“ქართულ ოცნებაში“ გენდერულ კვოტირებას რამდენიმე დეპუტატი ეწინააღმდეგება, მათ შორის არის რევაზ არველაძე. როგორც ,,გურია ნიუსთან“ მმართველი გუნდის წარმომადგენელი აცხადებს, პარლამენტში ,,გენდერული კვოტირების შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტი ქალბატონებისთვის შეურაცხმყოფელია.
,,პირადად ჩემთვის გენდერული კვოტირება არ არის მისაღები, რადგან ვთვლი, რომ ეს არის ქალების შეურაცხყოფა. გამოდის თითქოს ქალები დაბალი დონის გვგონია და შეღავათებს ვუკეთებთ, რომ ჩავსვათ სიაში.
ქალები პოლიტიკაში არ არიან, რაც იმის ბრალია, რომ თავის დროზე, ალბათ, არ ჩათვალეს საჭიროდ ან საკმარისად ვერ დააფასეს, რომ სიაში შეეყვანათ. არ ვთვლი, რომ აღნიშნული პრობლემა კვოტირებით უნდა გადაწყდეს. მგონია, რომ ამით შეურაცხყოფას ვაყენებთ ქალებს”, _ გვითხრა არველაძემ.
ცნობისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირება, პროპორციული საარჩევნო სისტემის გარდა, შესაძლოა, მაჟორიტარულ სისტემაზეც გავრცელდეს.