მოჭრილი ხეები, გადათხრილი რელიეფი, დაზიანებული საგზაო ნიშნები _ ეს ის რეალობაა, რომელიც განსაკუთრებით აჭარაშია თვალშისაცემი. იქ, საიდანაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ხეებს თხრიან და ზღვის გავლით შეკვეთილში მოაქვთ.
ეს საკითხი არ აერთხელ გამხდარა ოპოზიციის კრიტიკის და აქციის მიზეზი, თუმცა, სიტუაცია არ იცვლება _ მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ხეები კანონმდებლობის სრული დაცვით გადააქვს, თავად გადატანის პროცესი, ოპონენტების თქმით, კანონს მიღმა გავიდა და ამის გამო პასუხი დღემდე არავის უგია.
ის კომპანიები, რომლებიც ყოფილი პრემიერისთვის მუშაობენ, ხეების გადატანის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით თავს არ იწუხებენ. დღემდე არავინ იცის, რა ზარალი მიადგა ბუნებას ამ პროცესების გამო.
ამ თემაზე ხელისუფლების წარმომადგენლები კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ. „გურია ნიუსი“ პირველი მედიასაშუალებაა, რომელმაც ამ თემაზე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის ლევან დავითაშვილის კომენტარის მოპოვება შეძლო. მინისტრი ამბობს, რომ სამართალდამრღვევები შესაბამის პასუხს მიიღებენ:
_ ჩვენი მიდგომა ნებისმიერი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ფაქტების დარღვევის მიმართ უკომპრომისობა და მყისიერი რეაგირებაა. უმაღლესი პრიორიტეტულობის დონეზე ავიყვანეთ ეს საკითხი _ მათ შორის, ტყის დაცვა და ა. შ. ჩვენ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ და ვაუმჯობესებთ ამ კუთხით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობის პროცესს. ნებართვების გაცემა კანონმდებლობის შესაბამისად ხდება და ამ ნებართვების პირობების დაცვა ყველასთვის სავალდებულოა. ჩვენ ამის მონიტორინგს ვახორციელებთ და იმ შემთხვევაში, თუ იქნება ნებართვის პირობების დარღვევა, შესაბამისი ადმინისტარციული სამართალდარღვევის ფაქტებზე შესაბამისი ღონისძიებები გატარდება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლევან დავითაშვილმა.
_ აწი გატარდება? რეალობას თუ შევხედავთ, უკვე გატარებული უნდა იყოს…
_ ჩვენ თითოეული ფაქტის შესწავლას ვახორციელებთ. თითოეულ პირობას გააჩნია თავისი ვადები და ვადების შესაბამისად საზოგადოება მიიღევს ინფორმაციას იმ რეაგირებაზე, რომელიც გვაქვს. ჩვენ, პრევენციის მიზნით, ვიდრე პირობების ვადები გავიდოდა, გვქონდა კომუნიკაცია კომპანიებთან, რომ მათ ზედმიწევნით დაეცვათ ის პირობები, რომლის მიხედვითაც უნდა იმუშაონ და რა პრიორიტეტებით აწარმოონ თავიანთი ოპერაციები _ ეს იმისთვის, რომ არავისთვის არ იყოს სიახლე, როცა ჩვენ ამაზე გვექნება რეაგირება.
_ ის, რომ ამ კომპანიებს ბიძინა ივანიშვილის ხეები გადააქვთ და მისთვის მუშაობენ, თქვენთვის დამაბრკოლებელი ხომ არ არის? ამ კითხვას იმ რეალობის გათვალისწინებით ვსვამთ, რაც ახლაა დგას.
_ ბატონ ბიძინას ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, მათ შორის გარემოს დაცვით ნაწილში და არაფერს ვამბობ სხვა მიმართულებებზე. ალბათ, ყველაზე მეტად ბატონი ბიძინას ინტერესშია და ის არის მოწადინებული, რომ ყველაფერი გაკეთდეს კანონმდებლობის შესაბამისად.
_ და რომ არ კეთდება?
_ ამ შემთხვევაში სამართალდამრღვევები მიიღებენ შესაბამის პასუხს, _ გვითხრა მინისტრმა, რომელსაც კანონდარღვევაზე რეაგირების კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია.