საქართველოში ტუბერკულოზთან ბრძოლის კვირეული მიმდინარეობს და ის 24 მარტს, ტუბერკულოზის მსოფლიო დღეს ბათუმში დასრულდება.
ტუბერკულოზთან ბრძოლის კვირეულის მიზანი მოსახლეობის ცოდნის ამაღლებაა.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, ტუბერკულოზი მორჩენადი დაავადებაა, თუ მოსახლეობა გამოკვლელებს დროულად ჩაიტარებს.
„ამ კვირის ძირითადი მიზანია მოსახლეობას შევახსენოთ ტუბერკულოზის ნიშნები, რომ ეს არის გახანგრძლივებული ხველა, მომატებული ტემპერატურა, ოფლიანობა, სისუსტე. ამ დროს აუცილებელია მივმართოთ ექიმს, გამოკვლევა ჩავიტაროთ და თუ დადგინდა დაავადება, ეს არ არის სტიგმის საფუძველი. ხაზი გაესვას იმას, რომ ტუბერკულოზი გახლავთ მორჩენადი დაავადება. წელიწადში იყო 5 000 შემთხვევა, დღეს ჩამოსული ვართ 2 000 შემთხვევაზე. დაავადებულების 85%-ზე მეტი იკურნება“,_ამბობს გამყრელიძე.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას დაავადებასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი აქვს, ევროკავშირის მაჩვენებლებისგან შორსაა და სერიოზული მუშაობაა საჭირო მიღწეული შედეგის გასაუმჯობესებლად.
„სამწუხაროდ ტუბერკულოზი ჯერ კიდევ გლობალური პრობლემაა. 10 მილიონი ადამიანი ყოველწლიურად ავადდება, დაახლოებით მილიონ ნახევარი იღუპება. განსაკუთრებით ბევრი შემთხვევაა ინდოეთში, ჩინეთში და კიდევ 6 ქვეყანაში. საქართველოში ჩვენ გვაქვს პროგრესი, ანუ ახალი შემთხვევების რიცხვი მოდის ქვემოთ. რეზიდენტული შემთხვევებიც ასევე მცირდება, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ევროკავშირის მაჩვენებლებისგან და გვინდა სერიოზული მუშაობა. პირველ რიგში კვირის განმავლობაში დაწყებული ორშაბათიდან და მოგეხსენებათ 24 შაბათია და ბათუმში იქნება ტუბერკულოზის დღის აღნიშვნა და პირველად იქნება ეს თბილისის გარეთ“,_ამბობს გამყრელიძე.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, აჭარის ტუბერკულოზისგან გათავისუფლება იგეგმება.
„აჭარა ტუბერკულოზისგან მომდევნო 6 წელში სრულად უნდა გათავისუფლდეს. პარტნიორობა ყალიბდება ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის და ძალიან გვინდა, დავიწყოთ აჭარით და შემდეგ მთელ საქართველოზე გავრცელდეს ეს პროცესი. პროგრესი ანუ დინამიკა გვაქვს დადებითი. ტუბერკულოზი არის დაავადება, რომლის მკურნალობასაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს“,_ამბობს გამყრელიძე.
მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ქვეყანას დაავადებასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი აქვს, აქტიურად თანამშრომლობს ამერიკელ პარტნიორებთან.
„დღეს და ხვალ იწყება ძალიან დიდი ტელემედიცინის პროექტი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან. რთული შემთხვევების გარჩებვა ტელეხიდით მოხდება. სერიოზული სამეცნიერო კავშირები გვაქვს ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან და ესეც ვითარდება. 2 ამერიკელი რეზიდენტი, ახალგაზრდა ექიმი გადის ტრენინგს ტუბერკულოზის ცენტრში, ჩვენებიც მიდიან იქ“,_ამბობს გამყრელიძე.
ამავე თემაზე:
„თუ დროულად მოვა, ყველაფერი კარგად იქნება“_ „პლანეტის მწვანე ფილტვების“ აქცია