აზიური ფაროსანა საქართველოში 2016 წელს გავრცელდა და თხილის მოსავალი დააზიანა. თხილის გარდა, აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს.
ინვაზიური მავნებლის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა, დღეისათვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს და სამთავრობო კომისიის წევრი ყველა სახელმწიფო სტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
აზიური ფაროსანას მართვა, მისი პოპულაციის შემცირება და სასოფლო სამეურნეო კულტურების დაზიანებისა და მიყენებული ზარალის მინიმუმამდე დაყვანა_ ეს იმ სამოქმედო სამოქმედო პროგრამის მიზანია, რაც მიღებული გამოცდილების საფუძველზე და ქართველი და უცხოელი მეცნიერების/სპეციალისტების ჩართულობით შემუშავდა.
სახელმწიფო მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს ახორციელებს:
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე კერძო სავარგულებზე, სადაც აუცილებელია სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება.
უმნიშვნელოვანესია: ფერმერებმა დროულად და სრულყოფილად ჩაატარონ აგროტექნიკური და შეწამვლითი სამუშაოები საკუთარ სავარგულებში;
ბიზნეს-ორგანიზაციებმა უნდა განახორციელონ სახელმწიფოს მიერ მიწოდებული რეკომენდაციები საკუთარი საქმიანობის არეალში;
მოსახლეობამ შესაბამის სტრუქტურებს უნდა შეატყობინოს მავნებლის ინვაზიის შემთხვევების შესახებ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, შეძენილია 120 ერთეული მაღალი გამავლობის პიკაპი, ავტომანქანებზე დასამონტაჟებელი 70 ერთეული თერმული ნისლის გენერატორი, 50 ერთეული მცირემოცულობიანი სამანქანო შემასხურებელი, 100000 ფერომონი, 160000 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი, 200000 ლიტრი ზეთოვანი პირეტროიდული ინსექტიციდი.
აღნიშნული ინსექტიციდების და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია 250 000 ჰექტარი ფართობის დამუშავება 4 -ჯერადად.
რაც შეეხება კონკრეტულ ღონისძიებებს: ცივ პერიოდში მავნებელი იმყოფება გამოზამთრების ფაზაში, შესაბამისად, ამ ეტაპზე, მარტის ბოლომდე, მავნებლის წინააღმდეგ ეფექტიანია მხოლოდ მექანიკური ღონისძიებების გატარება. პარალელურად სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარეობს: საგანმანათლებლო ბეჭდური მასალების მომზადება; ვიდეორგოლებისა და კლიპების მომზადება; ინტერნეტ გვერდის შექმნა; სატელეფონო ცხელი ხაზის/საინფორმაციო ცენტრების შექმნა; მოსახლების შემდგომი ტრეინინგების მიზნით „ტრენერთა ტრეინინგი“ აღნიშნულ ღონისძიებებში ჩართული უწყებების, მათ შორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და კერძო სექტორის წარმომადგენლების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის ცენტრების, და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისათვის; ღონისძიებების ჩატარებისათვის დამატებითი პერსონალის შერჩევის პროცესის დაწყება მუნიციპალიტეტების მიხედვით; საველე პირობებში ჩასატარებელი სამუშაოებისათვის საჭირო ლოგისტიკური ცენტრების შერჩევა; სამეცნიერო მუშაობა – მავნებლის ბიოეკოლოგიური თავისებურებების დადგენისა და ბრძოლის ღონისძიებების ოპტიმიზაციის მიზნით, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან და სამეცნიერო წრეებთან მუდმივი კომუნიკაცია.
მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება: ფერომონიანი ხაფანგების განთავსების ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე; მოსახლების ინტენსიური ტრენინგი აღნიშნულ ღონისძიებებში ჩართულობის მიზნით და საგანმანათლებლო ბეჭდური მასალების გავრცელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე; სპეც ტექნიკის, ფერომონების, ინსექტიციდების და სხვა დამხმარე საშუალებების მიღება და დასაწყობება შესაბამის რეგიონებში.
აპრილში უკვე შეინიშნება ფაროსანას ეტაპობრივი გამოსვლა მოზამთრეობის ადგილებიდან, ხდება მათი თავმოყრა საცხოვრებელი სახლების ირგვლივ, ტყის პირებში, მიტოვებულ შენობებთან.
შესაბამისად: ფერომონიანი ხაფანგების განთავსება გაგრძელდება მაღალი რისკის ზონებში; მოხდება ადგილობრივი სპეციალისტების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მიერ სამონიტორინგე სისტემებზე ასახული ინფორმაციის მიღება და ანალიზი;
ფერომონიანი დამჭერების განთავსდება ტყისპირა ზოლებში მაღალი რისკის ადგილებში „მოიზიდე და მოკალი“ ტექნოლოგიის გამოყენების მიზნით და ამ ადგილების პერიოდულად ქიმიურად დამუშავდება; სამონიტორინგე სისტემებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მავნებლის მაღალი კონცენტრაციის ადგილებში (სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართობები, ჭალები, ტყისპირები, მიტოვებული შენობები) სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს შეწამვლით ღონისძიებებს სპეც. ტექნიკის გამოყენებით;
მაისში იწყება ფაროსანას მასობრივი გამოსვლა და მიგრაცია მოზამთრეობის ადგილებიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე და რისკის ქვეშ დგება დასავლეთ საქართველოში თხილის კულტურა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში თესლოვანი და კურკოვანი კულტურები, ასევე თავთავიანი კულტურები;
შესაბამისად, მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში სამონიტორინგე სისტემებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მავნებლის მაღალი კონცენტრაციის ადგილებში (სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართობები, ჭალები, ტყისპირები, მიტოვებული შენობები) სურსათის ეროვნული სააგენტო სპეც. ტექნიკის გამოყენებით განახორციელებს შეწამვლით ღონისძიებებს. როგორც „თერმული ნისლის“ გამოყენებით, ასევე მცირემოცულობიანი შემასხურებელი აგრეგატებით.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები.