საქართველოს პარლამენტში დღეს კენჭი გენდერული კვოტირების საკითხს უნდა უყარონ.
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ის მხარს უჭერს ამ ინიციატივას: “მგონია, რომ საქმე არის საკმაოდ მარტივად. საქართველოს უკავია 130-ე ადგილი მსოფლიო ქვეყნებს შორის ქალთა წარმომადგენლობის კუთხით.
საქართველოს პარლამენტში არის ძალიან მცირე რაოდენობით წარმოდგენილი ქალბატონები, რაც ვფიქრობ, არის შემაშფოთებელი მაჩვენებელი. ზოგადად, ჩვენი მეგობრებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის, ქალთა მონაწილეობის ზრდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში არის ქვეყნის საერთო პროგრესის მნიშვნელობის ინდიკატორი. ასე აღიქმება ეს ყველაფერი ჩვენი მეგობრების და ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ესეც არის ერთ–ერთი არგუმენტი ჩემთვის, რომელიც მიმყარებს რწმენას, რომ მნიშვნელოვანია, გავზარდოთ ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში. ამის გაკეთება იქნება ძალიან რული და წაიღებს ძალიან ბევრ დროს გენდერული კვოტების ამოქმედების გარეშე და ეს პროცესი იქნება ნელი.
თუ ჩვენ გვინდა, რომ სწრაფ წინსვლას მივაღწიოთ ამ მიმართულებით მომდევნო წლების განმავლობაში, ზუსტად ამას უზრუნველყოფს კვოტირების შემოთავაზებული მოდელი.
ის, რომ საქართველოს პარლამენტში 15%-ით არიან წარმოდგენილი ქალბატონები, არ არის ბუნებრივი მდგომარეობა და ეს მოცემულობა არ ასახავს საზოგადოებაში არსებულ ვითარებას, არსებულ ბალანსს და რეალურ მდგომარეობას. რეალურად წარმოდგენილია ძალიან მკვეთრი დისბალანსი საზოგადოებაში არსებულ სურათსა და საპარლამენტო წარმომადგენლობას შორის.
ის, რომ კვოტირება არის ხელოვნური ჩარევა, ამაზე, ბუნებრივია, არავინ დაობს, თუმცა, ეს არის ხელოვნური ჩარევა, რომლის მიზანიც არის ბუნებრივი პროპორციის უზრუნველყოფა. ანუ, ხელოვნური ჩარევა ხორციელდება იმისთვის, რომ ბუნებრივი სურათი და ბუნებრივი პროპორცია ჩამოყალიბდეს პარლამენტში.
ის, რომ 15 %-ით არიან წარმოდგენილი ქალები საქართველოს პარლამენტში არავითარ შემთხვევაში არ ასახავს არსებულ ვითარებას. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რა რესურსია საქართველოში ქალბატონებში. მე ვმუშაობდი წლების განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებში, სადაც ადამიანებს სამსახურებში იყვანდნენ ობიექტური კონკურსების საფუძველზე, და მე შემიძლია გითხრათ რომ ამ ორგანიზაციებში წამყვან პოზიციებზე უმეტესად აჰყავდათ ქალები.
იქ, სადაც ტარდებოდა ობიექტური კონკურსები თანამდებობებს, მათ შორის მაღალ თანამდებობებს, მენეჯერულ თანამდებობებს, ექსპერტულ თანამდებობებს იკავებდნენ ქალები. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში ქალებში არის იმაზე მეტი რესურსი და პოტენციალი, ვიდრე ჩვენ ვიყენებთ საპარლამენტო ცხოვრებაში.
ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელსაც სჭირდება ცვლილება და რომელიც ექვემდებარება ცვლილებას და ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს.
ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს არა მარტო უფრო მაღალ ჩართულობას ქალბატონებისას საპარლამენტო ცხოვრებაში, არამედ ეს ნიშნავს უფრო ძლიერ პარლამენტს”, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მათ აქვთ ძალიან კარგი გამოცდილება 2016 წლის არჩევნებიდან: “როდესაც ჩვენ ვაყალიბებდით საპარლამენტო სიას, მაშინ ერთგვარი ბუნებრივი კვოტა მოქმედებდა „ქართულ ოცნებაში”. ეს ბუნებრივი კვოტა რომ არ გვქონოდა, მაშინ შეიძლება ნაკლები ქალი შემოსულიყო პარლამენტში. თუმცა, ჩვენ თავს ძალა დავატანეთ და შევიყვანეთ იმაზე მეტი ქალი პარლამენტში, ვიდრე ეს შეიძლება მომხდარიყო, ასე ვთქვათ, ჩვენი შიდა კვოტის არსებობის გარეშე _ საუბარი მაქვს ვირტუალურ კვოტაზე.
შედეგი არის შთამბეჭდავი. თუ ჩვენ გადავავლებთ თვალს საპარლამენტო თანამდებობებს, ვნახავთ, მიუხედავად საერთო წარმომადგენლობაში ქალბატონების 15%-ისა, საქართველოს პარლამენტში. ქალები იკავებენ მაღალ თანამდებობებს და ყოველი მესამე მაღალი თანამდებობის პირი საქართველოს პარლამენტში არის სწორედ ქალბატონი. ეს, ზუსტად იმაზე მიანიშნებს, რომ ძალიან დიდი გამოუყენებელი რესურსი და პოტენციალია ქალბატონებში, რასაც სჭირდება სათანადო გამოყენება.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ _ კვოტირება სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
მე ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს გუშინწინ გამართულ დისკუსიას საქართველოს პარლამენტში და ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო ის ემოციური დამოკიდებულება, რომელსაც იწვევს ეს საკითხი. ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ შეიძლება მკვეთრად ნეგატიურად შეფასდეს კვოტირება.
რაც შეეხება დადებით ასპექტებს, გარკვეული არგუმენტები, რა თქმა უნდა, არის ორივე მხარეს, თუმცა, იმ არგუმენტებმა, რომელიც წარმოდგენილი იყო კვოტების წინააღმდეგ, მე ნამდვილად ვერ დამარწმუნა.
ამ დროს არსებობს ძალიან ბევრი არგუმენტი კვოტირების სასარგებლოდ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინსტრუმენტის დანერგვა პარლამენტში და საარჩევნო სისტემაში.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 130-ე ადგილი და 15% არის შემაშფოთებელი საქართველოსთვის.
ჩვენ, რა თქმა უნდა, წლიდან წლამდე გვაქვს პროგრესი, მაგრამ ეს პროგრესი არის მინიმალური და ჩვენ ამას არ უნდა შევეგუოთ. კვოტირების საფუძველზე, სულ მცირე, 25%-ით უნდა გაიზარდოს ქალთა წარმომადგენლობა“, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.