საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე საერთაშორისო კონფერენციებსა და შეხვედრებზე საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინისტექნოლოგიის გამოყენების თემაზე მოხსენებით წარდგება.
პაპუნა უგრეხელიძე ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის ორგანიზებით დაგეგმილ კონფერენციაში „მიწა და სიღარიბე“ – 2018: მიწის მმართველობა ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში“ მიიღებს მონაწილეობას. იგი მოხსენებით „ბლოკჩეინი – საქართველოს გამოცდილების მეორე ფაზა -გონიერი კონტრაქტები“ თემატურ პანელზე „ბლოკჩეინის ტექნოლოგია მიწის ადმინისტრირებაში – გამოყენების მაგალითები“ წარდგება. პაპუნა უგრეხელიძე უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილებაზე დეტალურად ისაუბრებს.
საჯარო რეესტრის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ასევე, დეცენტრალიზებული მარკეტინგის პლატფორმის – HOQU-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „ნიუ იორკის ბიტკოინის კონფერენცია 2018.“ იგი შეხვედრაზე მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან ერთად ისაუბრებს ბლოკჩეინთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე, ბლოკჩეინის მარეგულირებელ სისტემაზე და ICO 2018 წლის სტანდარტებზე. კონფერენციაზე მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნების მაგალითებსაც განიხილავენ.
პაპუნა უგრეხელიძე მონაწილეობას მიიღებს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ „ინოვაციური დიალოგების“ ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრაში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე აღნიშნულ შეხვედრაზე გაეროს ექსპერტებს და მოწვეულ სტუმრებს გააცნობს საქართველოში მიმდინარე ტექნოლოგიურ რეფორმებს.
საქართველოს გამოცდილებას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ ასევე UNDP ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ბიუროსთან შეხვედრაზე.
სამომავლო თანამშრომლობის განხილვის და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ასევე, შეხვედრა გაიმართება, ინტერ-ამერიკული განვითარების ბანკთან (IADB), რომელიც ლათინურ და კარიბის ზღვის ქვეყნების მთავრობებთან ბლოკჩეინის დანერგვის მიმართულებით მუშაობს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამსახურის უფროს მარი ხარძიანთან და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერ ელენე გრიგოლიასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებს სამუშაო ვიზიტით 19-23 მარტს ეწვევა.