ ვიცი, როგორ შედეგი გვექნება საბოლოოდ, მაგარამ ცუდი მშვიდობა ჯობს ომს. ხომ არ გავიწყდებათ, რომ ჩრდილოელ მეზობლებთან ცუდი ურთიერთობები გვაქვს და გაყინული ომის პირობებში ვიმყოფებით. ხომ არ ავიწყდებათ ადამიანებს, რა პირობებში ვცხოვრობთ. ამაზრზენია ოპოზიციისა და ექსპერტთა ნაწილის განცხადებები.
ჟენევის ფორმატები მუშაობს და აუცილებელია მისი არსებობა, მაგარამ ამჟამად მისი ეფექტურობა არც ისე მაღალია, რაც ჩვენი ბრალი არ არის. უნდა ვეცადოთ, რომ ეს მოლაპარაებები, რაც შეიძლება ეფექტური გავხადოთ“, _ თქვა ოქრიაშვილმა.
ჟენევის დისკუსიების ცვლილებაზე ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, ჟენევის დისკუსიის მოლაპარაკებები ქვეყნის პირველი პირების ჩართვით უნდა წარიმართოს.
,,უნდა ვისაუბროთ ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე, იმიტომ, რომ ჟენევის ფორმატი თავიდანვე მე ვფიქრობ, არაეფექტურად იქნა ჩაფიქრებული თუ განხორციელებული. ქვეყნის პირველი პირების დონეზე იქნებოდა სასურველი“, _ განაცხადა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, გასული წლის ბოლოს პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟენევის დისკუსიების ფორმატის მინისტრის დონეზე ამაღლების და მასში პირადად ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა.