ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ პარლამენტში კანონპროექტის განხილვა გენდერული კვოტირების შესახებ არასწორი ფორმით მიმდინარეობს. მისი თქმით, გენდერული კვოტირება მისასალმებელია, თუმცა, საკითხის იმ ფორმით დაყენება თითქოს კანონპროექტს პარლამენტი ქალთა უფლებების გაზრდისთვის უჭერს მხარს არასწორია, რადგან, ნოზაძის თქმით, დღეს ქალთა უფლებები მაქსიმალურად დაცულია.
,,ამ თემაზე შარშანაც იყო საუბარი და მაშინ მხარი დავუჭირე გენდერულ კვოტირებას, მაგრამ არ დაგიმალავთ გეტყვით, რომ დღეს სხვა ფორმა მიიღო კანონპროექტის განხილვამ. სიტუაცია ისე გამოჰყავთ თითქოს ქალის უფლებები შელახულია და კანონპროექტის მიღებით უნდათ საკითხის გადაწყვეტა. ეს არ მომწონს, თორემ, ზოგადად, პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას მივესალმები. ჯერჯერობით, დებატებში არ ჩავრთულვარ და როდესაც განხილვა დაიწყება ჩემს აზრს დავაფიქსირებ. სავარაუდოდ, მხარს დავუჭერ გენდერულ კვოტირებას, მაგრამ არ მინდ, კანონპროექტის განხილვამ არასწორი ფორმა მიიღოს. საქართველოში ქალის უფლება არ არის შელახული, ეს ისტორიულად მოგვდევს ასე.
მე დავუჭერ მხარს კანონპროექტს, მაგრამ მიზეზები მოვიძიოთ, რატომ არ მიდის ქალი პოლიტიკაში. ჩემი აზრით, ქალი იმიტომ არ მიდის პოლიტიკაში, რომ ოჯახის ტვირთი აქვს საზიდი. თუ გვინდა ქალის პოლიტიკაში შესვლას შევუწყოთ ხელი, წვრილ-წვრილი მიზეზები უნდა აღმოვფხვრათ.
მერწმუნეთ, როდესაც შვილები ნორმალურ ბაღებსა და სკოლებში ივლიან, ქალი უფრო მარტივად შეძლებს პოლიტიკაში შესვლას. ზოგიერთი ამ კანონპროექტს ქალის უფლებების გაზრდისთვის უჭერს მხარს. მერწმუნეთ, ქალის უფლებებს გაზრდა არ სჭირდება, რადგან საქართველოში 1921 წლის პარლამენტმა 3 ქალბატონი შეიყვანა საკანონმდებლო ორგანოში, რასაც ევროპის სხვა ქვეყნებზე ვერ ვიტყვით“, _ განაცხადა სიმონ ნოზაძემ.
ცნობისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირება, პროპორციული საარჩევნო სისტემის გარდა, შესაძლოა, მაჟორიტარულ სისტემაზეც გავრცელდეს.