საქართველოში დაცული ტერიტორიების დაარსებას დიდი ხნის ისტორია აქვს. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა ჯერ კიდევ 1912 წელს. ამჟამად დაცული ტერიტორიების არსებული ფართობია: 596 156 ჰა, გეგმარებითი ფართობი: 656 398 ჰა.
2018 წელს დაგეგმილია შემდეგი ტერიტორიების გაფართოება: ყაზბეგის ეროვნული პარკი, ჯავახეთის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი.
2018 წლის ბოლომდე მომზადდება კანონპროექტები გეგმარებითი დაცული ტერიტორიებისთვის: რაჭის დაცული ტერიტორიები, სვანეთის დაცული ტერიტორიები ერუშეთის დაცული ტერიტორიები, რიონის დაცული ტერიტორიები, სამეგრელოს ეროვნული პარკი, გურიაში, პონტოს მუხის აღკვეთილი.
ბიომრავალფეროვნების კუთხით, დაცულ ტერიტორიებზე 2018 წელს იგეგმება შემდეგი პროექტების განხორციელება: ჯიხვების მონიტორინგი, კეთილშობილი ირმების მონიტორინგი, ჯეირნის აღდგენა, იმერული მუხის აღდგენა, შავი ზღვის ძუძუმწოვრების მონიტორინგი, კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების წარდგენა UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში; 10 ადგილის ნომინირება – 5 დაცულ ტერიტორიაზე, ფართობით: 75 000 ჰა.
ეკო საგანმანათლებლო ღონისძიებების ფარგლებში, იგეგმება შემდეგი აქტივობები: საინფორმაციო შეხვედრები, თემატური ლექცია-სემინარები, საინფორმაციო მასალების მომზადება, ეკო ტურები, გარემოსდაცვითი კამპანიების ჩატარება, მწვანე კალენდრის შესაბამისად.
ეკო საგანმანათლებლო ღონისძიებების, ერთ-ერთი კომპონენტია დაცულ ტერიტორიებზე ეკო ტურიზმის განვითარება.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის მხრივ, დაცულ ტერიტორიებზე პოზიტიური ტენდენციაა.
2017 წელს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 950 000-ს გადააჭარბა. რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 33%-ით გაიზრდა, ხოლო ქართველების 28%-ით. ვიზიტორთა 57% ქართველი, 43% კი უცხოელია. დაცულ ტერიტორიებს ვიზიტორები მსოფლიოს 97 ქვეყნიდან ესტუმრნენ.
ნავენახევის მღვიმე, საწურბლიას მღვიმე, ოკაცეს ჩანჩქერი, ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი_ეს ის ადგილებია, რისი დათვალიერებაც ახალ ტურისტულ სეზონზე ვიზიტორებს შეეძლებათ.
ნავენახევის მღვიმე – ადგილზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე. მღვიმეში დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა და მოეწყო ტურისტული ბილიკი. მღვიმე პირველ ვიზიტორებს ახალ ტურისტულ სეზონზე მიიღებს.
ნავენახევის მღვიმე განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა, რომელიც 80-იან წლებში ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო ტურისტებისთვის დაიკეტა.
ინფრასტრუქტურულ პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 980 000 ლარით იყო დაფინანსებული.
საწურბლიას მღვიმე – პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე იქნება კავკასიის რეგიონში, სადაც სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პირები გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას შეძლებენ. მღვიმის ბუნებრივი სამკურნალო თვისებები ჩეხი და ქართველი სპეციალისტების მიერაა შესწავლილი. ადგილზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი; ამბულატორია. მღვიმეში დამონტაჟდა განათების სისტემა. საწურბლიას მღვიმე ორ – აქტიურ და პასიურ ზონად გაიყო. აქტიურ ზონაში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, ხოლო პასიურ ზონაში განთავსდა შეზლონგები. მღვიმე პირველ ვიზიტორებს ახალ ტურისტულ სეზონზე მიიღებს. საწურბლიას მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში, პრომეთეს მღვიმიდან 2 კმ-ში მდებარეობს.
ინფრასტრუქტურულ პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 647 000 ლარით იყო დაფინანსებული.
ოკაცეს ჩანჩქერი – სოფელ კინჩხაში, ჩანჩქერის მიმდებარედ მოეწყო ინფრასტრუქტურა, პანორამული გადმოსახედი და ტურისტული ბილიკი. ვიზიტორთა ცენტრში ვიზიტორები სრული ინფორმაციის მიღებას შეძლებენ. პირველ ვიზიტორებს ტერიტორია ახალი სეზონიდან მიიღებს.
პროექტზე საქართველოს ბიუჯეტიდან 1 200 000 ლარამდე დაიხარჯა.
ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი – ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის სამშენებლო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. ადგილზე მოეწყობა საგამოფენო სივრცე, კაფეტერია და საკონფერენციო დარბაზი. შენობაში ასევე განთავსდება ადმინისტრაციის ოფისი.
ვიზიტორთა ცენტრი გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. პროექტის ეფექტურად განხორციელება საკონსულტაციო ჯგუფმა (GFA) უზრუნველყო. პროექტის ღირებულება 1 070 500 ლარს შეადგენს.
ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი – ცენტრში ტურისტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ პარკის ბიომრავალფეროვნების და ტურისტული სერვისების შესახებ. შენობაში საგამოფენო სივრცე, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და ადმინისტრაცია განთავსდება.
მშენებლობას გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს. პროექტის ეფექტურად განხორციელებას საკონსულტაციო ჯგუფი (GFA) უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 793 450 ლარს შეადგენს.
ფშავ–ხევსურეთის ეროვნული პარკი – 2018 წელს დაიწყება ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის სამშენებლო სამუშაოები.